განათლება

მოსწავლის სტატუსის შეჩერება არაკონსტიტუციურია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი დაადგინა. ახალი რეგულაცია, 2012 წლის იანვრამდე მოქმედ ბრძანებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის შესახებ, გასულ თვეში დაემატა. ამიერიდან სკოლა უფლებამოსილია, დაწყებით და საბაზისო საფეხურის მოსწავლეს რიგ შემთხვევებში სტატუსი შეუჩეროს. მაგალითად: თუ სკოლის მიერ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების მიუხედავად, მოსწავლე ექვსი თვის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში, არ იღებს შეფასებას და არ არის დარეგისტრირებული ექსტერნად; ან მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს. ბრძანების მიხედვით, მოსწავლის სტატუსის შეჩერება და აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც სტატუსი შეუჩერა ან უფლებათამონაცვლეს.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. დაწყებითი და საბაზო განათლება კი სავალდებულოა. სკოლის დირექტორისთვის მინიჭებული უფლება, მოსწავლის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, მის კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სტატუსის შეჩერების წესის შემოღების მიზანი ისაა, რომ სამინისტროს სრული გარანტია უნდა ჰქონდეს გამოყოფილი თანხების, თითოეული მოსწავლისთვის განკუთვნილი ე.წ. ვაუჩერული დაფინანსების, მიზნობრივ ხარჯვასა და გამჭვირვალობაზე. თუმცა, გაუგებარია, როგორ უნდა მიაღწიონ მიზანს ამ გზით. თუ აქამდე, სხვადასხვა მიზეზის გამო, სკოლის დირექტორი არ აღრიცხავდა მოსწავლეთა რეალურ რაოდენობას და არ აწვდიდა სახელმწიფოს ინფორმაციას მათზე, ვინც სისტემატურად არ ესწრება გაკვეთილებს, გაუგებარია, ახლა, მოსწავლის სტატუსის შეჩერების უფლება, რატომ გადასწონის დირექტორის ინტერესს, მიიღოს იმაზე მეტი ვაუჩერი, ვიდრე მის სკოლაში მოსწავლეთა რეალური რაოდენობაა. თავის მხრივ კი, სამინისტროს, ამ საკითხის მოსაგვარებლად, სხვა გზის პოვნაც შეეძლო.

რაც შეეხება დისციპლინას, შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სკოლას ისედაც ჰქონდა და აქვს მოსწავლეების გარიცხვის უფლება. ამ შემთხვევაში, გარიცხულ მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვა სკოლაში გადავიდნენ. თუ სხვა სკოლები მათ მიღებას არ ისურვებენ, ამან შეიძლება ბიძგი მისცეს ისეთი სასწავლებლების შექმნას, რომელიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. სტატუსის შეჩერება მათი უფლების შეზღუდვას ნიშნავს – სისტემისგან ჩამოშორების გზით, თან, გაურკვეველია, რა ვადით. სამინისტროში ამაზე მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ მათ სტატუსი აუცილებლად აღუდგებათ.

კომენტარები