ონლაინ გამოხმაურება

წერილი რედაქტორს

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი

2012 წლის 10 იანვარი

 

პატივცემულო რედაქტორო,

გწერთ მარია გოვოროვას სტატიის – „დე ვაალის „გზამკვლევი” ანუ ევროკავშირი მარგარიტა პავლოვნას როლში” – თაობაზე, რომელიც ტაბულაში გამოქვეყნდა და ეხებოდა ჩემს ანგარიშს „საქართველოს არჩევანი: რომელი კურსი უნდა შეირჩეს გაურკვევლობის პერიოდში?”.

კარგია, როდესაც ჩემს ანგარიშს თქვენი ჟურნალის ფურცლებზე ეხმაურებიან, თუმცა მაკვირვებს, რომ გამოხმაურებამ დაიგვიანა. ეს ანგარიში ვაშინგტონში, 2011 წლის ივნისში, წარვადგინე და მისი ქართული თარგმანიც თბილისში, იმავე თვეს, გამოქვეყნდა.

თუმცა, ქალბატონ გოვოროვას სტატიის ხარისხმა იმედი გამიცრუა. ჟურნალის შეზღუდული სივრცე ამ სტატიაზე მხოლოდ მოკლე პასუხის გაცემის საშუალებას მაძლევს.

მარია გოვოროვა სტატიას ორი უხეში შეცდომით იწყებს, რასაც ისეთი რესპექტაბელური გამოცემისგან, როგორიც ტაბულაა, არ ველოდი. ჯერ ერთი, ანგარიში კარნეგის ფონდმა გამოაქვეყნა ვაშინგტონში და არა კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრმა. მეორეც, ქალბატონი გოვოროვა კი არის მართალი, როდესაც ამბობს, რომ რუსეთში ვიზის პრობლემა მქონდა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზის პრობლემა არასდროს მქონია. მე ორივე ქვეყანას ხშირად ვსტუმრობ და ამ საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ნამდვილად ვერ მოვიწონებ. ჩემთან ერთი ზარი ამ შეცდომებს თავიდან აგაცილებდათ.

მარია გოვოროვა საკმაოდ დიდ დროს უთმობს იმაზე მსჯელობას, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ ამა თუ იმ ეკონომიკურ ციფრებს. იგი აღნიშნავს, რომ 2011 წელს საქართველოს ეკონომიკა, მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უკეთესი იყო 2010 წლის იმ ციფრებთან შედარებით, რომლებიც მე მომყავს ანგარიშში. ეს სიმართლეა და მისასალმებელია.

თუმცა, მარია გოვოროვა ვერ ახერხებს, გააბათილოს ის მთავარი არგუმენტი, რომ მიუხედავად ჯანსაღი ზრდისა, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები კვლავ არ არის დაძლეული. ამ პრობლემებს შორის არის სიღარიბე, მაღალი უმუშევრობა, მსხვილი დასავლელი ინვესტორების სიმცირე და დიდი დისბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის. მეტიც, ქალბატონ გოვოროვას მიერ მოტანილი ზოგი ეკონომიკური მონაცემი ჩემს მოსაზრებას ადასტურებს. მაგალითად, იგი წერს, რომ ექსპორტირებული მანქანების მოცულობა 2005 წლის შემდეგ 12-ჯერ გაიზარდა. ეს კარგი ახალი ამბავია, მაგრამ გამაოგნებელია ის, რომ ეს ამბავი მესამე ქვეყნებიდან რეექსპორტირებული მანქანების მონაცემებს ეყრდნობა. ეს კი ირიბად ადასტურებს ჩემს მოსაზრებას, რომ საქართველოს ძალზე მწირი საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობა აქვს.

მარია გოვოროვა იმედგაცრუებულია, რომ „ექსპერტს სინგაპური არ მოსწონს”. სიმართლე გითხრათ, საქართველო თუ მოახერხებს, გახდეს სინგაპური, ამას მხოლოდ მივესალმები. თუმცა, ბევრი მიზეზის გამო ვამბობ, რომ აღმოსავლეთაზიური ქალაქი-სახელმწიფოს შექმნა კავკასიის აგრარული ქვეყნიდან შეუძლებელია. ქალბატონი გოვოროვა ამტკიცებს, რომ საქართველოს არჩევანი ორივეა – სინგაპურიც და ევროპაც. ვშიშობ, ამჟამად საქართველო არც სინგაპურზე აჩერებს თავის არჩევანს და არც ევროპაზე.

საქართველოს განვითარების ერთ-ერთ მოდელად „ბიუროკრატიული ევროპის” (მისი სიტყვებია და არა ჩემი) მხარდაჭერისთვის ჩემი გაკიცხვისას, მარია გოვოროვა ინტელექტუალურ ლაბირინთებში იბნევა. მისი მოსაზრებები მაფიქრებინებს, რომ ქალბატონ გოვოროვას (და სხვებსაც საქართველოში) მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება ევროკავშირის რეალური საქმიანობის შესახებ. იგი ახსენებს საბერძნეთის დიდ ვალს და არა ევროპული პროექტის უზარმაზარ წარმატებას, გერმანიის წარმოებას ან სხვა, ესტონეთის ან დანიის ბიზნესისთვის ხელსაყრელ ეკონომიკებს. თითქოს იმის მითითება სურს, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური დაახლოების შემთხვევაში საქართველო, რაღაც გაუგებარი მიზეზით, შეიძლება საბერძნეთის ვალის მემკვიდრე გახდეს. ვფიქრობ, ობიექტურ მკითხველთა უმეტესობას ესმის, რომ ერთი მეორისგან არ გამომდინარეობს.

მარია გოვოროვა ესტონეთს საერთოდ არ ახსენებს, რაც სამარცხვინო საქციელია. ესტონეთის მაგალითი ჩემი ანგარიშის შთაგონების წყარო იყო. მე ესტონელი დიპლომატის ციტატა მომაქვს, რომელმაც მისი ქვეყნის 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მითხრა, „ჩვენ უბრალოდ გავიაზრეთ, რომ თუ კლუბის წევრობა გინდა, კლუბის წესებით უნდა ითამაშო” და „ისინი ხან სინგაპურისკენ იხრებიან და ხან ევროპისკენ... მათი გზავნილები არაერთგვაროვანია”. ეს იმ შეშფოთებას ეხმიანება, რომელსაც თბილისში მოღვაწე უცხოელი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნესგარემოში მკაფიო წესების არარსებობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ.

საქებად უნდა ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის უმაღლესმა პირებმა ევროკავშირთან დაახლოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღეს. თუმცა, დიდი დრო დაიკარგა და ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ქართველი მკვლევრები, როგორც ტაბულას ფურცლებზე, ასევე სხვაგან, კვლავ ემხრობიან მოსაზრებას, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის საერთო ბაზარს დაუახლოვდეს იმ ელემენტარული რეგულაციების გარეშე, რომლებსაც სხვა ევროპული ეკონომიკები სავალდებულოდ მიიჩნევენ.

ამ მიზნის მიღწევა თითქმის შეუძლებელია ისეთი პოლიტიკური სისტემის გარეშე, რომელსაც კონტროლის და გაწონასწორების გამართული მექანიზმები და ბიზნესის საკუთრების უფრო გამჭვირვალე სტრუქტურა არა აქვს. ეს ჩემი ანგარიშის მთავარი ელემენტია, რომელსაც მარია გოვოროვა არ ახსენებს.

როგორც „საქართველოს არჩევანში” ვწერ, საქართველოს განვითარების რაიმე სწრაფი რეცეპტი არ არსებობს და მე არ ვიჩემებ, რომ ასეთ რამეს მივაგენი. ალტერნატიული სტრატეგიული ხედვა, დაწერილი კონსტრუქციული განწყობით და გამყარებული მონაცემებითა და ანალიზით, მისასალმებელი იქნება არა მარტო ჩემთვის, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მილიონობით ქართველისთვის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებთ. სამწუხაროდ, ქალბატონ გოვოროვას სტატია, როგორც ჩანს, მხოლოდ სინგაპურის მირაჟს ანიჭებს უპირატესობას. ეს საკითხები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და იმედს ვიტოვებ, რომ ვინმე სხვა – თქვენი ჟურნალის ფურცლებზე თუ სხვაგან, მათზე უფრო საინტერესო და პროდუქტიული ფორმით იმსჯელებს.

 

პატივისცემით,

თომას დე ვაალი

კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდი

კომენტარები