ფეხბურთი

მთელი ცხოვრება ერთ კლუბში

საუკეთესო საფეხბურთო ლიგების ჩამოთვლას ერთი ხელის თითებიც ეყოფა – ინგლისის პრემიერლიგა, იტალიის სერია ა, ესპანეთის პრიმერადივიზიონი, გერმანიის ბუნდესლიგა...

კიდევ? საფრანგეთის ჩემპიონატიც კარგია, არც პორტუგალიის და ჰოლანდიის პირველობებს ეთქმის ურიგო, მაგრამ პირველ ოთხეულთან ნაღდად ვერ მივლენ – ისინი ძალიან შორს არიან ყველანაირი კუთხით.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ, ვთქვათ, კარგი უნგრელი და ჩეხი მოთამაშე (სამხრეთამერიკელებზე ხომ არც არაფერია სათქმელი), როგორც კი უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, უმალ იცვლის კლუბს.

ადრე სხვანაირად იყო: ინგლისის საუკეთესო გუნდი და თუნდაც იგივე უნგრეთის ჩემპიონი თითქმის თანაბარ დონეზე იდგნენ. და საერთოდ, აღმოსავლეთევროპულ კლუბებს თავი რომ დავანებოთ, იმავე ფეხბურთის სამშობლოში გუნდები ნამდვილად არ იყვნენ დაყოფილნი მაჩანჩალებად და ლიდერებად – დებიუტანტიც ბრძოლისუნარიანი იყო და ჩემპიონიც. და თუ რომელიმე კლუბს გრანდი ეთქმოდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკლუბო მუზეუმი თასებით და საჩემპიონო სინებით ჰქონდა სავსე. ეს მერე, 90-იანი წლების დასაწყისიდან გახდა ასეულობით მილიონი დოლარი, ევრო თუ გირვანქა გრანდის სინონიმი, თორემ მანამდე, ფეხბურთის არნახულ კომერციალიზაციამდე, სახელ-დიდება წარსულით და გამარჯვებებით ისაზღვრებოდა.

კარგი მოთამაშე კარგ კლუბში ბედნიერი იყო და შედარებით მაღალი გასამრჯელოს გამო გუნდის გამოცვლას არ ცდილობდა.

მაგალითები გნებავთ?

ფეხბურთის მეფე პელემ კარიერის საუკეთესო წლები სანტოსში გაატარა. სარეკორდო მეათასე გოლიც იქვე შეაგდო და მიუხედავად იმისა, რომ მის გადაბირებას დიდი ევროპული კლუბები მუდმივად ცდილობდნენ – თითქმის ხუთჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდნენ – ბრაზილიელმა მხოლოდ კარიერის მიწურულს გამოიცვალა გუნდი.

მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი ინგლისის ნაკრების კაპიტანზე ბობი მურზეც იგივე ითქმის: 16 სეზონი ითამაშა ვესტ ჰემ იუნაიტედში!

მერე რა, რომ ეს ლონდონური კლუბი არათუ გრანდი, ჩემპიონატის გამარჯვებულიც არ ყოფილა. ბობი იქ, აპტონ პარკზე მაინც ბედნიერი იყო.

ფრანც ბეკენბაუერიც გავიხსენოთ, მიუნხენის ბაიერნის სიმბოლო. ასევე მისი მეგობარი და პირველი მეტოქე სერ ბობი ჩარლტონი, მანჩესტერ იუნაიტედის ცოცხალი ლეგენდა, გნებავთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უნგრელი ფლორიან ალბერტი, ბუდაპეშტის ფერენცვაროშს რომ უერთგულა...

და თუ წარსულში ჟურნალისტები უამრავკლუბმოვლილ მოთამაშეებს უძღვნიდნენ სტატიებს და ამ ფენომენის ახსნას ცდილობდნენ, დღეს ისინი არიან თითზე ჩამოსათვლელნი, ათწლეულების შემდეგ კვლავაც მშობლიური გუნდის მაისურით რომ აგორებენ ბურთს.

ასეთებზე საუბრისას, შეუძლებელია უბერებელი უელსელი რაიან გიგზი არ გაგახსენდეს: 1991 წლის 2 მარტს, ოლდ ტრაფორდზე ევერტონთან მატჩში პირველად გამოჩნდა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით და მას შემდეგ იქაა! მიმდინარე სეზონი მისთვის ოცდამეორეა ინგლისის ყველაზე ტიტულიან კლუბში!

გიგზის რეკორდებზე აქ არაფერს გეტყვით: მათი ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, შეიძლება ამ წერილისთვის გამოყოფილი გვერდები არც გვეყოს. ერთს დავძენთ მხოლოდ: რამდენიმე დღეში უელსელი საიუბილეო, მეცხრაასე ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს ოლდტრაფორდულ კლუბში!

გიგზამდე მილანის ლეგენდარული კაპიტანი პაოლო მალდინი იყო, რომელმაც თითქმის მეოთხედი საუკუნე უერთგულა კლუბს და 900-მატჩიან ნიშნულსაც გადააჭარბა, თუმცა დღეს ფეხბურთელ მალდინიზე წარსულში საუბრობენ, მანჩესტერელთა მე-11 ნომერი კი კვლავ პრემიერლიგაშია და გოლებიც გააქვს.

„პირველად რომ ვნახე, 13 წლის იყო. ახლა, 25 წლის შემდეგ, რაიანის ფეხბურთი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მაშინ, 90-იანების დასაწყისში. მიხარია, რომ ჩვენ დროში კვლავ თამაშობს ფეხბურთელი, ვისაც საოცარი კარიერა უმაგრებს ზურგს. ის სიმბოლოა. მანჩესტერ იუნაიტედის და ფეხბურთის სიმბოლო!” – სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში უელსელმა 33 გუნდური ტიტული და მილიონობით გულშემატკივრის გული მოიგო.

გიგზის მხარდამხარ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 17 წლის მანძილზე ითამაშა პოლ სქოულზმა, რომელიც შარშანდელი სეზონის ბოლოს გამოეთხოვა ფეხბურთს. ვეტერანი ნახევარმცველის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე ბრიტანელმა მიმომხილველმა ნაჩქარევი

უწოდა. ისინი რომ არ ტყუოდნენ, პირველ რიგში, სერ ალექსი ხვდებოდა: იანვარში, რამდენიმე შეხვედრაში წაგების შემდეგ, მწვრთნელმა სქოულზს კლუბში დაბრუნება სთხოვა. 8 იანვარს პოლმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტს მოაწერა ხელი, ოლდ ტრაფორდზე, ბოლტონთან 3:0 მოგებულ მატჩში კი გოლიც გაიტანა!

და თუ გიგზი დღე-დღეზე მეცხრაასე მანჩესტერულ მატჩს ჩაატარებს, სქოულზმა მალე, შესაძლოა, 700-მატჩიან ნიშნულს უწიოს.

პრემიერლიგაში კიდევ რამდენიმეა, დებიუტის დღიდან ერთ კლუბში რომ თამაშობს, მათგან გამოსარჩევი კი ლივერპულის ორი სიმბოლო გახლავთ: 2011-12 წლების სეზონი ენფილდროუდელთა კაპიტნის, სტივენ ჯერარდისთვის მეთოთხმეტეა, ვიცე-კაპიტანი ჯეიმი კარაგერი კი ორი წლით ადრე მივიდა „წითლებში”.

მათ ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი, ორჯერ აღმართეს ინგლისის ასოციაციის, ლიგის, სუპერ და ევროპის სუპერთასები, პირველმა თითქმის ექვსასჯერ ითამაშა ლივერპულში, კარაგერმა – უფრო მეტჯერ, მაგრამ მათ ჯერაც ვერ მოუგიათ საოცნებო პრემიერლიგა.

და, მიუხედავად ამისა, წამით არ უფიქრიათ ენფილდ როუდის დატოვება. რატომ?

„როცა ენფილდზე გატარებულ წლებს და მსოფლიოს საუკეთესო ფანებს იხსენებ, ხვდები, რომ სხვაგან ასე კარგად ვერასდროს იქნები. და თანაც, არ მინდა, რომ წლების შემდეგ, როცა ამის დრო მოვა, ჯონ პოლს თვალებში ვერ შევხედო”, – სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი, 10 წლის ჯონ პოლ ჯილჰული 1989 წელს ჰილსბროს ტრაგედიას შეეწირა – 96 გარდაცვლილს შორის ყველაზე პატარა იყო...

იტალია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, ტურინის იუვენტუსი ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბია, ალესანდრო დელ პიერო კი

იტალიური ფეხბურთის „ბებერი ქალბატონის” უბერებელი ფავორიტი: 500-ზე მეტი მატჩი და 200-ზე მეტი გოლი სერია ა-ში; კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი ოფიციალური მატჩებით და გოლებით; საოცარი მიღწევები ჩემპიონთა ლიგაში, უეფას საკლუბო ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატზე...

როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად, ბებერი ქალბატონის და პინტურიჩოს სიყვარულსაც აქვს დასასრული: დელ პიერო შავ-თეთრი მაისურით უკანასკნელ სეზონს ატარებს – ზაფხულში იუვენტუსს გამოეთხოვება.

კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მას უკვე შესთავაზა თანამდებობა დირექტორთა საბჭოში. შესაძლოა, ტურინელთა კერპმა მართლაც მოიკალათოს კომფორტულ სავარძელში, თუმცა მთავარი სხვა რამაა: რა დროც არ უნდა გავიდეს, იქ, მწვანე მინდორზე, საჯარიმოსთან რამდენიმე კვადრატულ მეტრს სახელი არასდროს შეეცვლება – დელ პიეროს ზონად დარჩება.

თუ ალექსის ისტორია დასასრულს უახლოვდება, აპენინის ნახევარკუნძულის შუაგულში, მარადიულ ქალაქში ფრანჩესკო ტოტის „საქმენი საგმირონი” კვლავ გრძელდება: რამდენიმე დღის წინ რომას სიმბოლომ ჩემპიონატში 211-ე გოლი გაიტანა და მორიგ მწვერვალზე შედგა – ერთი კლუბის მაისურით ამდენი ბურთი სერია ა-ში არავის შეუგდია!

ლაციოს ტიფოზები ხშირად გაიცინებენ ტოტის სისულელეებზე, გულშემატკივრები უზუსტობას კვლავ დაუწუნებენ, ჟურნალისტები სიმულანტობაში დაადანაშაულებენ, მაგრამ მთავარს ვერავინ უარყოფს: ფრანჩესკო ტოტიმ კალჩოში თავისი კვალი დატოვა. 700-მდე მატჩი და 300-მდე გოლი ამას ნამდვილად ადასტურებს...

9 წლის იყო, მადრიდის რეალის ბავშვთა სკოლაში რომ დაიწყო ვარჯიში, 16 წლისას კი პირველ გუნდში უხმეს. 2000 წლის 20 მაისს 19 წლის შესრულდა, ოთხი დღის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. მისმა რეალმა ვალენსიას 3:0 მოუგო და ის გახდა ყველაზე პატარა მეკარე, ვინც უმთავრესი საკლუბო თასის გადამწყვეტ მატჩში ითამაშა!

მას შემდეგ იკერ კასილას ფერნანდესი სამეფო კლუბის და ესპანეთის ნაკრების კარს იცავს და განვლილი 13 წლის მანძილზე ყველაფერი მოიგო, რაც კი შესაძლებელია: 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი, 2010 წელს ფიფას ოქროს თასი, ლა ლიგა – ოთხჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ორჯერ, ესპანეთის სუპერთასი – სამჯერ... ამას დაუმატეთ ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები, მეფის თასი, ათობით

ინდივიდუალური ტიტული... 22 იანვარს, პრიმერადივიზიონში ბილბაოსთან 4:1 მოგებულ მატჩში რეალის მაისურით მეექვსასე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ნაკრებზე არაფერს ვამბობთ: 127 კეპით ის უკვე რეკორდსმენია! არადა, მხოლოდ 30 წლისაა. ორი-სამი სეზონიც და გულშემატკივრები ცნობარებში ამოიკითხავენ, რომ ყველაზე მეტი მატჩი მადრიდის რეალის მაისურით რაულმა კი არა...

თუ სანტიაგო ბერნაბეუზე მხოლოდ იკერ კასილასი „მოდის ბავშვობიდან”, მადრიდელთა მთავარი მეტოქე ბარსელონა ერთბაშად ოთხი ისეთი ფეხბურთელით იწონებს თავს, საკლუბო სკოლა ლა მასია რომ დაასრულეს და ათ წელზე მეტია პირველ გუნდში არიან: გუნდის სული და გული ხავი 1998 წელს დააწინაურეს, კაპიტანი კარლეს პუიოლი – ერთი წლის შემდეგ, მეკარე ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა კი 2002 წლიდან მოდიან.

მათზე ახალს არაფერს გეტყვით, მხოლოდ გირჩევთ დროგამოშვებით სტატისტიკას ჩახედოთ. დღეს, როცა ფეხბურთელებს კვირიდან კვირამდე უწევთ ძირითადისთვის ბრძოლა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურით ჩატარებული 600, 500 ან 400 მატჩი ერთადერთზე მიუთითებს – ისინი საუკეთესონი არიან!

გიგზი, ჯერარდი, დელ პიერო, კასილასი, ხავი...

დღევანდელ ფეხბურთში მშობლიური კლუბის ერთგულები ძალიან ცოტანი დარჩნენ.

კომენტარები