შოუბიზნესი

გრემის დაჯილდოების ცერემონია უიტნი ჰიუსტონს მიეძღვნა

მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე, უიტნი ჰიუსტონის უეცარმა გარდაცვალებამ დაჩრდილა.

გრემის 54-ე დაჯილდოების ცერემონია კვირას, 12 თებერვალს გაიმართა, შოუს წამყვანმა, LL COOL Jay-მ მომღერლის ხსოვნას პატივი მიაგო და ლოცვა წაიკითხა:

„ამას გვერდს ვერავინ აუვლის, ჩვენ ოჯახის წევრი დავკარგეთ, ამიტომ მინდა ვილოცოთ ქალისთვის რომელიც ჩვენ გვიყვარდა და რომელიც იყო ჩვენი და - უიტნი ჰიუსტონი.“

შოუ სამ საათ ნახევარი გაგრძელდა, ჯენიფერ ჰათსონმა უიტნი ჰიუსტონის სიმღერა შეასრულა, რომელიც სიტყვებით „We Will Always Love You, Whitney“ დაასრულა.

ჰიუსტონი შაბათს, 11 თებერვალს, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში იპოვეს გარდაცვლილი, რამდენიმე საათით ადრე, მომღერალი გრემის დაჯილდოების ცერემონიამდე გამართულ წვეულებას, ამავე სასტუმროში დაესწრო.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია 48 წლის მომღერლის სიკვდილი.

გრემის დაჯილდოების ცერემონიის ტრიუმფატორი კი ადელი გახდა, მან 6 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის საუკეთესო ალბომის წოდებაც ადელის 21-მა დაიმსახურა.

მომღერალი შარშანდელი ოპერაციის შემდეგ, პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე და „Rolling in the Deep“ შეასრულა, რასაც საზოგადოება ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდა.

 

 

კომენტარები