პრეზიდენტის ვიზიტი

სააკაშვილის რჩევა არაბული გაზაფხულის შედეგად მოსულ მთავრობებს

ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მასპინძელი მხარეები აშშ-ს მშვიდობის ინტიტუტი და ატლანტიკური საბჭო იყო, საქართველოს პრეზიდენტმა პოსტრევოლუციური საზოგადოების მშენებლობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე, მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ვარდების რევოლუციის მნიშვნელობა აღნიშნა მშვიდობის ინტიტუტის პრეზიდენტმა რიჩარდ სოლომონმა, ვარდების რევოლუციას მან უწოდა ”უაღრესად დადებითი მოვლენა” პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლაში ”არაბულ გაზაფხულად” წოდებულ მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ პროტესტის ეს ტალღა გაცდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს და რუსეთის ქალაქებიც მოიცვა. საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა თუ როგორი იყო საქართველოს რეალობა 2003 წლის რევოლუციამდე: ქრონიკული ენერგოკრიზისი, კორუფციის მასშტაბები და ა.შ . მან განმარტა, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი კორუფციის აღმოფხვრა გახდა. მიღწევების დასადასტურებლად სააკაშვილმა მსოფლიო ბანკის კვლევა მოიშველია და ”არაბული გაზაფხულის“ შედეგად მოსულ ხელისუფლებებს წარმატების რეცეპტად შესთავაზა - რეფორმების შეუქცევადი განხორციელება, თუნდაც ამან მათ პოპულარობას საფრთხე შეუქმნას.

 

კომენტარები