სსრკ ისტორია

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

0 კომენტარი

ეშელონს ჩამორჩენილი ჯარისკაცი

თვითონაც ვერ გარკვეულიყო, ეშელონს შეგნებულად ჩამორჩა თუ სრულიად შემთხვევით. როცა ბოლო ვაგონმა თვალწინ ჩაუქროლა, ფეხიც არ აუჩქარებია, ზანტად გაადევნა მზერა სადღაც მიმავალ, ბორბლებზე შემდგარ ქუჩას, სემაფორს რომ თანდათან შორდებოდა, სადაც მატარებელი ორი საათი იყო გაჩერებული და რკინიგზის მარჯვენა მხარეს თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული ბაღჩა, ცოტა ხნის წინ რომ საზამთროთი და ნესვით იყო სავსე, ჯარისკაცებს ისე გაეპარტახებინათ, გადაეჯეგათ, რომ საზარელი სანახავი იყო. უშველებელ ტერიტორიაზე მიმოფანტულ საზამთროსა და ნესვის ქერქებს და სანახევროდ შეჭმულ, დანებით ამოღრუტნულ ნაყოფს ტრამალის ჭიანჭველები დახვეოდა, კრაზანებიც საიდანღაც მოფრენილიყვნენ, ათასგვარი მწერი ირეოდა და ფუთფუთი, ბზუილი, ზუზუნი, გამალებული შრომა გაჩაღებულიყო. საკოლმეურნეო ნაკვეთის ყარაული ისევ იქ იჯდა, ფილთა თოფის ამარა დარჩენილი, სადაც ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცების დანახვისას ჩაჯდა შიშისგან მუხლებმოცელილი და ვინ იცის, რას ფიქრობდა ან რას განიცდიდა გაპარტახებულ ბაღჩას რომ გაჰყურებდა ისეთივე უაზრო და ცარიელი თვალებით, როგორი დაუსაბამო და გაურკვეველი სივრცის ფსკერზეც ჩარჩენილიყო ეს საბრალო არსება.

ერთი სიტყვით, კოსტენკომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ძალამ აიძულა არ დადევნებოდა დაძრულ ეშელონს, სადაც უამრავი საზამთრო და ნესვი აზიდეს ჯარისკაცებმა, რა მიზნით ჩამორჩა მატარებელს. შვებაც იგრძნო და წუხილიც ერთდროულად. შვება იმიტომ, რომ სათუო `შმონს~ და მოსალოდნელ პატიმრობას გადაურჩა, რადგან უკვე გაფაციცებით ეძებდნენ დამნაშავეს, თანაც წუხდა, იქნება არც გავეჩხრიკე და გადავრჩენილიყავი, დემობილიზაციამდე ხომ სამი თვე მრჩებოდაო. არა, გარისკვა არ ღირდა, იმეორებდა გულში და დროდადრო იქით იყურებოდა, სადაც მატარებელი უსასრულობაში უჩინარდებოდა და ყოველი მოხედვისას მცირდებოდა შავი ლაქა, ვიდრე ერთ მშვენიერ წუთს საერთოდ არ გაქრა და ბორბლების მონოტონური ხმაური არ ჩაიწურა უფსკერო სიცარიელეში.

გადაწყვიტა, სამხრეთისკენ ევლო. ირანის საზღვარი სადღაც ახლოს იყო და იქნებ გადამძვრალიყო კიდეც სხვა ქვეყანაში. იქ ვეღარავინ მიაგნებდა და პასუხსაც ვერ მოსთხოვდნენ. თუმცა ეს გადაწყვეტილება აეჭვებდა, რადგან მალიმალ ახსენდებოდა მეზობლის, ნაციხარი და ლოთი მაქსიმკას ნათქვამი: ეს ჩათლახები აზოვის ზღვაში რომ თევზებს ნომრავენ, კასპიის ზღვაში იჭერენო. მაინც მიდიოდა სამხრეთისკენ, ალალბედზე, გაასმაგებული ეჭვი გულს უძიძგნიდა და სათადარიგო, უფრო საიმედო გზას ეძებდა, ამ გასაჭირიდან რომ უვნებლად გამოეღწია.

ყველაზე ვრცელია ეჭვის სამყარო, იგი სიყვარულსაც და სიძულვილსაც თანაბრად იტევს და, საერთოდ, ყველასა და ყოველივეს მოიცავს, მეტადრე მაშინ, თუ საძირკველი მორყეულია და ეჭვის ამოუხაპავ სიღრმეში ცრუწარმოსახვათა და ათასგვარ ვერსიათა პოპულაცია ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, რომ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადადგეს, თუ რაღაც საყრდენისმაგვარი რამე არ იპოვა ან თუნდაც ხელჩასაჭიდი სიცრუე, რომელიც ხანმოკლე, დამამშვიდებელ პაუზას აჩუქებს და ცოტა ხნით მაინც გაუხანგრძლივებს არსებობას. იქნებ საშველი თავადვე გამოჩნდეს უსასრულოდ გაგრძელებული წუთის გავლის შემდეგ, როცა აღმოაჩენ, რომ ახალი დრო დაიწყო, რადგან გაჩნდა განსხვავებული და უფრო საიმედო მიზანი, შეუძლებლობის გადამლახავი აზრი, უცნაური ენერგიით რომ აღავსებს ადამიანს, უფსკრულზე გადაახტუნებს ან წყალზე გაატარებს უფალივით.

ჰორიზონტის ყულფში ჩაგუბებული ტრამალის ნაპირთა პირობითობას გრძნობდა მზერით და ამ უსასრულობაში ჩაკარგული კოსტენკო ფიქრობდა, როდის შეიძლებოდა გადაჰყროდა სულიერს ან კვამლი შეენიშნა, რაც იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ სადღაც, ვიღაც ცხოვრობს და სხვას თუ ვერაფერს, დაცარიელებული მათარის წყლით შევსებას მაინც შეძლებდა, მაგრამ არაფერი ჩანდა, გარდა იმისა, რაც ჩანდა _ ვრცელი, დაუსაბამო სიცარიელე, სადაც სიცოცხლე შენიღბულად, მთელი ძალით ფეთქავდა და ეს მაშინ იყო საცნაური, როცა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ათობით კალია ამოხტებოდა ბალახიდან ერთდროულად და სხვადასხვა მხარეს, მოკლე მანძილზე, _ იქვე პოვებდა ახალ სამყოფელს.

იგი მიდიოდა უმისამართოდ _ არსაიდან არსაით და მისი მოძრაობა პირობითი იყო, რამდენადაც საბოლოო მიზანი არ ჩანდა და, შესაბამისად, მანძილი არც მცირდებოდა და არც იზრდებოდა. ყოველივე ეს დაუსაბამობაში იმედგაცრუებულმა კოსტენკომ რამდენიმე წუთის წინ შეამჩნია და ამ უაზრობიდან თავდასაღწევად ისევ იმავე მიმართულებით სიარული გადაწყვიტა იმის იმედით, რომ სადმე, რომელიმე დასახლებულ პუნქტამდე, დაბამდე, აულამდე, თუნდაც მეცხვარეთა სადგომამდე მაინც მიაღწევდა, სულს მოითქვამდა, წყალს დალევდა და მერე იფიქრებდა, საით გაეგრძელებინა გზა _ ნაწილში დაბრუნებულიყო თავისი ფეხით თუ დეზერტირის ბედს შეგუებოდა, მუდმივ დევნილობაში ეცხოვრა, კარდაკარ ეწანწალა, იქნებ ახალი პასპორტი ეშოვა, სადმე მშენებლობაზე მოწყობილიყო სამუშაოდ, სამუდამოდ გადაევიწყებინა ოჯახი, მშობლიური ქალაქი როსტოვი და უთვისტომო კაცი შეჰგუებოდა ახალ სინამდვილეს... სანაცვლოდ, დემობილიზაციამდე დარჩენილ სამთვიან სამსახურს ასცდებოდა და, რაც მთავარია, იმ საშიშროებას აიცილებდა, რომელსაც წელზე შემორტყმული ქისის ფორმა ჰქონდა მიღებული და ნებისმიერი მიზეზი აფორიაქებისა ამ მუჭისხელა, თავმოკრული, ლამაზად მოქარგული, წაყრონჭილი, ერთი ციცქნა ბნელი სივრციდან გადაეცემოდა მის სხეულს, გულსა და ტვინს. ამგვარ ორჭოფულ ყოფაში არ იცოდა, რა მოემოქმედებინა, როგორ გაჰქცეოდა ოქროს გვირგვინებით გატენილ ქისას, რომლის აუხსნელ ძალასაც დაებინდა მისი აზროვნება და გამოსავალს ეძებდა. კარგა ხნის სიარულის შემდეგ მიხვდა, რომ ის კუ, წეღან რომ მოჰკრა თვალი ტრამალზე, უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე თავად, რადგან კუ აქ ცხოვრობდა და არსად წასვლას არ აპირებდა. ის კი მიდიოდა შეუსვენებლად, აუჩქარებლად. იცოდა, რომ იმედის ამოწურვამდე უნდა ევლო, მაგრამ თუ კუ საკუთარ ბაკანთან ერთად მიზოზინებდა, ანუ თავის სახლთან შეზრდილი გადაადგილდებოდა, კოსტენკოსთვის ოქროთი სავსე ქისა იმ ბედნიერი ცხოვრების მოწყობის ილუზია იყო, რომლის განსახორციელებლადაც ათას ხიფათს უნდა გადაჰყროდა, უთვალავი წინააღმდეგობა გადაელახა. წარმოდგენა არ ჰქონოდა, როგორ დამთავრდებოდა ყოველივე და მიხვდა, რომ რაღაც გეგმა უნდა შეემუშავებინა, კარგად გაეთვალა ყოველი მოქმედება, რათა არ გაბმულიყო იმ მახეში, საკუთარ თავს რომ დაუგო დაუოკებელი სიხარბით. უმისამართო სიარულის უაზრობამ, ტრამალისა და ტრამალზე გადმომყურე ცის უსასრულობამ მღილად აქცია. უცვლელი სივრცე, დაუსაბამობა თანდათან იწოვდა, ისრუტავდა, არარად აქცევდა და მხარზე გადაკიდებული ავტომატი თავისი მჭიდით, ხიშტით, კონსერვებით და არყით გამოტენილი ზურგჩანთა _ სხეულის წანაზარდად რომ აღიქვამდა და ადრე ეიმედებოდა კიდეც, აზრს კარგავდა მორიგ ნაბიჯთან ერთად, რადგან არ იცოდა, მის მოძრაობას წინსვლა ერქვა თუ უკუსვლა.

ეკლიან ბუჩქთან შეჩერდა, ჩაჯდა, ზურგჩანთა და ავტომატი მოიხსნა, ჩამავალ მზეზე დაგრძელებული ბუჩქის ჩრდილს შეუერთდა. ჩრდილი თანდათან პატარავდებოდა და კოსტენკოს შეეშინდა, საკუთარ ჩრდილთან ერთად არ გამქრალიყო ამ თვალუწვდენელ სამყაროში და ჩამავალ მზეს არ გაჰყოლოდა წონადაკარგული, ამჩატებული, სხვა რეალობაში არ გადაზრდილიყო უსასრულობის თანამდევი მოწყენილობიდან, მაგრამ მიხვდა, რომ მოწყენილობის მიზეზთა ძებნა აუცილებელი იყო, ასე უფრო დაუბრუნდებოდა თავს, რადგან სასოწარმკვეთი ნაღველის სიღრმეში ყოველთვის იმალებოდა სიხარულის მარცვლები, რომლის პოვნა შესაძლებელია, თუ საფუძვლიანად მოიწყენს კაცი და მოწყენის მიზეზს მიაკვლევს.

 

 

* * *

ნაწილში უკვე ეჭვობდნენ, რომ კიროვაბადის ქუჩებში დროდადრო, ღამღამობით დაძრწოდა რომელიღაც რუსი ჯარისკაცი, ავტომატმომარჯვებული, ბნელ ქუჩებში ძარცვავდა ასაკოვან მოქალაქეებს და სტომატოლოგის მაშით კბილებიდან აძრობდა ოქროს გვირგვინებს, ხიდებს; ქალებს _ ოქროს ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს, ყველაფერს, რასაც ოქროს ფერი ჰქონდა ან ოქროს მიამსგავსებდა. საზაფხულო სამხედრო სწავლებაზე გამგზავრების წინ კოსტენკოც დაჰკითხეს, ჯარში გაწვევამდე სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრება მოესწრო სტომატოლოგიის განხრით და მისი სამოქალაქო პროფესია ოფიცრების ეჭვს აძლიერებდა. პირველ წელს, როგორც საშუალო სამედიცინო განათლების მქონეს, კოსტენკოს სამთვიანი კარანტინის გავლისა და ფიცის მიღების შემდეგ სანნაწილში მიუჩინეს ადგილი. მშვიდად, კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ერთხელაც სპირტის ქურდობაში გამოიჭირეს და საარტილერიო ბატალიონში გადმოიყვანეს. კოსტენკო მთელი წელი იპარავდა სპირტს გრამობით, ცოტ-ცოტას, ხრახნიან ბოთლში აგროვებდა და მერე, როცა შეავსებდა, ჯარისკაცებში ყიდდა. თვითონ სპირტის სმას ერიდებოდა, ფულს კაპიკ-კაპიკ აგროვებდა და როცა ფული თუმნამდე შეივსებოდა და ქალაქში ერთდღიანი შვებულებით უწევდა გასვლა, ეგრევე ფოსტას მიაშურებდა, თანხას მარტოხელა, მრავალშვილიან დედას უგზავნიდა როსტოვში. როცა გამოიჭირეს და სამდღიანი ჰაუპტვახტი აკმარეს, ხოლო გათავისუფლების შემდეგ საარტილერიო ბატალიონში გადმოიყვანეს, უფრო გულჩათხრობილი და უსიტყვო ჯარისკაცი მთელ დივიზიაში არ მოიძებნებოდა. ისე გაივლიდა დღეები, ერთ სიტყვასაც არ იტყოდა. `პალუჩკაზე~ სიგარეტს იყიდდა და სამ მანეთსა და ოთხმოც კაპიკს მთელი თვე იზოგავდა. ზემდეგის ცოლს, დივიზიის ტერიტორიაზე რომ სადილის შემდეგ გამოჩნდებოდა თავისი ურიკით და ცხელ-ცხელ ღვეზელებს ყიდდა, ახლოს არ ეკარებოდა, ნერწყვი მოსდიოდა, მაგრამ სურვილს იკლავდა. თუ ვინმე შესთავაზებდა ღვეზელს, ათასში ერთხელ ასეც ხდებოდა, უხალისოდ გამოართმევდა და თითქოს უმადოდ ილუკმებოდა.

შეყვარებულის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, დასაბმელი გახდა, სულ გაგიჟდა, სიმწრისგან თითები დაიკბინა, კედელს თავი ურტყა გამეტებით, ძლივს გააკავეს ჯარისკაცებმა და იმავე სანნაწილში გააქანეს, სადაც რამდენიმე ხნის წინ მუშაობდა. დათეთქვილი თავი იოდით დაუმუშავეს, გადაუხვიეს. დაკბენილი თითები სპირტით გაუწმინდეს, დააშოშმინეს და მეთვალყურე მიუჩინეს, რაიმე სისულელე რომ არ ჩაედინა. იმ საღამოს ზემდეგმა ინახულა, მეთვალყურეს პალატა დაატოვებინა, კარი შიგნიდან გადარაზა და კოსტენკოსთან მარტო დარჩა. ჯიბიდან ნახევარლიტრიანი არყის ბოთლი დააძრო და კოსტენკოს ასი გრამი გადაახუხა. სალა და პურის ნაჭერი ქაღალდიდან გამოაცოცა და ჯარისკაცს გაუწოდა.

_ ნუ დარდობ, ძმაო! მეც გადავიტანე მსგავსი რამ ოდესღაც! დაიკიდე! ერთი მაგათი! ნაშების მეტი რაა, თავს ნუ გაიგიჟებ, მთელი ცხოვრება წინა გაქვს, _ დააიმედა. ნაკლული ბოთლი ისევ გულის ჯიბეში ჩამალა, კარი გააღო, მეთვალყურე ჯარისკაცს უხმო და წავიდა.

სანნაწილიდან რომ გამოწერეს, კოსტენკოს ერთხანს ყარაულში არ უშვებდნენ, ავტომატს არ ანდობდნენ, ფრთხილობდნენ, რაიმე არ მოიწიოსო. მერე ყველას დაავიწყდა ეს ამბავი, კოსტენკოს გარდა, თუმცა კოსტენკო თანდათან წელში გაიმართა, თვალებში გულგრილი სიმკაცრე ჩაიგუბა და იმ ჩვეულებრივ ჯარისკაცად იქცა, რომელსაც სხვებში ვერ გამოარჩევდით. ყარაულშიც დადიოდა და სამხედრო წესდებასაც ზედმიწევნით ასრულებდა. თვეში ერთხელ პოსტიდან იპარებოდა, გარეუბნის ქუჩებში მსხვერპლს მოიხელთებდა, პირს გააღებინებდა, ფანარს ჩაანათებდა და დაზაფრულ, შიშისგან მომჩვარულ არსებას ოქროს ხიდებს დააძრობდა. უკან სირბილით ბრუნდებოდა, მავთულხლართების ქვეშ მოხერხებულად გაძვრებოდა და საყარაულო კოშკურასთან ბოლთის ცემას იწყებდა. უკეთესი ალიბი რა გინდოდა?! ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე დემობილიზაციამდე რამდენიმე თვე არ დარჩა. ქისა სავსე იყო ოქროთი და სამალავი, სადაც კოსტენკო ნაძარცვს ინახავდა, არავინ იცოდა. რამდენჯერმე გაჩხრიკეს ყაზარმა, ზურგჩანთები, ლეიბები, ვერაფერი აღმოაჩინეს. ჯარისკაცებმა ყურმოკრულად იცოდნენ ღამეული ყაჩაღობის ამბავი, თუმცა ოფიცრები არ ამხელდნენ ჩხრეკის ნამდვილ მიზეზს: ვიღაცას არაყი შემოაქვს და თუ გამოვიჭირეთ, ჩავაყუდებთო.

როცა საზაფხულო სამხედრო სწავლებაზე გამგზავრების დრომ მოაღწია, კოსტენკომ თავის სამალავს მიაკითხა. ღამით მოზრდილი, თავმოკრული, ოქროთი გატენილი მკვრივი ქისა, ყელი რომ მოქარგული ჰქონდა (ესეც ერთ თათარს დააწერა), წელზე ბაწრით შეიბა და მეორე დღეს, ვიდრე ეშელონს ტექნიკით დატვირთავდნენ სადგურ ევლახში და ვიდრე მატარებელი დაიძვრებოდა, სულ იმის შიშში იყო, უცებ არ `დაგვშმონონო~. ასე რომ, თავდაპირველი ეჭვი _ შემთხვევით ჩამორჩა მატარებელს თუ შეგნებულად _ გაქარწყლდა. ახლა მთავარი იყო, გზა ეპოვა, თუნდაც ერთადერთი სახლი, ერთადერთი ძეხორციელი ან სულაც სამანქანო გზა, მანამდე ახალ სამალავს მოძებნიდა, რომელიმე მარტოხესთან ან გზატკეცილთან, სადაც გზის პირას, კილომეტრების აღმნიშვნელ ფირნიშთან, რომელიც მტკიცედ იყო ჩაბეტონებული და ვერავინ ამოაძრობდა, ჯარისკაცური ნიჩბით მიწას ღრმად გათხრიდა და ოქროთი სავსე ქისას იქ დამარხავდა. ფირნიშზე აღბეჭდილ ტოპონიმს, მანძილის აღმნიშვნელ ციფრებს უბის წიგნაკში ჩაიწერდა და მერე როგორმე მიაღწევდა სამხედრო პოლიგონამდე _ ნასოსნაიამდე _ სუმგაითიდან რამდენიმე კილომეტრზე, კასპიის ზღვის პირას მდებარე ყაზარმებამდე, სადაც ქარში აირწინაღის გარეშე სასადილომდე მისვლაც არ შეიძლებოდა, რადგან ჰაერი ქვიშის უთვალავი ნაწილაკით იყო გაჯერებული.

ირანის საზღვარზე გადაპარვა გადაიფიქრა. იცოდა, რომ ეს ყველაზე განუხორციელებელი ვარიანტი იყო. აქედან თუ გაეპარებოდა მესაზღვრეებს, რა გარანტია ჰქონდა, რომ იქითა მხარეს არ დაიჭერდნენ, ჯაშუშად არ ჩათვლიდნენ და ციხეში არ ამოალპობდნენ. გეოგრაფიიდან ახსოვდა, რომ იქ, რომელიღაც მდინარეც იყო გადასაცური და ამ ვერსიაზე აღარც ფიქრობდა. ეს ოქროც ხომ მარტოხელა დედისა და ობოლი და-ძმებისთვის აგროვა, _ ირანში მთლად შაჰივით რომ ეცხოვრა, მათი დარდი მოკლავდა.

შორიახლოს ცხვრის ფარა შენიშნა. ის იყო, უნდა წამომხტარიყო, ეყვირა სიხარულისგან, რომ ქალის კვნესა შემოესმა. გაირინდა, მიაყურადა, მიწაზე გაწვა და გაფორთხდა, ეკლიან ბუჩქს ხოხვით შემოუარა. ქალის ფეხები დაინახა, ზედ დამხობილი ბოხოხიანი თათრის ხვნეშაც მოესმა და წამოდგა, ზურგჩანთა და ავტომატი წამოკრიფა, ხმამაღლა ჩაახველა. თათარი წამოვარდა. ქალმა სახე დაიფარა, ფეხები ისევ გაფარჩხული დარჩა და კოსტენკომ შენიშნა, თათრის მიტოვებული სარცხვინელი თვალსა და ხელს შუა ისე დაპატარავდა, როგორც კუს ბაკნიდან გამოშვერილი თავი, შიშისგან რომ ისევ ბაკნის ქვეშ მალავს.

_ სად არის ტრასა? _ უღრიალა.

თათარმა ხელი გაიშვირა, _ იქით, ერთ კილომეტრშიო.

კოსტენკომ ავტომატი დაუმიზნა: სირბილით იარ!

თათარმა შარვალი აიწია და უკანმოუხედავად გაიქცა. როცა გაქცეული თათარი წერტილად იქცა, კოსტენკომ ისევ ქალისკენ გააპარა თვალი.

ქალი ისევ ისე იწვა, ოღონდ კაბა ჩამოეწია, იწვა და ხმას არ იღებდა, სახეს უფრო გულმოდგინედ იფარავდა.

კოსტენკო მიუდგა ქალს, ისე, რომ ავტომატიც არ მოუხსნია იმის შიშით, თათარი თუ დაბრუნდა, მზად ვიყოო. მაგრამ თათარი, ჩიტიც რომ ყოფილიყო, ვერ მოასწრებდა აქამდე მოფრენას, ისე უცებ გადნა კოსტენკო. ქალი არც განძრეულა. კოსტენკოც ზედ დამხობილი იწვა. გონს რომ მოვიდა, წელზე შემორტყმული ქისა მოისინჯა, შეამოწმა, გული მოეცა, გაუხარდა. იქვე ჩამოჯდა. ქალი არ ინძრეოდა. სახიდან ხელისგულები არ მოუშორებია.

კოსტენკოს კარგად ახსოვდა ის მხარე, თათარმა რომ მიუთითა: იქით, ერთ კილომეტრშიო. მზე ჩადიოდა და უნდა აჩქარებულიყო, რომ ტრასამდე მიეღწია და ეს კონკრეტული `იქით~ სიბნელეს არ შთაენთქა.

_ მოვასწრებ! _ გაიფიქრა კოსტენკომ და ისევ ქალს მიუდგა. დედაკაცს ცხვრის დუმის სუნი ასდიოდა, მაგრამ ეს უფრო აშმაგებდა ჯარისკაცს. ქალმა ხელისგულები მოიშორა სახიდან, მკლავები შემოაჭდო უცნობს და სხეულის ნაკარნახევ რიტმს აჰყვა.

 

 

* * *

კოსტენკომ შარვალი ჩამოიბერტყა. უფრო მოხერხებულად მოიგდო ზურგჩანთა მას მერე, რაც არყის ბოთლი ამოაძვრინა. ქალს გაუწოდა. ქალმა იუარა. იგი სახეს აღარ მალავდა, წამომჯდარიყო და იქით იყურებოდა, სადაც მისი ქმარი გაიქცა, რომლის უმცროსი და მესამე ცოლი იყო.

კოსტენკომ არყის ბოთლი მოიყუდა, ერთხანს წყალივით სვამდა, მერე ბოთლი ტუჩებიდან სწრაფი მოძრაობით მოიცილა, სახელოს დაყნოსა და სწრაფი ნაბიჯით გასწია იქით, სადაც სამანქანო გზა ეგულებოდა. გზას რომ მიაღწია, პირველივე ფირნიშთან, რომელზეც ტოპონიმი რუსულად და აზერბაიჯანულად ეწერა და იქვე იყო მინიშნებული, ბაქომდე მერამდენე კილომეტრი იყო, მიწა სწრაფად გათხარა, ქისა ჩამარხა, დიდი, ხავსიანი ქვა იპოვა, იმავე ადგილას ნახევრად ჩაფლო და გზას გაუყვა ბაქოსკენ. ახლა საჭირო იყო ნაწილში დროზე დაბრუნება. უბის წიგნაკში ზუსტად აღნიშნა სად, რომელ კილომეტრზე, რომელ ფირნიშთან ჩამარხა თავისი ნაძარცვი და ღამეს მიაყურადა, თან უკან-უკან იყურებოდა, იქნებ სატვირთო მანქანა წამომეწიოს და ბაქოსკენ გამიყოლოსო...

რამდენიმე ათეული წლის მერე, ღამის ჭრიჭინების ორკესტრი უამრავი მობილური ტელეფონის ერთდროულ მრავალხმოვანებას შეადარა, მაგრამ ეს შედარება ურთიერთგამომრიცხავ განწყობას შეიცავდა. ერთი მხრივ, ეს იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ცხვრის დუმის სუნი და ჩაწყვდიადებულ ტრამალზე უთვალავი ჭრიჭინას სიმღერა, ხოლო მეორე მხრივ, ვეებერთელა ჭაღით განათებული `დუმის~1 დარბაზი, სადაც მაძღარ გვამთა ჯიბეებიდან ასევე ერთდროულად, სხვადასხვა ხმაზე გაისმოდა მობილური ტელეფონების წკრიალი, ზუზუნი, სხვადასხვა მელოდიათა მონოტონური ფრაზები, მაგრამ არა ის ხმები, ვარსკვლავებსა და ღამესთან იდუმალ კავშირს რომ გულისხმობს.

 

1. ერთ საღამოს, როცა თბილისის ტელევიზიით რუსეთის დუმის სხდომის დარბაზს აჩვენებდნენ, თვალი მოვკარი რომელიღაც ქვეკომისიის თავმჯდომარეს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, რომელიც პირზე დუჟმორეული ლანძღავდა ქართველებს. იგი ძლიერ ჰგავდა კოსტენკოს. თუმცა კი არ ჰგავდა, ნამდვილად კოსტენკო იყო, იმდენად ჰგავდა მას. ოქროთი სავსე ქისის პატრონი, სად უნდა წასულიყო, თუ არა კალიტას ქალაქის დუმაში.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები