ამერიკა

პარტიებს შორის იდეოლოგიური ნაპრალი იზრდება

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, კონგრესი, უფრო და უფრო პოლარიზებულია. რესპუბლიკელთა და დემოკრატთა შორის იდეოლოგიური უფსკრული თანდათანობით იზრდება. ევროპისაგან განსხვავებით, ამერიკული პოლიტიკური სისტემა, ისტორიულად, თანხმობის მიღწევაზე იყო ორიენტირებული. პარტიების მსოფლმხედველობა, გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად, განმანათლებლობის ტრადიციას ეფუძნებოდა.

ბოლო დროს ვითარება კარდინალურად იცვლება – ორივე პარტიაში მზარდი იდეოლოგიზაცია შეინიშნება. რესპუბლიკელები კონსერვატულ, ხოლო დემოკრატები პროგრესულ პარტიებად ყალიბდებიან. იდეოლოგიურმა პოლარიზებამ, შესაძლებელია, მთავრობის მოუქნელობა გამოიწვიოს. მმართველი პარტიის მონაცვლეობა საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის მერყეობას განაპირობებს.

ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელთა და დემოკრატთა შორის იდეოლოგიური გადაკვეთის წერტილები თანდათან მცირდება. National Journal-ის მიერ ჩატარებული კონგრესმენთა კენჭისყრის ანალიზი, რეიგანის პერიოდიდან ობამამდე, გვიჩვენებს, რომ 1982 წელს სენატის 58 წევრის ხმა ექცეოდა ყველაზე პროგრესულ რესპუბლიკელსა და ყველაზე კონსერვატორ დემოკრატს შორის. 2002 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაუტოლდა 7-ს, ხოლო დღეს ნულს უდრის. იგივე სიტუაციაა წარმომადგენლობით პალატაშიც. თუ 1982 წელს 344 წარმომადგენლის ხმა ამ ორ წერტილს შორის თავსდებოდა, 2005 წელს მათი რაოდენობა ორმოცდათხუთმეტამდე დაეცა. 2010 წელს, იდეოლოგიურ ცენტრთან შედარებით ახლოს, მხოლოდ შვიდი კონგრესმენის პოზიცია იყო.

წარმომადგენელთა პალატაში პოლარიზაციას საარჩევნო ოლქების საზღვრების პერიოდული გადასინჯვა უწყობს ხელს. შედეგად, თითოეულ ოლქში მსგავსი პოლიტიკური შეხედულებების ამომრჩევლის დაჯგუფებაა და ისინიც სტაბილურად ერთი კონკრეტული პარტიის კანდიდატს უჭერენ მხარს. ეს პრაქტიკა ჯერიმაინდერინგის სახელითაა ცნობილი და ისევე ძველია, როგორც ამერიკული დემოკრატია.

ჯერიმაინდერინგი ამერიკის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტისა და მასაჩუსეტსის მეცხრე გუბერნატორის, ელბრიჯ ჯერის სახელიდან მომდინარეობს.

1812 წელს გუბერნატორ ჯერის თაოსნობით მასაჩუსეტსში საარჩევნო ოლქებს შორის საზღვრები ისე დადგინდა, რომ თითოეულში მისი პარტიის მომხრეებს უმრავლესობა ჰქონოდათ. ამის გამო ოლქებმა საკმაოდ უცნაური, სალამანდრასავით დაკლაკნილი ფორმა მიიღეს.

ასეთი პოლიტიკის გასაკრიტიკებლად Boston Gazette-მა გუბერნატორის გვარისა და სალამანდრას გაერთიანებით, ახალი ტერმინი შექმნა, რომელმაც შემდგომი 200 წლის მანძილზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი ამერიკის პოლიტიკურ ლექსიკონში.

საბოლოოდ, საარჩევნო ოლქებმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ თითქმის ყველა კანდიდატს თავის ოლქში ამა თუ იმ პარტიის ამომრჩევლის მყარი უმრავლესობა ჰყავს. მერყევი ან სხვა პარტიის მომხრე ამომრჩეველი სხვადასხვა ოლქში ისეა გაბნეული, რომ უმრავლესობას არსად ქმნის.

არჩევნებში გასამარჯვებლად პოლიტიკოსებს აღარ სჭირდებათ მერყევი ამომრჩევლის ხმები. ასეთი ამომრჩევლის გულის მოსაგებად მათ არც ზომიერი პოზიციის დაჭერა უწევთ. პირიქით, საკუთარ ოლქში გასამარჯვებლად კონგრესმენები იდეოლოგიური სიწმინდის გამოცდას აბარებენ. პარტიული ორთოდოქსიისგან ნებისმიერი გადახვევა მათ ძვირად დაუჯდებათ. კომპრომისების მოყვარული პოლიტიკოსი პარტიამ შეიძლება არ წარადგინოს არჩევნებზე და, ნაცვლად, უფრო ერთგული კანდიდატი დაასახელოს.

-70-იან წლებში, კანდიდატთა დასახელების პროცესის დემოკრატიზაციამ, პარადოქსული შედეგი გამოიღო – შიდაპარტიული კონკურენციის ზრდამ გზა გაუხსნა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების არაპროპორციულად დიდ გავლენას კანდიდატებზე. ადრე წარმატებისათვის კანდიდატს პარტიული ბოსების მხარდაჭერა ჰყოფნიდა. ამ რეფორმის შედეგად კი მას თავად უხდება გამარჯვებისათვის აუცილებელი რესურსების მობილიზება. ეს რესურსები კი იმ ჯგუფთა ხელშია, ვისაც გამოკვეთილი ლობისტური მიზანი ან მკაფიო იდეოლოგიური პოზიცია გააჩნია და იშვიათად ამჟღავნებენ ცენტრისტულ შეხედულებებს.

ამიტომ, ზომიერი და პრაგმატული პოლიტიკოსებისთვის, არჩევნებში წარმატებისათვის აუცილებელი რესურსების მობილიზება უფრო რთულია. საბოლოო ჯამში, კანდიდატების დასახელების პროცესში პარტიის რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების როლის ზრდის მოტივით გატარებული რეფორმა – პოლარიზაციის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად იქცა.

თუ ალექსის დე ტოკვილს დავესესხებით, ამერიკა „თავისუფალი დაიბადა”. ახალ კონტინენტზე პოლიტიკური სისტემის შექმნა სუფთა ფურცლიდან დაიწყეს. ევროპულისგან განსხვავებით, ამერიკული საზოგადოება ფეოდალური მემკვიდრეობისგან თავისუფალი იყო. მას არც პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის კლასობრივი დაპირისპირებები გამოუცდია. ამერიკელთა 80% საკუთარ თავს დღემდე საშუალო კლასს მიაკუთვნებს. ისტორიულად აქ იდეოლოგიურ პოლარიზაციას სოციალური საფუძველი არ ჰქონია. ჯონ სტეინბეკის თქმით, სოციალიზმმა ამერიკაში ფესვი იმიტომ ვერ გაიდგა, რომ ღარიბები საკუთარ თავს არა ექსპლუატირებულ პროლეტარიატად, არამედ დროებით გაჭირვებულ კაპიტალისტებად აღიქვამენ.

პარტიულ პოლარიზაციასთან ერთად, ბოლო ორი დეკადის მანძილზე, ამერიკელი ამომრჩეველიც უფრო მეტად იდეოლოგიზებული ხდება. გელაპის მონაცემების მიხედვით, 1992 წელს ამომრჩეველთა უმრავლესობა – 43 პროცენტი იყო ზომიერი, ხოლო 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 35 პროცენტს შეადგენს. ბოლო 5 წელია, კონსერვატორები ყველაზე მსხვილ იდეოლოგიურ ბლოკად იქცნენ და ამომრჩეველთა 40 პროცენტს მოიცავენ. პროგრესული შეხედულებების მქონე ამომრჩეველი ამაზე 2-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ 21 პროცენტს შეადგენს. ბოლო 20 წლის მანძილზე კონსერვატორთა და პროგრესულთა ოდენობა დღევანდელზე 4-4%-ით ნაკლები იყო.

დღეისათვის, რესპუბლიკელები იდეოლოგიურად დემოკრატებზე უფრო ერთიანები არიან. რესპუბლიკელთა 71% თავს კონსერვატორად თვლის, მაშინ როდესაც დემოკრატთა მხოლოდ 39% მიიჩნევს, რომ პროგრესულია. დემოკრატთა დარჩენილი ნაწილი ზომიერი (38%) ან კონსერვატორია (20%). რესპუბლიკელთა შორის ზომიერები 23%, ხოლო პროგრესულები მხოლოდ 4%-ს შეადგენენ.

ვინაიდან პროგრესულები ამომრჩეველში უმრავლესობას არ წარმოადგენენ, დემოკრატები ზომიერ ხმებზე მეტად თამაშობენ. ეს მათი შიდაპარტიული დანაწევრების მიზეზი ხდება. რესპუბლიკელები უფრო ადვილად ახერხებენ ერთმანეთთან იდეოლოგიური და საარჩევნო ინტერესების შეთავსებას.

ხელისუფლების დანაწილების ამერიკული მოდელის პირობებში, ეფექტური საშინაო პოლიტიკის წარმოება დიდწილად პარტიათა თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მზარდი პოლარიზების პირობებში, ამა თუ იმ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა სულ უფრო რთულდება. ეს რიგ შემთხვევებში თითქმის ხელისუფლების პარალიზებას იწვევს.

უკვე 1000 დღე გავიდა, რაც ამერიკა ბიუჯეტის გარეშე ცხოვრობს. დემოკრატიულმა სენატმა არ მიიღო როგორც საკუთარი პრეზიდენტის შეთავაზებული, ისე რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ბიუჯეტის პროექტები. რესპუბლიკელებმა ერთხმად უარყვეს ობამას საკვანძო ინიციატივები – იქნება ეს ჯანდაცვის სოციალიზაციისკენ მიმართული რეფორმა თუ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები. ზუსტად ამგვარად, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას, დემოკრატები გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ამერიკის ვალმა უკვე 15 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. იდეოლოგიური პოლარიზაციის გამო დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ ახერხებენ ფისკალური კრიზისის დაძლევის ყველასთვის მისაღები გეგმის შემუშავებას. მხარდამჭერების განაწყენების შიშით დემოკრატები ხარჯების შემცირებას არ თანხმდებიან, ხოლო რესპუბლიკელები – შემოსავლების გაზრდას. კრიზისი კი სულ უფრო ღრმავდება.

წელს მთელი ფედერალური შემოსავლები, მხოლოდ სოციალურ უზრუნველყოფას, ღარიბი და მოხუცი მოქალაქეების ჯანდაცვასა და ვალის მომსახურებას ეყოფა. ასე რომ არ მოხდეს, ან სოციალური და სამედიცინო პროგრამების რეფორმირება უნდა განხორციელდეს, რასაც რესპუბლიკელები ესწრაფვიან და დემოკრატები ეწინააღმდეგებიან, ანაც გადასახადები უნდა გაიზარდოს, რაც, პირიქით, დემოკრატების მიზანს წარმოადგენს, მაგრამ რესპუბლიკელთათვისაა მიუღებელი.

საშინაო პოლიტიკისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკის წარმოება მეტწილად პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამ მხრივ პარტიათა თანამშრომლობას არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარკვეული პრობლემები აქაც იქმნება – ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა წინამორბედისაგან განსხვავებული კურსი აირჩიოს.

20-ე საუკუნის მეორე ნახევარში თეთრ სახლში პარტიათა მონაცვლეობა არ აბრკოლებდა რუსეთის შეკავებისა და უკუქცევის პოლიტიკის განხორციელებას. დღეს კი თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვნად გართულებულია. ამერიკის მოკავშირეებს გაუჩნდათ ეჭვი, თუ რამდენად იქნებიან შეერთებული შტატების შემდეგი ადმინისტრაციები წინამორბედთა მიერ ნაკისრი გრძელვადიანი ვალდებულებების ერთგული. სწორედ ასე მოხდა, როცა რუსეთთან ურთიერთობათა დათბობის მიზნით, ობამამ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე,

ამ გაურკვევლობიდან გამომდინარე, შეერთებული შტატების დიპლომატიისათვის უფრო რთული იქნება მოკავშირეთა დარწმუნება, რომ მათ ამერიკის ინტერესი გაითვალისწინონ. რა არის ეს ინტერესი, ამის თქმას დანამდვილებით ვერავინ შეძლებს – რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ეს სხვადასხვაგვარად ესმით.

თეთრი სახლის ცვალებადი პოზიციები, მოკავშირეებს უფრო მეტ გაურკვევლობას უქმნის და აკნინებს შტატების როლს საერთაშორისო არენაზე. 2012 წლის არჩევნების შემდგომ საგარეო პლატფორმაზე ცვლილებებს ისევ უნდა ველოდოთ. თუმცა, მიუხედავად პარტიათა შორის იდეოლოგიური სხვაობისა, ამერიკა ყოველთვის დარჩება ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპების დამცველი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები