The Hunger Games

ახალი ფილმი The Hunger Games სიუზან კოლინსის რომანის მიხედვით

ჰოლივუდში ვარაუდობენ, რომ რამდენიმე თვეში „ბინდი“ და “ჰარი პოტერი” დავიწყებას მიეცემა და მათ ადგილს ახალი ფენომენი "The Hunger Games" დაიკავებს. როგორც მრავალ წარმატებულ  ფრენჩაიზს,  ახალ ფილმსაც საფუძვლად ბესტსელერი უდევს.  ტრილოგიად გაერთიანებული ნაწარმოების ავტორი სიუზან კოლინსია. 

მოქმედება მომავალში ხდება, როდესაც განადგურებული ჩრდილოეთ ამერიკის ადგილს  საზოგადოება სახელად  პანემი დაიკავებს. პანემს სასტიკი და ძლევამოსილი ხელისუფლება მართავს, რომლის დაქვემდებარებაშიც 12 ღარიბი ოლქი იმყოფება. სასჯელად აჯანყებისა, რომლის დროსაც მეცამეტე ოლქი განადგურდა, ტარდება სატელევიზიო თამაში, რომელშიც მონაწილეობას თითოეული ოლქიდან ერთი გოგო და ერთი ბიჭი იღებს. თამაშის წესების თანახმად, კონკურსანტებმა უნდა იბრძოლონ მანამ, სანამ მხოლოდ ერთი მონაწილე დარჩება ცოცხალი. ნაწარმოების მთავარი გმირი 16 წლის გოგონა კიტნისია, რომელიც თამაშებში თავისი პატარა დის ნაცვლად  გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას.  სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება გოგონას, მის შეყვარებულ პიტს, რომელიც ასევე მონაწილეობს თამაშებში და კიტნისის ბავშვობის მეგობარ გეილს შორის.

კიტნისის როლს "Winter's Bone" - ისა და "X-Men: First Class" - ის ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს. კრიტიკოსებმა  მსახიობი ამ როლისათვის ძალიან ახალგაზრდად და ლამაზად მიიჩნიეს. პიტის და გეილის როლებში მაყურებელი ნაკლებად ცნობილ  მსახიობებს, ჯოშ ჰეტჩერსონსა და ლაიამ ჰემსვორტს იხილავს. მათ  უკვე უწინასწარმეტყველებენ დიდ პოპულარობას ახალგაზრდა აუდიტორიაში.  ფილმში მონაწილეობენ აგრეთვე, ჰოლივუდის ცნობილი  მსახიობები ვუდი ჰარილსონი, სტენლი ტუჩი და მომღერალი ლენი კრავიცი.

ფრენჩაიზის პირველი ნაწილი, რომლის  რეჟისორი გერი როსია, 23 მარტს  გამოვა მსოფლიო კინოეკრანებზე. ფილმის პროდიუსერებმა საზოგადოებას უკვე შესთავაზეს ტრეილერი. ჰოლივუდში მიიჩნევენ, რომ სურათის პირველი კადრები გვაძლევს იმის იმედს, რომ "The Hunger Games" - ის პერსონაჟების სასიყვარულო ხაზი „ბინდზე“ ჩახლართული და საინტერესო, ხოლო ფილმი სპეც-ეფექტებით „ჰარი პოტერზე“  მეტად დატვირთული იქნება.

კომენტარები