ავტომობილი

ჯუჯა პიკაპი სმარტისგან

0 კომენტარი

ამ ავტომობილის ფოტო ტიზერები კარგა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა დეტროიტის ავტოშოუზე მან მაინც ყველა გააოცა. კომპანია სმარტი აქამდე მხოლოდ საქალაქო ჯუჯა ავტომობილებს უშვებდა, სხვა ტიპის ავტომობილებზე კი მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს. სწორედ ასეთი ექსპერიმენტია დეტროიტში წარმოდგენილი – ჯუჯა პიკაპი ფორ-Us, რომელიც იმითაც გამოირჩევა, რომ მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავისგან იღებს.

კიდევ ერთი გაოცება სმარტის მთავარმა აღმასრულებელმა ანეტ ვინკლერმა გამოიწვია, რომელმაც პრეზენტაციაზე განაცხადა: „ჩვენ, სმარტში, ყველას გვიყვარს პიკაპი. ოღონდ, ის გარედან პატარა, შიგნიდან დიდი, უსაფრთხო და ძალიან კომფორტული უნდა იყოს. ფორ-Us კი ის მანქანაა, რომელსაც ბენზინგასამართი სადგური არ სჭირდება”.

რეალურად, „საქალაქო პიკაპი”, როგორადაც შეიძლება ეს ავტომობილი მოვიხსენიოთ, თვისობრივ წინააღმდეგობათა მთელი ბუკეტია. თუმცა კონცეპტუალური ავტომობილები ხომ იმისთვის იქმნება, რომ მათი მეშვეობით, მწარმოებლები ხშირად ახალ იდეებს სწავლობენ და არცთუ იშვიათად, ეს იდეები სერიულ ავტომობილებზეც გადააქვთ.

ფორ-Us-ის სიგრძე 3547, სიმაღლე კი 1701 მილიმეტრია. ბორბლებს შორის ბაზა 2 480 მილიმეტრია, 613 მილიმეტრით მეტი, ვიდრე სმარტ ფორთუ-სი. ასეთი ბაზით ბევრი მასზე დიდი ავტომობილიც ვერ დაიკვეხნის. სამაგიეროდ, პიკაპი ორადგილიან სმარტზე 50 მილიმეტრით მაღალიცაა. წინა და უკანა კვალი კი, შესაბამისად, 1335 და 1435 მილიმეტრია. ამასთან, მანქანა ზორბა, 18-დუიმიან

ბორბლებზე დგას, რომლებზეც 235/55 ზომის საბურავებია ჩაცმული. ფორ-Us პიკაპი კია, მაგრამ ამ ზომის ბორბლები ხომ გაცილებით დიდი ზომის მანქანებისთვისაა...

სალონი კონცეპტუალურ სტილს შეეფერება. მის გასაწყობად, თეთრ მეტალიზებულ ფერში შეღებილი ტყავი, ყვითლად შეღებილი პლასტიკი და ალუმინია გამოყენებული. შედეგი მართლაც რომ თვალწარმტაცია. ამასთან, ინტერიერში მინიმალისტური განწყობა იგრძნობა. მაჩვენებლების დაფა რეტრო სტილშია შესრულებული.

ჯუჯა პიკაპი აღჭურვილია მაგნეტო-ელექტრული ძრავით, რომელიც 74 ცხენის ძალას და 130 ნიუტონმეტრს ავითარებს. აკუმულატორების ბლოკის ტევადობა 17.6 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 100 კილომეტრის გავლა შეძლოს. ფორ-Us-ის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია, აკუმულატორის სრულად დამუხტვას კი 8 საათი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ფორ-Us-ის ძარა მხოლოდ ექსპერიმენტულია და მისი წარმოება არ იგეგმება. სამაგიეროდ, ამ კონცეპტუალურ ავტომობილში გამოყენებულ ძალურ დანადგარს და აკუმულატორების ბლოკს სმარტი მალე გამოუშვებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები