ახალი ქალაქი

ლაზიკა და ახალი ქალაქების ეკონომიკა

ურბანული მცხოვრებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. McKinsey Global Institute-ის გათვლებით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს და გლობალური მშპ-ის 60%-ის გენერირებაზეა პასუხისმგებელი. ყოველკვირეულად, ურბანული პოპულაცია 1 მილიონზე მეტი ადამიანით იზრდება. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ მსოფლიომ 2025 წლამდე, ყოველწლიურად, ჩიკაგოსხელა შვიდი ქალაქი დაიმატოს.

პრეზიდენტის ინიციატივისა და ოპტიმისტური გეგმის მიხედვით, 10 წლის შემდეგ, ახალი ნახევარმილიონიანი ქალაქი საქართველოშიც შეიძლება გაჩნდეს. ანაკლიასა და ყულევს შორის სავაჭრო-კომერციულ-ტურისტული საპორტო ქალაქის – ლაზიკას აშენება იგეგმება. აფხაზეთთან ახლოს ახალი გამართული ქალაქი, სადაც ხალხი სხვა ადგილებიდან იმიტომ გადავა საცხოვრებლად, რომ იქ უფრო მიმზიდველი პირობებია, შეიძლება პოლიტიკურად მომგებიანი სვლა იყოს. თუმცა რამდენ ხანში, რის და ვის ხარჯზე, ეს მთავრობამ კარგად უნდა გათვალოს.

1833 წელს, როცა ჩიკაგო პირველად გაიხსნა, იქ 200 კაცი სახლობდა. 47 წელი დასჭირდა იმას, რომ მოსახლეობა ნახევარმილიონამდე, კიდევ 10 წელი კი – თავიდან ჩაფიქრებულ რაოდენობამდე – 1 მილიონამდე გაზრდილიყო. 1833-1890 წლებში აშშ-ის მოსახლეობა საშუალოდ 20.7%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საკითხებზე მომუშავე ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტის ანგუს მედისონის მონაცემებით, მეცხრამეტე საუკუნეში აშშ-ის მშპ ყოველ ათ წელიწადში საშუალოდ 40.6%-ით, ხოლო ერთ სულზე შემოსავალი – 67.2%-ით იზრდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში მშპ-მა საშუალოდ 6.4%-ით მოიმატა.

CIA Factbook-ის მონაცემებით, მსოფლიოს ურბანული მოსახლეობა 2005-2010 წლებში 1.98%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვთ ბურუნდის, ლაოსს, ავღანეთს, მალდივის კუნძულებს და მალავის: ხუთეულის ურბანული მოსახლეობა საშუალოდ 5.66%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ამ ხუთი ქვეყნის მშპ საშუალოდ 6.63%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა – 10.27% – იყო ავღანეთში, ყველაზე დაბალი – 3.4% – ბურუნდიში. 2005-2010 წლებში ამ ხუთ ქვეყანაში ერთ სულზე შემოსავალი საშუალოდ 1457 აშშ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში ამ ხუთი ქვეყნის საერთო მოსახლეობა ყოველწლიურად საშუალოდ 3.2%-ით იზრდებოდა, საქართველოს მოსახლეობა კი – საშუალოდ -0.4%-ით მცირდებოდა. ამ პერიოდში საქართველოში ერთ სულზე შემოსავალი საშუალოდ 2260 აშშ დოლარს შეადგენს.

1960-იანი წლებიდან, ახალი ქალაქების მშენებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ნახევარი საუკუნის მანძილზე, აფრიკის, აზიის, ევროპის და წყნარი ოკეანის 50-მდე ქვეყანაში რამდენიმე ათასი ახალი ქალაქი, ხოლო მხოლოდ ამერიკაში 600 ახალი ქალაქი აშენდა. ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ქალაქები წინასწარ, დეტალურად იგეგმებოდა და ადრე დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებას უწყობდა ხელს.

კალიფორნიის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რეგიონული დაგეგმარების დეპარტამენტმა ახალი ქალაქების საერთო მახასიათებლები და პრობლემები გააანალიზა. მისი დასკვნით, წარმატებული მხოლოდ დეტალურად დაგეგმილი პროექტი იქნება. კარგად უნდა გათვალონ ახალი ქალაქის მდებარეობა: ახლომახლო საჭიროა დიდი ქალაქი, კარგი ინფრასტრუქტურით, რომ ახალმა დასახლებამ შეძლოს არსებულის გამოყენება მანამ, სანამ საჭირო ინფრასტრუქტურა დამოუკიდებლად ექნება. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი გამოწვევაა, ახალ ქალაქში დასასახლებლად მოსახლეობის დარწმუნება. ახალმა ადგილმა პოტენციურ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების ფართო არჩევანი უნდა შესთავაზოს. სასურველია განსხვავებულმა ადამიანებმა მოიყარონ თავი და განსხვავებული ბაზრები განვითარდეს. ახალი ქალაქის კონკურენტული უპირატესობაც სწორედ ეს არის – თავიდანვე შეიძლება იმის შესწავლა, რა შეიძლება სჭირდებოდეს პოტენციურ მოსახლეობას. თუ მხოლოდ ერთი ტიპის მოსახლეობაზე მოხდება გათვლა, მაშინ ქალაქს სტაგნაცია ემუქრება. მისი არსებობა კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ან არ დაეტყობა, ან ტვირთად დააწვება. იმ რეგიონში, სადაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა, კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, ახალი ქალაქის აშენება წარმატებული პროექტი იქნება. თუმცა საჭიროა პოტენციური მოსახლეობის წინასწარ გათვლა.

რისკები კარგი დაგეგმვის შემთხვევაშიც არსებობს. International New Town Institute (INTI)-ის კვლევამ აჩვენა, რომ, როგორც წესი, ახალი ქალაქების დაგეგმარება ერთჯერადად, დიდ მასშტაბზე ხდება. ეს ხშირად არ ამართლებს, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი – ქალაქის მშენებლობა მკაცრად კონტროლდება, დაგეგმვის დროს, იდეის ავტორების ფანტაზია გასაქანს პოულობს და ამბიციური მაკეტი დგება. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ქალაქი ადგილობრივების მოთხოვნებს საერთოდ არ ითვალისწინებს. მეორე – როგორც წესი, დაგეგმვასა და ქალაქის აშენებას შორის, სხვადასხვა საგარეო თუ საშინაო მიზეზების გამო, დიდი დრო გადის. ამიტომ თავდაპირველი გეგმაც იცვლება. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს არ აქვს დიდი შემოსავალი ან პროექტს სტაბილური, ხანგრძლივვადიანი დამფინანსებლები არ ჰყავს – ახალი ქალაქის მშენებლობამ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა დააზარალოს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ინვესტირებით ეკონომიკის სტიმულირების იდეა ჯონ მეინარდ კეინსს ეკუთვნის. მას სჯეროდა, რომ მთავრობის მხრიდან ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება, მოსახლეობის მხარჯველობით პოტენციალს ზრდის. ეს, თავის მხრივ, წაახალისებს წარმოებას და კერძო ინვესტიციებს, რაც მეტ შემოსავალს და ხარჯვას ნიშნავს და ასე – ციკლურად. სინამდვილეში, კერძო ინვესტიციები იზღუდება: ფული, რომელსაც მთავრობა ახალი ქალაქის აშენებაზე დახარჯავს, ჯერ საიდანღაც უნდა მოიტანოს – ან გადასახადები გაზარდოს, ან მეტი ვალი აიღოს, ან ფული დაბეჭდოს. ასეთი პოლიტიკის შედეგი კერძო ინვესტიციების შემცირება და მაღალი ინფლაციაა. იგივეა დასაქმების შემთხვევაშიც – სამუშაო ადგილებს, რომლებსაც მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებით ქმნის, აბალანსებს სამუშაო ადგილები, რომლებიც კერძო ინვესტიციების შემცირების ხარჯზე იკარგება.

განვითარებულ ქვეყნებში ახალი ქალაქები უფრო იშვიათად შენდება. ამ ტენდენციამ ახლა განვითარებად, კერძოდ კი, აზიის ქვეყნებში გადაინაცვლა. ახალი ქალაქების მშენებლობა განსაკუთრებით აქტუალური ჩინეთშია. თუმცა ცუდი დაგეგმვის გამო, ახლადაშენებული ქალაქების ნახევარზე მეტი ცარიელია, ე.წ. მოჩვენება-ქალაქად იქცა. ამის მაგალითია Kangbashi – ერთ-ერთი ახლადაშენებული ქალაქი, რომელიც 1.5 მილიონ ადამიანზე იყო გათვლილი. ის სულ რაღაც 5 წელიწადში აშენდა. თუმცა მხოლოდ ცენტრალური დაგეგმვის პირობებში, კერძო ინვესტიციები შეიზღუდა, უძრავ ქონებაზე კი ფასებმა მოიმატა. შედეგად – ჩინეთის მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციულ შენობებში, მუზეუმებში, სპორტულ დარბაზებსა თუ საოფისე ცათამბჯენებში დაბანდებულმა ფულმა მოგება ვერ ნახა – ქალაქი ცარიელია.

ლაზიკას შემთხვევაში, ახალი ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯები და პოტენციური დამფინანსებლები, მოსახლეობის რაოდენობა, მშენებლობის ტემპი ჯერ განსაზღვრული არ არის. გაურკვეველია ახალი ქალაქისთვის შერჩეული ტერიტორიაც – ჯერჯერობით ვერავინ ამბობს, საიდან შეგროვდება მოსახლეობა ახალი ქალაქისთვის, გახდება თუ არა საჭირო კოლხეთის დაბლობის დაშრობა, დაირღვევა თუ არა გარემოს დაცვის საერთაშორისო კონვენციები და რას გამოიწვევს ეს საქართველოსთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვის სამინისტროებში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუბერნიაში – ყველგან ერთი პასუხი აქვთ: ლაზიკას პროექტირება ახლა იწყება. ჯერ დეტალები ცნობილი არ არის.

 

კომენტარები