გადასახადები

ალტერნატიული გადასახადი

შემოსავლების სამსახურმა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ალტერნატივა შეიმუშავა. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ალტერნატიული საგადასახადო მექანიზმი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც შემოსავლების სამსახური საგადასახადო განაკვეთებს დაადგენს.

შემოსავლების სამსახურის ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეები ორ ძირითად კატეგორიად დაიყოფიან – მოვაჭრე მცირე მეწარმე და მომსახურე მცირე მეწარმე. ფიქსირებული გადასახადი ამ მეწარმეებზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ისინი მხოლოდ ფიზიკურ პირებზე არიან ორიენტირებულნი და ხარჯის ან დღგ-ს გადასახადის დოკუმენტაცია არ სჭირდებათ.

ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება.

მომსახურე მცირე მეწარმის შემთხვევაში დადგინდება ტარიფის ქვედა და ზედა ზღვრები (1-დან 2 ათას ლარამდე). შემდეგ, კონკრეტული სფეროსთვის გადასახდელი თანხის ერთეული და ფიქსირებული თანხის ოდენობა დაწესდება. მაგალითად, სილამაზის სალონის შემთხვევაში გადასახდელი თანხის ერთეული შეიძლება სავარძელი იყოს. გადასახადის ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის მეწარმეებს მოეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება და აღარ დაიქირავებენ ბუღალტერს.

მოვაჭრე მცირე მეწარმის შემთხვევაში მოგების გადასახადი ბრუნვის 3%-იანი გადასახადით განისაზღვრება. საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება არც ამ კატეგორიის მეწარმეებს მოუწევთ, თუმცა სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ექნებათ: 3%-იანი გადასახადის დაანგარიშება სწორედ სალარო აპარატით განსაზღვრული შემოსავლიდან მოხდება.

ორივე კატეგორიის მეწარმეებს დღგ-ს გადამხდელად აღრიცხვისთვის 100 000-ლარიანი ზღვარი მოეხსნებათ: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწარმის შემოსავალი ამ ზღვარს გადააჭარბებს, შეძლებს დღგ არ გადაიხადოს და ისევ ფიქსირებული გადასახადის გადახდა გააგრძელოს.

საგადასახადო კოდექსი ამ დრომდე მცირე ბიზნესს განსხვავებულ კატეგორიებად ყოფს: მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი საგადასახადო კოდექსში 2010 წლის სექტემბერში შემუშავებული ცვლილებების შედეგად გაჩნდა. მიკრობიზნესის სტატუსით სარგებლობენ მეწარმეები, რომელთა წლიური ბრუნვაც 30 ათას ლარზე ნაკლებია. ეს მეწარმეები საშემოსავლო გადასახადისა და სალარო აპარატის გამოყენებისგან გათავისუფლდნენ. მცირე ბიზნესის სტატუსით კი ის მეწარმეები სარგებლობენ, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 ათას ლარზე ნაკლებია. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესის შემოსავალი 3-დან 5%-მდე იბეგრება. შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრით სარგებლობენ ისინი, ვინც საგადასახადო ორგანოში მთლიანი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს. სალარო აპარატების გამოყენება არც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს სჭირდებათ.

მცირე ბიზნესის ასეთმა დაყოფამ, შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის თქმით, ბიზნესის დახლეჩა და სულ მცირედ დარჩენის მოტივაციის განმტკიცება გამოიწვია: დღგ-ს 18%-იანი გადასახადის თავიდან აცილების მიზნით, 100 ათასიანი ზღვრის მიახლოების შემთხვევაში, ბიზნესი რამდენიმე მცირე მეწარმედ დაშლას ამჯობინებდა. ალტერნატიული გადასახადის შემთხვევაში, 100 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.

კონკრეტული სექტორებისთვის შეღავათების დაწესება ადმინისტრირებისთვის გაცილებით უფრო რთული სქემაა, ვიდრე ყველასთვის ერთი და დაბალი გადასახადის არსებობა. თანაბრად დაბალი გადასახადების პირობებში, ბიზნესს რეინვესტირებისთვის მეტი თანხა დარჩებოდა. ქვეყანაშიც მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა. გაიზრდებოდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. მეტი თანხით კი უფრო ეფექტურად შემცირდებოდა დეფიციტი და ხანგრძლივ პერსპექტივაში – გადასახადებიც.

 

კომენტარები