ხელოვნება

აბუ-გრეიბი კოლუმბიურად

0 კომენტარი

'ხელოვნება გამოუსადეგარია იმ გაგებით, რომ მომხდარის მომენტში ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ დროთა განმავლობაში იგი შემახსენებელ ფუნქციას იძენს. როდესაც მედია მოვლენისადმი ინტერესს კარგავს, სწორედ ხელოვნება გვახსენებს მომხდარის შესახებ'.

ფერნანდო ბოტერო

პრეისტორია
2004 წელს, ამერიკული ტელეარხის, CBS-ის მიერ ნაჩვენებმა სიუჟეტმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. რეპორტაჟი აბუ-გრეიბის ციხეში ამერიკელ ჯარისკაცებს ერაყელი პატიმრების წამებაში ამხელდა. ერაყის დროებითმა ხელისუფლებამ ამ ფაქტს „ერაყელთა ადამიანური ღირსების განადგურებისკენ მიმართული საძულველი ქმედება” უწოდა. პატიმრების ჩვენებების მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ და სასტიკად აწამებდნენ მათ, საკვებს ციხის ტუალეტებში უყრიდნენ და უნიტაზებიდან ამოღებასა და ჭამას აიძულებდნენ. ართმევდნენ საწოლებს, საკნებში წყალს უსხამდნენ და პირდაპირ სველ იატაკზე, ტალახში აძინებდნენ. ყველაფერ ამას კი მუდამ ფოტოფირზე აღბეჭდავდნენ. 2004 წლის ნოემბერში პირველად გამოქვეყნდა ფოტოები დაღუპული პატიმრის, მანადელ ალ-ჯამადის ნაწამები, ხელფეხშეკრული სხეულის ფონზე ამერიკელი ჯარისკაცების, საბრინა ჰარმანისა და ჩარლზ გრეინერის მომღიმარი სახეებით. 2005 წლის თებერვალში კი სააგენტომ Associated Press განაცხადა, რომ პატიმარი დაკითხვისას გამოყენებულ წამების მეთოდებს შეეწირა. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეტ როტმა აღნიშნა: „აშშ-მა დაკარგა მორალური უპირატესობა და დასწია საერთაშორისო წესების დონე, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების საერთაშორისო კონფლიქტებში დასაცავად იყო შექმნილი”.

პენტაგონის განცხადებით, „თავდაცვის სამინისტროს არცერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი არ ამართლებდა პროგრამას, რომელიც ხსენებულ ფოტოებზე ასახულ მოვლენებს გამოიწვევდა”. 2005 წლის იანვარში გამართულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი

ბრალდებულის, ჩარლზ გრეინერის ადვოკატმა განაცხადა, რომ გრეინერი მხოლოდ ზემდგომთა ბრძანებებს ასრულებდა, რისთვისაც ქებასაც იმსახურებდა. თავად გრეინერმა იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი პოზიტიურ ნოტაზე დასრულდებოდა და იგი პროცესის დამთავრებამდე სახეზე ღიმილის შენარჩუნებას შეძლებდა.

„ეს ფოტოები იმ კულტურის ილუსტრაციაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, – ამერიკის ჭეშმარიტი ბუნების გამოხატულებად შეაფასა ეს მოვლენა სიუზან ზონტაგმა, – უსირცხვილობის, შეუფარავი და უპატიებელი სისასტიკით აღფრთოვანებული კულტურისა”.

გამოფენა
2005 წელს პირველად გამოიფინა „ყველაზე ცნობილი ცოცხალი კოლუმბიელი ხელოვანის” (როგორც მას საერთაშორისო მედია მოიხსენიებს), ან გნებავთ, „ყველაზე კოლუმბიელის კოლუმბიელ ხელოვანთა შორის” (როგორც საკუთარ თავს უწოდებს) – ფერნანდო ბოტეროს სერია „აბუ-გრეიბი”. 50 ნახატისგან შემდგარი სერიის რამდენიმე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით ვენაში, „ბანკ ავსტრიის” ხელოვნების ფორუმზე, ბოტეროს პერსონალური ექსპოზიციის ფარგლებში წარმოადგინეს.

აბუ-გრეიბის სერია, საგამოფენო სივრცის ბოლო დარბაზში იყო განთავსებული. არადა, სხვა დარბაზებში წარმოდგენილი მთელი ექსპოზიცია, ეს იყო მშვიდი ოჯახური სცენების, ნატურმორტების, პეიზაჟების, უსქესო და უემოციო, ინფანტილური სახეების მქონე პორტრეტები, რასაც სრულიად მოულოდნელად, ბოლო დარაზში განთავსებული აბუ-გრეიბი მოჰყვებოდა – აღორძინების ეპოქის წმინდანების წამების სცენების მსგავსი უზარმაზარი ტილოებით; ფერების მკვეთრი პალიტრით, შესრულების პრიმიტივისტული მანერითა და სამხრეთ ამერიკული ხელოვნების ნაზავით. ბოტეროს თქმით, სერიის არცერთი ნახატი არ გაიყიდება, რადგან „ამგვარ თემაზე ფულის კეთება არაეთიკურია”.

მხატვარსა და მოქანდაკეს – რომელსაც ერთ დროს ხელოვნება უწყინარ, რაიმეს შეცვლის უნარისაგან დაცლილ ცნებად მიაჩნდა, აზრი

საბოლოოდ სწორედ აბუ-გრეიბის გახმაურებულმა საქმემ შეაცვლევინა: „მივხვდი, რომ ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ მკაცრი განცხადებების კეთებაა”. ფერნანდო ბოტეროს „აბუ-გრეიბი” ხელოვნებაში ამერიკისადმი სწორედ იმ „ახალი”, გადაფასებული და კრიტიკული დამოკიდებულების ერთ-ერთი ნიმუშია, რამაც აშშ-ს მსოფლიოს მხსნელის რეპუტაცია შეურყია.

ბოტერო
1932 წელს, კოლუმბიის მთებში, პატარა ქალაქ მედელინში, ვაჭრის ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ბიძამ იეზუიტების სკოლაში გააგზავნა. 1944 წელს სწავლა მატადორების სპეციალიზებულ სკოლაში განაგრძო.

ძირითადად, პარიზსა და ნიუ იორკში ცხოვრობს. სკანდალური სახელი 2004 წელს, კოლუმბიის ომის თავის ნამუშევრებში ასახვის შემდეგ მოიპოვა, რის გამოც სამშობლოში დაცვის გარეშე ვეღარ ჩადის.

მისი პრიმიტივისტული მანერა, ფერების მკვეთრი პალიტრა, მარტივი სიუჟეტური ხაზი და „დიდი ადამიანები” (როგორც ბოტეროს ფიგურებს კრიტიკოსები უწოდებენ) ზოგს ინდიელების ხელოვნებას, ზოგს კათოლიკურ იკონოგრაფიას, ზოგს კი აღორძინების ეპოქის ფერწერას აგონებს. როგორც თვითონ ამბობს, ფერებსაც და ფორმასაც ინტუიციურად ირჩევს. მხოლოდ ნამუშევრის დასრულების

შემდეგ იწყებს ნახატის რაციონალურ გაანალიზებას:

„დიახ, მე კოლუმბიაში გავიზარდე, რელიგიურ, უფრო სწორად, ეკლესიურ ატმოსფეროში, მაგრამ მერწმუნეთ, დიდად რელიგიური არ ვარ. ხელოვნების ისტორიის მცოდნე უფრო მეთქმის. 3 წლის განმავლობაში იტალიაში ვცხოვრობდი და მთელმა ამ იკონოგრაფიამ, იესოს გამოსახულებებმა, ტანჯვა-წამების სცენებმა ჩემში უზარმაზარი კვალი დატოვა. „აბუ-გრეიბის” შექმნისას, ყოველივე ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, თუმცა ცხადია, ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვნახულობთ, რაიმე ფორმით უკან გვიბრუნდება. როდესაც ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემი ნახატები ქრისტეს აგონებს, მართლაც დავინახე გარკვეული კავშირი იესოს ვნებებსა და „აბუ-გრეიბის” ნახატებს შორის”.

***

ის, რომ დღეს, აბუ-გრეიბის სკანდალიდან 8 წლის შემდეგ, ისევ ნაწამები ერაყელი პატიმრების საქმეს ვიხსენებთ, ალბათ „ხელოვნების, როგორც მომხდარის შემახსენებლის” როლის საუკეთესო დასტურია.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები