ტუნისი

ტუნისი რევოლუციის შემდეგ

0 კომენტარი

არაბული გაზაფხულიდან ერთი წლის შემდეგ, პოსტრევოლუციური ტუნისი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. გასულ კვირას 48 წლის ტუნისელმა მოქალაქემ თავი დაიწვა. 3 შვილის მამა, ამარ ღარსალა, არსებულ სოციალურ პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა. საბოლოოდ მან უკიდურეს ზომებს მიმართა და დღეს უკვე ეროვნულ გმირად აღიარებული მოჰამედ ბუაზიზის მსგავსად, ქუჩაში თავი დაიწვა.

უკანასკნელმა ტრაგიკულმა მოვლენამ ტუნისელები კიდევ ერთხელ დააფიქრა დაუსაქმებლობაზე. უმუშევრობამ გასული წლის მაჩვენებელს – 14%-ს გადააჭარბა და 19%-ს გაუტოლდა.

ქვეყანაში ამ პრობლემის აღმოფხვრა ტუნისის ახალი მთავრობის უპირველესი მიზანია. 12 დეკემბერს კონსტიტუციური პარლამენტის მიერ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეულმა მონსეფ მარზოკიმ პრემიერ-მინისტრ ჰამადი ჯებალისთან ერთად მთავრობის ახალი პროგრამა უკვე წარადგინა.

მარზოკიმ ყურადღება ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. პირველ ეტაპზე უცხოელი ინვესტორებისთვის აქამდე არსებული ბარიერების შემცირება და მათთვის მიმზიდველი საწარმოო გარემოს შექმნა გადაწყდა. Doing business-მა ბიზნესის კეთების სიადვილით ტუნისი 183 ქვეყნიდან 46 ადგილზე განათავსა.  

მთავრობის პირველად მიზანთა შორის სასამართლო სისტემის რეაბილიტაციაცაა. ეს ქვეყანაში არსებული კორუფციის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

მსოფლიოში ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევებმა ტუნისში არსებული სხვა პრობლემებიც გამოააშკარავა.

CIA FACTBOOK-ის ინფორმაციით ტუნისის GDP PPP 9,400$-ია და ამ მაჩვენებლით იგი 193 ქვეყანას შორის 113-ე ადგილს იკავებს.

Heritage-ის მონაცემების მიხედვით ტუნისში ეკონომიკური თავისუფლების დონე წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. იგი მსოფლიო რეიტინგში კვლავ 95-ე ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების დონით ტუნისი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე დაბლა დგას.

თავის უკანასკნელ კვლევაში, Freedom house-მა ტუნისში ანტიკორუფციულობა და გამჭვირვალობა 7-დან 3.08 ქულით შეაფასა. მოქალაქეობრივი თავისუფლება 7-დან 3.11, კანონის უზენაესობა კი 2.92 ქულით შეფასდა.

Human development index-ის მიხედვით ტუნისი 187 ქვეყნიდან 94-ე ადგილზეა. განათლებაზე სახელმწიფო GDP-ის 7.1%-ს, ხოლო ჯანდაცვაზე GDP-ის 6.2%-ს ხარჯავს.  

ტუნისის ეკონომიკის მთავარ ღერძს, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობასთან ერთად, ტურიზმიც წარმოადგენდა. შესაბამისად, ქვეყანაში ტურისტთა ნაკლებობა ეკონომიკაზე მძიმედ აისახა. 2010 წელს იგი GDP-ის 6,5%-ს შეადგენდა და ამ სფეროში 450 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით 2010 წელს ქვეყანაში 7 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა, 2011 წელს კი მათი რაოდენობა 3 მილიონს გაუტოლდა.

საზოგადოების დიდი ნაწილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. უკანასკნელმა რევოლუციამ მათ იმედები გაუცრუა.

ტუნისის რესპუბლიკის დამაარსებლის ქალიშვილის, ჰაგარ ბოურგიობას აზრით, უკანასკნელ რევოლუციას ქვეყანა საკმარისად არ შეუცვლია. “სახელისუფლებო სტრუქტურებში დღესაც ის ადამიანები მოღვაწეობენ, რომლებმაც თავის დროზე კორუფციის მთელი ბუდე შექმნეს. დღესაც ის ოჯახები მართავენ დიდ ბიზნესებს, რომლებსაც ბენ ალისა და მის გარემოცვასთან მტკიცე კავშირი ჰქონდათ”.

საზოგადოების მეორე ნაწილი შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. ისინი ამბობენ, რომ დემოკრატია ტუნისშიც მალე გაიდგამს ფესვებს. ამ ადამიანების აზრით, დემოკრატია თავისთავად აღმოფხვრის კორუფციას და ის ოჯახები, რომლებსაც უკანონო ინტერესები გააჩნდათ, მალე დაკარგავენ ძალაუფლებას. 

ტუნისი ახლა “აღდგენით ფაზაშია”. მოქმედი მთავრობა ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებს თუ დააკმაყოფილებს. ძირეული სტრუქტურული ცვლილებები ჯერჯერობით შეუძლებელია. 

სპეციალისტთა განცხადებით, მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლასაც კი ექნება შედეგი ეკონომიკური თვალსაზრისით. სავარაუდო გამოთვლებით, კორუფციის შემცირებას, ფინანსური პრობლემების მოგვარებას, კანონისა და გამჭვირვალობის ამოქმედებას, ეკონომიკური  მაჩვენებლის 2%-ით მომატება შეუძლია.

ტუნისს ლიდერი სახელმწიფოების მხარდაჭერაც აქვს. რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სენატორმა ჯო ლიბერმანმა, ქვეყანას 30-მილიონიანი სესხი გადასცა. 20 მილიონი კი შეერთებულმა შტატებმა ტუნისის იმ საწარმოო ფონდს ჩაურიცხა, რომელსაც თვითონ უდგას სათავეში. ამას გარდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკა-ტუნისის პარტნიორობის შესახებ სპეციალური ფორუმი გამართა. მისი მთავარი მიზანი პოსტრევოლუციურ ტუნისში სამუშაო ადგილების შექმნაა.  

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები