ხელოვნება

ხელოვნების მფარველები

"მომწონს ფული კედელზე. თქვით, რომ 200 000 დოლარად აპირებთ ნახატის ყიდვას. ჩემი აზრით, ეს ფული ერთად უნდა შეკრათ და კედელზე დაკიდოთ. როდესაც ვინმე მოგინახულებთ, პირველი, რასაც დაინახავენ, იქნება ფული კედელზე".

ენდი უორჰოლი

 

ხელოვნების ნიმუშების შეგროვება ძვირადღირებული ჰობია. ზოგიერთი, არცთუ ისე ცოტა, აღიარებული და ცნობილი ტილოს ან სკულპტურის ფასი ექვსნიშნა ციფრებით გამოისახება. დღეისთვის ხელოვნების ბაზარი ერთ-ერთია, სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს. აუქციონებზე, ნადირობის აზარტს აყოლილი მდიდრები მზად არიან, ნებისმიერ ფასად მოიპოვონ „ტრიუმფი” – ბუნებრივია, ამ დროს ხელოვნების ნიმუშის თავისთავადი, ესთეტიკური ღირებულება უკან ინაცვლებს. აზარტისა და აღტაცების მთავარ სტიმულად კი ფული იქცევა – რაც უფრო მეტს იხდის მყიდველი, მით უფრო შთამბეჭდავია მისი ტრიუმფიც.

თანხებზე წარმოდგენის შესაქმნელად, დღეისთვის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარი, რომლის ფასიც ცნობილია, ჯექსონ პოლოკის ფერწერული ტილო „ნომერი 5, 1948” გახლავთ – 2006 წელს მასში 140 მილიონ დოლარი გადაიხადეს. აქვეა პიკასოს, კლიმტისა და ვან გოგის რეკორდულ ფასად გაყიდული ნამუშევრები. აუქციონებსა და გამოფენებზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ოდენობის თანხები იხარჯება. „ჰაერში რაღაც უცნაურს იგრძნობდით – თავად ფულის აღუწერელ არომატს”, – ასე აღწერს თავის სტატიაში ხელოვნების კრიტიკოსი, ბლეიქ გოპნიკი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ „არტ ბაზელი მაიამი-ბიჩის” სამხატვრო ბაზრობას. მაგალითისთვის, ამ ბაზრობაზე 2.5 მილიონ დოლარად გაიყიდა დამიენ ჰირსტის ნამუშევარი – ქირურგიული ინსტრუმენტებით სავსე შუშის კაბინა.

ამრიგად, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ხელოვნების ბაზარი ფულის ნაკლებობას არ განიცდის. 2011 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვებმა 6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2010 წლისაზე 34%-ით მეტია.

ხშირად ეს თანხები ხელოვნების მოყვარულებს და კრიტიკოსებსაც სასაცილოდ და შეუსაბამოდ ეჩვენებათ. ბაზარზე კი სხვები თამაშობენ – გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ძვირადღირებული, მილიარდობით დოლარის ღირებულების კოლექციების პატრონები ბიზნესმაგნატები არიან. თანაც, ხელოვნების ბაზარს თუ გადავხედავთ, დავინახავთ – ვისაც ფული აქვს, როგორც წესი, თანხმდებიან, თუ რა არის საუკეთესო – მიუხედავად იმისა, რომ გემოვნება ინდივიდუალურია. ფასის იარლიყი, რომელზეც მეტი ნული წერია, გასაყიდ ნივთს საყოველთაო სურვილის ობიექტად აქცევს.

რამდენიმე თვის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა კვლევა ჩაატარეს. ტვინის გარკვეული უბნების სკანირებისას დადასტურდა, რომ ხელოვნებისგან მიღებული სიამოვნება დიდწილად დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რომელსაც დამთვალიერებელს აწვდიან და არ არის „ობიექტური”. ზუსტად ისევე, როგორც ღვინის ბოთლის ფასის ცოდნა მოქმედებს გემოს აღქმაზე. კვლევის მონაწილეებს მონაცვლეობით აჩვენებდნენ რემბრანდტის ორიგინალ და მისი მიბაძვით შექმნილ ნამუშევრებს. აღმოჩნდა, რომ დამთვალიერებელს ნახატი უფრო მოსწონს, როდესაც იცის, რომ ის რემბრანდტისაა. მაშინაც კი, როცა სინამდვილეში, შესაძლოა, ეს ფერწერული ტილო სულაც არ იყოს ამ აღიარებული მხატვრის ნამუშევარი. ამიტომაა, რომ ცნობილი ნახატის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, მის ფასს ავტომატურად ემატება რამდენიმე ნული – მაშინ როცა ნამუშევარი, ბუნებრივია, არ იცვლება. მთავარი უპირატესობა არა თავად ნახატში, არამედ, პირობითად, სახელ „რემბრანდტშია”.

ხელოვნების ნიმუში, იქნება ეს ნახატი, სკულპტურა თუ რაიმე სხვა, უნიკალურია. განსხვავებით, ვთქვათ, მუსიკალური ჩანაწერისაგან, რომლის მილიონობით ასლის გაკეთებაა შესაძლებელი და თითოეული მათგანი „ნამდვილი” და ერთნაირია, აქ მხოლოდ ერთი ორიგინალი არსებობს – ეს ნივთის ფასს ზრდის. ღირებულება იმატებს მაშინაც, თუ ახალ მეპატრონემდე ამ ნივთის მფლობელი ცნობილი, აღიარებული ადამიანი იყო. მაგრამ ეს ვერ პასუხობს კითხვას: მაინც რატომ არიან მზად ადამიანები, გადაიხადონ ასობით მილიონი ნივთში, რომელსაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვა აქვს?

რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ამ მოქმედებაში პრაქტიკული ხასიათის მოტივაციებიც ვეძებოთ. მაგალითად, ფულის ინვესტიცია, კაპიტალდაბანდება ნივთში, რომელიც, შესაძლოა, შემდგომში უფრო გაძვირდეს. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის: ხელოვნების ბაზარზე ფასების რეკორდულ ნიშნულამდე აწევას ბევრი მორიგ საბაზრო ბუშტადაც მიიჩნევს. კულტურის ეკონომისტები იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლოა, რომელიმე თანამედროვე ხელოვანის შემოქმედებაში გადახდილი ასიათასობით დოლარი სულაც არ აღმოჩნდეს გონივრული ინვესტიცია.

ამრიგად, პრაქტიკული მიზნები რეკორდულ ფასებს კარგად ვერ ხსნის. ნამუშევრის შეფასების საყოველთაო, მარტივად გაზომვადი კრიტერიუმი მისი ფასია. თუმცა ზოგიერთი სოციოლოგი მიიჩნევს, რომ აქ საქმე ნაკლებად გვაქვს ფინანსების კლასიკურ გაგებასთან – ფულს განსხვავებული, კულტურული ღირებულება ენიჭება. აუქციონზე დახარჯული ფულიც „კულტურული დოლარებია”, რომელთაც საკუთარი ლოგიკა აქვთ.

ხელოვნებისა და ფულის კავშირს საინტერესოდ ხსნის თანამედროვე ჰოლანდიელი სოციოლოგი, ოლავ ველტუისი. ამ სფეროში ფასებს მნიშვნელობათა მთელი ქსელი განაპირობებს, სადაც მოგების ალბათობა მხოლოდ ერთ-ერთია. ფასი მჭიდროდ უკავშირდება და განაპირობებს ნიმუშის ხარისხს, მისი მფლობელის რეპუტაციასა და სტატუსს. განსხვავებით მუსიკალური ან ლიტერატურული ბაზრისგან, მისი წარმატება არა გაყიდვებს, არამედ – სწორედ ფასების ზრდას უკავშირდება.

იმ პირობებში, როცა ხელოვნების ნიმუშის შესაფასებლად განსაზღვრული კრიტერიუმები არ არსებობს, მაღალი ფასი თავისთავად ხდება ხარისხის მანიშნებელი. მყიდველიც, როგორც წესი, კმაყოფილებას გადახდილი თანხის ოდენობიდან და არა შეძენილი ნივთისგან იღებს. გარდა ამისა, რომელიმე ხელოვანის ნამუშევრის გაძვირება უტყუარი მესიჯია – მისი შესყიდვა უსაფრთხოა. კოლექციონერს, რომელიც დარწმუნებული არ არის თავის გადაწყვეტილებაში და მისი სისწორის საყოველთაოდ აღიარება სჭირდება, შეუძლია, მშვიდად იყოს – თუ ამ სფეროში საკმარისი კომპეტენცია არ აქვს, მაღალი ფასი მისი „ესთეტიკური ხედვის” გარანტად იქცევა.

ეს გავლენას ხელოვანებზეც ახდენს – ფასის დაწევა მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ თვითშეფასებასა და ღირსებაზე. ამიტომ, ამ ბაზარზე მაქსიმალურად ცდილობენ, ფასების ვარდნა თავიდან აიცილონ ან რამენაირად შენიღბონ. კულტურის ეკონომისტები ამბობენ, რომ ხშირად დილერები ნამუშევარს ზედმეტად დაბალ ფასსაც კი ადებენ, სანამ ერთი მყიდველი მაინც არ გამოჩნდება. შემდეგ ფასი იზრდება.

ამრიგად, ხელოვნების ნიმუშის ფასი არტდილერებს, კოლექციონერებსა და ხელოვანებს შორის იერარქიულ სტატუსებს აწესებს. ის საუკეთესო საშუალებაა კოლექციონერისთვის, წარმოაჩინოს უბადლო „ესთეტიკური ხედვა” ანაც ხელოვნების სამყაროში გმირის როლი მოირგოს. ამიტომაც, ხელოვნების ბაზარზე მონაწილეობა, უკვე თავისთავად ემოციური კმაყოფილების საგანია.

გადამწყვეტი, როგორც წესი, სწორედ პრესტიჟის ფაქტორია. ხელოვნების ბაზარზე რუსეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან თუ ბრაზილიიდან ახალი ფულის შემოდინება, დასავლურ მეინსტრიმში „ჩაწერის” სურვილით აიხსნება. იმიჯი მნიშვნელოვანი რამაა, ხოლო ფულის სწორად დახარჯვა შეძენილ სტატუსად ღირს – ხელოვნების მფარველი.

 

 

კომენტარები