სომეხთა გენოციდი

საფრანგეთის ახალი კანონი სომეხთა გენოციდის შესახებ

საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატამ კანონი დაამტკიცა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა უარყოფას კრძალავს. კანონით კრიმინალიზებულია საფრანგეთის მიერ აღიარებული ყველა მსგავსი კვალიფიკაციის დანაშაულის უარყოფა, მათ შორის, 2001 წელს აღიარებული სომხების გენოციდი ოსმალეთის მიერ. გენოციდის უარყოფა 1 წლით პატიმრობითა და 45,000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაისჯება. როგორც მოსალოდნელი იყო, კანონის მიღებამ თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა დაძაბა.

კანონი ზედა პალატამ 23 იანვარს, 127 ხმით 86-ის წინააღმდეგ მიიღო. მსგავსი აკრძალვა ჰოლოკოსტის უარყოფის შესახებ საფრანგეთში 90-იანი წლებიდან არსებობს. ახალი კანონი კი კონკრეტულად პირველი მსოფლიო ომის დროს ეთნიკური სომხების მასობრივ მკვლელობას უკავშირდება. ოსმალეთის მიერ სომხების გენოციდს ოცამდე ქვეყანა აღიარებს, თუმცა მისი უარყოფა კრიმინალიზებული მხოლოდ რამდენიმეშია.

თურქული მხარე აღიარებს, რომ 1915 წელს მართლაც დაიხოცა დიდი რაოდენობით ეთნიკური სომეხი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიას მიზნად ჰქონდა კონკრეტულად სომხების სრული ან ნაწილობრივი განადგურება. თურქეთის ოფიციალური ვერსიით, ქვეყანაში 1915 წელს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სომხები კი ამ ომში ისევე იხოცებოდნენ, როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. განსხვავებაა მსხვერპლის რაოდენობაშიც – სომხური მხარის ვერსიით, მასობრივ ჟლეტას 1,5 მილიონი სომეხი შეეწირა. თურქულით კი – 300-500 ათასი. 

პირველი მსოფლიო ომის დროს ეთნიკური სომხების დახოცვის გენოციდად აღიარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარალელურად, თურქეთს გააჩნია ახალი ფრანგული კანონის სარკისებრი ვარიანტი, რომელიც 1915 წლის მოვლენების გენოციდად მოხსენიებას თურქი ერის შეურაცხყოფას არქმევს და მთქმელს სჯის. 

ახალმა კანონმა ბიძგი მისცა გამოხატვის თავისუფლების საზღვრების შესახებ დისკუსიებს. დასავლეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მიდგომა არსებობს. პირველს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, თუნდაც მოწყვლადი ჯგუფების გრძნობების დაცვის მიზნით, დაუშვებლად მიაჩნია. მეორე ხედვით, „ისტორიული სამართლიანობის აღიარებას” ან მოწყვლადი ჯგუფების სიძულვილისგან დაცვას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

სიტყვის თავისუფლების მომხრეთა აზრით, პარლამენტს უფლება არ აქვს შექმნას ერთი ოფიციალური სიმართლე და მისი უარმყოფელი დასაჯოს. ადამიანებს უფლება აქვთ დისკუსიასა და კამათზე დაფუძნებით საკუთარი აზრი ჰქონდეთ, თუნდაც მცდარი. ამასთან, იმ ქვეყნებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება იზღუდებოდა, ტოტალიტარული იდეოლოგიები საზოგადოებაში უფრო ადვილად იკიდებდნენ ფეხს. ახალ ეტაპზე გადასული ქვეყნები კი ამ ჭრილობის მოსაშუშებლად კვლავ სიტყვის თავისუფლებაზე აწესებდნენ შეზღუდვებს. ეს მოჯადოებულ წრეს ქმნის.

ამ მიდგომას დამაჯერებლობას მატებს დასავლეთში მომძლავრებული რადიკალური შეხედულებების პარტიების აღზევება, მათ შორის საფრანგეთშიც, სადაც ლე პენის პარტია მუდმივად იღებს ხმათა დიდ რაოდენობას. კრიტიკოსების თქმით, გარდა იმისა, რომ მსგავსი კანონები სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, ისინი გაცხადებულ მიზანსაც ვერ აღწევენ. დისკუსიის აკრძალვა უფრო რადიკალურ ჯგუფებს იატაქვეშეთში აძევებს, ხოლო მათი გარეთ გამოსვლისას, საზოგადოება რადიკალური აზრების მიმართ ნაკლებ იმუნური ხდება.

კრიტიკოსები ასევე ინტერესდებიან რა პრინციპით არჩევს საფრანგეთის პარლამენტი, რომელი გენოციდი უნდა აღიაროს: მაგალითად, რატომ სომეხთა გენოციდი და რატომ არა – ჩერქეზების? თურქეთის ხელისუფლებას კიდევ ერთი ბრალდება აქვს – საფრანგეთი თავად იყო კოლონიალიზმის დროს გენოციდებში ჩართული და ამას არ აღიარებს. 

პარლამენტარების გარკვეულმა ნაწილმა სარკოზის სათუთი თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დასდო ბრალი. მათი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს სურს ამ კანონით პოლიტიკური წარუმატებლობა გადაფაროს. ანტითურქული და, ზოგადად, ანტიისლამური განწყობა, იქნება ეს თურქეთის ევროკავშირში შესვლის დაბლოკვა, ჩადრის ტარებისა თუ საჯარო ადგილებში ლოცვის აკრძალვა, მომგებიანი პოლიტიკური სვლაა. ის მოსახლეობის დიდი ნაწილის ანტიისლამურ შიშებს კვებავს. ბევრმა სომხების გენოციდის აღიარება სწორედ ამ ანტიისლამური და ანტითურქული კამპანიის ნაწილად მიიჩნია.

საგარეო პოლიტიკაში კანონმა საფრანგეთს შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას: თურქეთ-საფრანგეთს ევროკავშირის წევრობის შესახებ შექმნილი უსიამოვნების გამო ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. სწორედ საფრანგეთი არის თურქეთის კავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე. აშკარად ანტითურქული კანონის მიღების შემდეგ კი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა. კანონის განხილვის პროცესში თურქეთის მთავრობამ რამდენჯერმე გამოხატა უკმაყოფილება. დეკემბერში თურქეთმა დროებით საკუთარი ელჩიც კი გაიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთთან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაწყვეტასთან ერთად სხვა სანქციებითაც დაიმუქრა. თურქეთის ელჩმა საფრანგეთში დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოქვეითებაზე ისაუბრა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ კანონს უდროო, უკუეფექტის მომცემი და უვარგისი უწოდა. თურქეთი დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში. ირანთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, თურქეთის პოზიციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მოვლენათა სვლაზე. 

საფრანგეთის ახალ კანონს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა სომხეთში და უცხოეთში მყოფ სომხურ დიასპორაში. მათი თქმით, ეს კანონი თავისუფალ აზროვნებასთან არანაირ კავშირში არ არის და ის ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ახალმა კანონმა გააღიზიანა და ბევრი დასავლეთში კანონს უარყოფითად შეხვდა, საბოლოო ჯამში, მას აუცილებლად ექნება პოზიტიური გავლენა – კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გასაჯაროებას და აღიარებას შეუწყობს ხელს. 

მოჰყვება თუ არა აღნიშნულ კანონს სომხური გენოციდის სხვა ქვეყნებში განხილვაც, ამ დროისთვის რთული სათქმელია. თუმცა უახლოეს მომავალში, საფრანგეთისთვის და მთლიანად დასავლეთისთვის, ახლო აღმოსავლეთში პრობლემათა სიას თურქეთთან გაფუჭებული ურთიერთობებიც შეემატა. 

კომენტარები