ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზების რეპატრიაცია დემოგრაფიას ვერ შველის

17 იანვარს სოხუმის მთავრობის დელეგაცია სირიას ეწვია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანი, ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზების ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის შესაძლებლობის შესწავლა იყო. სოხუმის ვარაუდით, სირიაში დაძაბულობის, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო, აფხაზეთი სირიაში მცხოვრები აფხაზებისთვის სასურველი თავშესაფარი გახდებოდა.

სირიაში მცხოვრები აფხაზების ზუსტი რაოდენობა დანამდვილებით ცნობილი არ არის. აფხაზური წყაროების მონაცემებით, ამ ქვეყანაში 30 ათასამდე ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. თუმცა, სოხუმის საგარეო უწყების დასკვნით, მათი რიცხვი 8-9 ათასს არ აღემატება.

აფხაზ-აბაზების მსოფლიო კონგრესის მრჩევლის, ბესლან კობახიას განცხადებით, სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი 200-300 ადამიანმა გამოთქვა. სირიაში მცხოვრებმა აფხაზებმა უახლოეს მომავალში მასობრივი რეპატრიაციის შესაძლებლობა უარყვეს.

აფხაზური, ადიღეური და ჩერქეზული დიასპორები ყველაზე მეტად თურქეთში, სირიაში და იორდანიაში არიან წარმოდგენილნი. ისინი ამ ქვეყნებში მე-19 საუკუნეში, კავკასიური ომის შედეგად, რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დეპორტაციის შედეგად მოხვდნენ.

მუჰაჯირობა აფხაზეთში 1864 წლიდან დაიწყო. სამშობლოდან განდევნილი აფხაზებისა და აბაზების რიცხვმა, აფხაზური წყაროების მიხედვით, 135 ათასს მიაღწია.

დღეისთვის აფხაზ მუჰაჯირთა ყველაზე მეტი შთამომავალი თურქეთში ცხოვრობს. აფხაზური საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩირიკბვას აზრით, მათი რიცხვი 200-დან 700 ათასამდეა. თურქეთის, სირიისა და იორდანიის გარდა, ეთნიკურ აფხაზთა მცირე რაოდენობა ეგვიპტეში, საბერძნეთსა და აშშ-ში ცხოვრობს.

მუჰაჯირთა შთამომავლების რეპატრიაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა. ისინი ამ გზით „დემოგრაფიული პრობლემის” მოგვარებას ცდილობდნენ .

გასული წლის აპრილში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში თურქეთში გაემგზავრა. მან დიასპორის წარმომადგენლები მოინახულა და რეპატრიაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღეისთვის რეპატრიანტების რიცხვი აფხაზეთში საკმაოდ მცირეა. რეგიონში სულ სამი ათასამდე რეპატრიანტი ცხოვრობს.

სოხუმის ხელისუფლება რეპატრიაციის პროგრამას ახორციელებს. მისი დაფინანსებისთვის სპეციალური გადასახადიც არის შემოღებული – თითოეული დასაქმებულის ხელფასიდან ერთი პროცენტი რეპატრიაციის ფონდში ირიცხება.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფულება რეპატრიანტებს საცხოვრებლით ან მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფს, გამოჰყოფს მათთვის შეღავათიან კრედიტებს, ეხმარება აფხაზური ენის შესწავლაში. თუმცა, როგორც სოხუმში ამბობენ, დახმარების განაწილებაში კორუფციის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

ამავე დროს, ინტეგრაციის სურვილის შესუსტება თავად რეპატრიანტთა მხრიდან შეინიშნება. 1995-96 წლებში რეგიონში რამდენიმე ასეული რეპატრიანტი ჩავიდა და საკმაო წარმატებით ინტეგრირდა. თუმცა, აფხაზეთში ბოლო წლებში დაბრუნებულთა შორის, ხშირია რეპატრიანტი, ვინც აფხაზურ და რუსულ ენებს არ სწავლობს.

დიასპორის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ჩაკეტილად ცხოვრობენ, ძირითადად სამშენებლო და სხვა იმ კომპანიებში მუშაობენ, რომლებიც თურქეთთან ვაჭრობით არიან დაკავებული. შესაბამისად, აფხაზურ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მოთხოვნილება ნაკლებია.

ასეთ ვითარებაში, რეპატრიანტთა ნაკადის გაზრდა გამოიწვევს აფხაზეთში განცალკევებული ეთნიკური ჯგუფის შექმნას, რომელიც სულ უფრო მრავალრიცხოვანი და გავლენიანი გახდება.

აფხაზური საზოგადოების ნაწილს სერიოზულად აშფოთებს ის მენტალური და კულტურული სხვაობა, რომელიც ადგილობრივ აფხაზებსა და რეპატრიანტებს შორის შეინიშნება.

ადგილობრივი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ თურქეთზე ორიენტირებულ რეპატრიანტთა მასობრივ შემოსახლებას მოსკოვი არ მიესალმება. ადგილობრივი ექსპერტის ლეონ აჯინჯალის მოსაზრებით, სოხუმის მთავრობამ „უნდა შეძლოს რუსეთის დარწმუნება, რომ რეპატრიაციის პროცესი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”.

„თუ აფხაზთა რეპატრიაცია გააქტიურდება, ამას შესაძლოა გრძელვადიანი შედეგი მოჰყვეს, რაც აფხაზეთის თურქეთთან კავშირის გაძლიერებას, საქართველოსგან გამოყოფის განმტკიცებას და რუსეთზე დამოკიდებულების შესუსტებას გამოიწვევს”, – წერდა 2009 წელს გაზეთი The New York Times. სოხუმიდან ვრცელი რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავდა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის” ცნობამ აფხაზური დიასპორის რეპატრიაციისადმი ინტერესის გააქტიურება გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ტრადიციულად ნეგატიურია.

ამ თვეში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გასულ წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, რეგიონის მოსახლეობამ 242 ათასი ადამიანი შეადგინა. 2003 წლის ანალოგიური აღწერის შედეგების თანახმად, აფხაზეთში მაშინ 216 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ბოლო აღწერის მიხედვით, რვა წლის განმავლობაში რეგიონში მკვეთრად გაიზარდა ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა და 122 ათასი შეადგინა. შესაბამისად, აფხაზები, ამ მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარს (50,7 პროცენტს) წარმოადგენენ. 2003 წელს მხოლოდ 94 ათასი იყვნენ და მოსახლეობის 43 პროცენტს შეადგენდნენ. სოხუმის მონაცემებით, ამ წლებში შემცირდა სომხებისა და რუსების და უმნიშვნელოდ გაიზარდა ქართველების რაოდენობა (თუმცა, ქართველების ხვედრითი წილი 21-დან 19 პროცენტამდე შემცირდა).

აფხაზური აღწერების ციფრები თბილისში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უნდობლობას იწვევდა. აფხაზეთში 2005 წლის არჩევნებისთვის დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე (129 ათასი) დაყრდნობით International Crisis Group-მა დაასკვნა, რომ აფხაზეთის რეალური მოსახლეობა 157 ათასიდან 190 ათასამდე ადამიანს უნდა შეადგენდეს.

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკვე 143 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. თუ ბოლო აღწერის მონაცემებს ვენდობით, აფხაზეთში ხმის უფლების არმქონე არასრულწლოვანთა წილი 40 პროცენტს აღემატება. ასეთი რიცხვები თავად აფხაზებისთვისაც არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან მსგავსი დემოგრაფიული ბუმი რეგიონში არ ყოფილა.

აფხაზებიც აღიარებენ, რომ რვა წელიწადში აფხაზთა რიცხოვნობის 27 ათასით გაზრდა ვერ მოხერხდებოდა – ვერც ბუნებრივი მატებისა და ვერც რეპატრიანტთა შემოსვლის ხარჯზე. ეს აღწერის პროცესში სხვა წარმომავლობის მოქალაქეთა მიერ საკუთარი თავის აფხაზებად დასახელების ან გაყალბების შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ სოხუმის ხელისუფლება „დემოგრაფიულ გარღვევას” მიღწევად სიამოვნებით მიიწერდა.

კომენტარები