არჩევნები

29 ოლქში ამომრჩეველთა თანასწორობა ირღვევა

საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი, პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა (რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე  შეთანხმებას ზაფხულში მოაწერეს ხელი) უარი თქვეს პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის 150-დან 190-მდე  და მაჟორიტარული ოლქების 75-დან 83-მდე გაზრდაზე.
მიღებული კოდექსის თანახმად, 150-წევრიან პარლამენტში 4 წლის ვადით 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 –  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა. აქამდე არსებული ორი მაჟორიტარული ოლქი, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ ახალგორსა და ლიახვის ხეობაში მდებარეობდა, გაუქმდა.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობაზე საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა. მათი გათვალისწინებით კოდექსში რიგი სიახლეები შევიდა.
თუმცა, დოკუმენტში არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. კომისიის დასკვნაში საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა „დაახლოებით თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქების უზრუნველყოფა, რითიც  შერეული სისტემის ფარგლებში ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა გარანტირებული“.  
მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, ძირითადად, მუნიციპალიტეტების საზღვრებს ემთხვევა. თითოეულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 6 ათასიდან  150 ათასამდე მერყეობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დიდი ხანია ითხოვს ოლქების საზღვრების გადახედვას. ამან, მათი აზრით, არჩევნების შედეგების მიცემულ ხმებთან მეტი შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენლების განცხადებით, მაჟორიტარული ოლქების სისტემის არსებული სახით შენარჩუნება  პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ გზით ყველა საკანონმდებლო ორგანოში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი იქნება.
თანასწორი ხმის უფლებას  ვენეციის კომისიის მიერ 2002 წელს დამტკიცებული „საარჩევნო ნორმათა კოდექსიც“ ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო ოლქებს შორის ადგილების განაწილება „მკაფიო და დაბალანსებული წარმომადგენლობის პრინციპით“ უნდა მოხდეს – მოქალაქეთა, რეგისტრირებულ თუ არჩევნებში უშუალოდ მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით.
თუმცა, იგივე დოკუმენტი ამ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს. მისი მიხედვით, ნორმიდან დასაშვები გადახრა ამომრჩეველთა რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს, „გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (კომპაქტურად დასახლებულ ეროვნულ უმცირესობათა დაცვა, მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული)“.  
საქართველოში ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობას ექვს საარჩევნო ოლქში შეადგენენ. კიდევ ოთხ საარჩევნო ოლქში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს შეადგენენ.  
მეჩხერად  დასახლებული რეგიონების ზუსტი განსაზღვრება ვენეციის კომისიის დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე, დღეისთვის მსოფლიოში ერთ კვადრატულ კილომეტრზე  50.9 ადამიანს შეადგენს (worldstat.info-ს მიხედვით).  ევროკავშირში  მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 112 ადამიანია.
საქართველოში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 65.8 ადამიანია. საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული 38 რაიონია; საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე – 30. ევროკავშირის მაჩვენებელზე – 50.
საქართველოში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა ერთ ოლქზე  დაახლოებით 43 ათასია. ქვეყანაში სულ 19 ოლქია, რომლებშიც ამომრჩეველთა რიცხოვნობა საშუალო მაჩვენებელს „საარჩევნო ნორმათა კოდექსით“ დასაშვებზე  (15 პროცენტი) მეტად აღემატება.  
მათ რიცხვში შედის თბილისის რაიონები და მსხვილი ქალაქები. ყველაზე დიდ ოლქებში (ქუთაისი, გლდანი, ნაძალადევი, ისანი, სამგორი, საბურთალო, ზუგდიდი) 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია. ამომრჩეველთა რაოდენობა საშუალოზე მნიშვნელოვნად მეტია ქვემო ქართლის ორ რაიონშიც – გარდაბანსა და მარნეულში, სადაც მაღალია ეთნიკური უმცირესობების წილი. ასევე წყალტუბოსა და ხელვაჩაურში, რომლებიც მსხვილ ქალაქებს ესაზღვრება.
ამომრჩეველთა რაოდენობა საშუალო მაჩვენებელზე – 15 პროცენტზე უფრო მეტად დაბალია 43 საარჩევნო ოლქში. მათ შორის საშუალოზე მჭიდროდ დახლებული მხოლოდ ოთხი, შედარებით მცირე ტერიტორიის მქონე ოლქია – ფოთი, აბაშა, ხონი და თერჯოლა. დანარჩენი 39 არამჭიდროდ დასახლებული რაიონია.
როგორც ტაბულას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მელაძემ განუცხადა, მეჩხერად დასახლებული რეგიონების მკაცრი კრიტერიუმი საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს.  მისი აზრით,  ამგვარ რაიონებად ქვეყანაში ის ერთეულები შეიძლება ჩაითვალოს, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 50 ადამიანზე ნაკლებია.
სულ საქართველოში 30 ასეთი რაიონია. მეჩხერად დასახლებულ რაიონებს შორის მეტწილად მაღალმთიანი რეგიონებია – ხულო, მესტია,  დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა რაიონი და სხვა. თუმცა, ასევე მეჩხერადაა დასახლებული ბარის ის რაიონები, რომელთა ფარგლებში დიდი ფართობის დაუსახლებელი ტერიტორიებია მოქცეული – დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი. ამ ჩამონათვალში ხვდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის ორი და ქვემო ქართლის ორი რაიონიც.
მეჩხერად დასახლებულ ბევრ რაიონში მოსახლეობის სიმჭიდროვის  მაჩვენებელი საშუალოზე ბევრად დაბალია. მაგალითად, ყაზბეგში, მესტიასა და ონში – 5 ადამიანი კვ. კილომეტრზე, ლენტეხში – 7, დუშეთსა და თიანეთში – 11 და 14.
შესაბამისად, სწორედ ის საარჩევნო ოლქები, რომლებშიც ამომრჩევლების რაოდენობა დაბალი და დისპროპორციულია – ვენეციის კომისიის „საარჩევნო ნორმათა კოდექსის“ თანახმად, გამონაკლის შემთხვევათა შორის ხვდება.
იმ 43 ოლქს შორის, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა დასაშვებზე დაბალია, გამონაკლისი 33 ოლქზე შეიძლება გავრცელდეს – ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად ცხოვრებისა თუ მეჩხერად დასახლების  გამო. დარჩენილ 10 ოლქში სიმჭიდროვის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. მათ შორისაა ლაგოდეხი, კასპი, ვანი, ხონი, ტყიბული, ლანჩხუთი, აბაშა, მარტვილი, ხობი და წალენჯიხა.    
ოლქში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობის ვენეციის კომისიის სტანდარტამდე მისაყვანად პირველ რიგში თითოეული დიდი ოლქის  - საბურთალოს, ვაკის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანისა და დიდუბის, ასევე  ბათუმისა  და ქუთაისის  2- 3 ნაწილად გაყოფა უნდა მოხდეს.  ზუგდიდში, ოზურგეთისა და ზესტაფონში შესაძლოა ოლქები ასევე ორ ნაწილად - ქალაქებად და რაიონად დაიყოს.
ხელვაჩაური შემთხვევაში, სადაც   63 ათასი ამომრჩეველია, ოლქის ნაწილი მეზობელ ოლქს, სავარაუდოდ ბათუმის რომელიმე ნაწილს  უნდა შეუერთდეს.  ხობის ოლქი კი შესაძლოა, ფოთსა და, მაგალითად, ჩხოროწყუს  ოლქს შორის  გაიყოს.
ასევე შესაძლებელია ყვარლის ოლქის ნაწილის მეზობელი გურჯაანის ოლქთან მიერთება.  საშუალო რაოდენობამდე ოლქების ამომრჩეველთა რიცხოვნობა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას თერჯოლისა და ტყიბულის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის;  ვანისა და ბაღდათის; აბაშისა და მარტვილის გაერთიანებით.
თუმცა, ამ შემთხვევაში პარლამენტში მაჟორიტარებისთვის სულ მცირე 19-20 დამატებითი მანდატი უნდა გამოიყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დეპუტატთა რაოდენობა 150 დარჩება, ოლქების საზღვრების პრინციპი მთლიანად უნდა შეიცვალოს.  
თუმცა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უარი უნდა თქვას  ყველა ადმინისტრაციული ერთეულის თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპზე. გარდა ამისა, ოლქების საზღვრების ცვლილების პრაქტიკა შეიცავს ე. წ. გერიმანდერინგის (gerrymandering) საფრთხეს - საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირებისა,   რომელიც არჩევნებზე ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის უპირატესობას უზრუნველყოფს.
იმ შეთხვევაში კი, თუ 150-ვე დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით არჩევას დავუშვებთ, ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობის ოლქები უნდა შეიქმნას, რომლებშიც ამომრჩეველთა რიცხოვნობა საშუალოდ  21ათასი იქნება.  ამ შემთხვევაში დიდი ქალაქები მრავალ საარჩევნო ოლქად დაიყოფა - თბილისში 42 ოლქი უნდა შეიქმნას,  რუსთავში - 5, ქუთაისში  - 7, ბათუმში - 5.   
რეგიონებში 21 ათასზე დასაშვებზე ნაკლები ამომრჩეველი 18 ოლქშია, რომლებიც მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის მიხედვით გამონაკლისებს შორის ხვდებიან.
ოლქების არსებულ საზღვრებში შენარჩუნება შესაძლებელი იქნება კიდევ 15 ოლქში. კიდევ 21 ოლქში, სტანდარტის დასაცავად,  მათი ორად გაყოფა (მაგალითად, მუნიციპალური ცენტრისა და რაიონის განცალკევებით) ან საზღვრების შეცვლა გახდება საჭირო. კიდევ 11 მსხვილი ოლქის (თელავი, წყალტუბო, ზესტაფონი, ოზურგეთი, გორი, ზუგდიდი  და ა. შ.)   სამ და ოთხ ნაწილად დანაწევრება გახდება აუცილებელი.  
საარჩევნო ოლქების საზღვრების შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან, შეუძლებელია ქვეყანაში მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულების ზუსტი კრიტერიუმის განსაზღვრის გარეშე.
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უდიდეს ნაწილში – შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც – ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობიდან  მნიშვნელოვანი გადახრა, ვენეციის კომისიის  სტანდარტებით დასაშვებია.

კომენტარები