ეკრანიზაცია

3 გოგონა დრაკონის ტატუთი

წელს სტიგ ლარსონმა, ტრილოგია „მილენიუმი” ერთ-ერთ შვედურ გამომცემლობაში მიიტანა, სადაც მას წიგნების დაბეჭდვაზე უარი უთხრეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ გამომცემლობამ დაახლოებით ისეთი შეცდომა დაუშვა, როგორიც 1995 წელს დიდ ბრიტანეთში 8 სხვა კომპანიამ, რომლებმაც ჯოან როულინგს ჯადოქარ ჰარი პოტერზე „სულელური ზღაპარი” დაუწუნეს. საბოლოოდ, წიგნი Norstedts-მა დაბეჭდა. ლარსონი თავისი წიგნების გამოქვეყნებას ვერ მოესწრო, ის 2004 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა, „მილენიუმის” ტრილოგიიდან პირველი წიგნის, „გოგონა დრაკონის ტატუთი” გამოსვლამდე ერთი წლით ადრე. ნაწარმოები მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

2009 წელს რეჟისორმა ნილს არდენ ოპლევმა, სტიგ ლარსონის პირველი წიგნის ეკრანიზაცია შექმნა. „გოგონა დრაკონის ტატუთი” ყველა დროის შემოსავლიან სკანდინავიურ ფილმად იქცა.

2011 წელს დევიდ ფინჩერმა „მილენიუმის” ტრილოგიის პირველი წიგნის თავისი ვერსია გადაიღო და „უცხო 3”-ის რეჟისორობის შემდეგ, ალბათ, კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტმა სტიგ ლარსონმა წიგნის დაწერა გადაწყვიტა. მთავარ თემებად შვედი ნეონაცისტები და ქვეყანაში ქალთა ძალადობის პრობლემები აირჩია. ნეონაცისტების თემა ლარსონს მთელი ცხოვრება აწუხებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჟურნალისტი გულის შეტევით არ გარდაცვლილა და ის ნეონაცისტებმა მოკლეს. მეორე თემის არჩევაში უმნიშვნელოვანესი როლი ლარსონის ბავშობისდროინდელმა ინციდენტმა იქონია: 14 წლის იყო, როდესაც ქალის გაუპატიურებას შეესწრო და მას შემდეგ სინდისი ქენჯნიდა, რომ გოგონას, სახელად ლისბეთს, ვერ დაეხმარა. ლარსონმა სწორედ ლისბეთი დაარქვა სახელად თავისი წიგნის მთავარ პერსონაჟს. ისიც ძალადობის მსხვერპლია. ლისბეთ სალანდერი XXI საუკუნის პეპი გრძელიწინდაა. ლინდგრენის კლასიკურ პერსონაჟზე ბევრად არასაბავშვო. მამაკაცთა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, საზოგადოებისგან გარიყული, პირსინგებითა და ტატუებით სავსე 25 წლის გოგო, რომელიც კომპიუტერული გენიოსია. მაშინ, როდესაც საქმე კომპიუტერის დაჰაკვას, ინფორმაციის მოძიებას ეხება, მას შვედეთში ბადალი არ ჰყავს. ლარსონის წიგნების მეორე პროტაგონისტის, მიკაელ ბლუმკვისტის, პროტოტიპი ასტრიდ ლინდგრენის შექმნილი პერსონაჟი, კალე ბლუმკვისტია. აქაც მწერალი ტრანსფორმაციას მიმართავს და „კალეს” 40-45 წლის მამაკაცად წარმოგვიდგენს, მუდამ სიმართლის ძიებაში მყოფ ჟურნალისტად, რომელიც თავისი მიამიტობის მსხვერპლი აღმოჩნდება. სტიგ ლარსონის პირველი წიგნი ვანგერების გვარის იდუმალებით მოცულ წარსულზე, ლისბეთის ძალადობით აღსავსე ცხოვრებასა და ბლუმკვისტის ჟურნალისტურ გამოძიებაზეა. ეს სამი ამბავი ერთმანეთში იხლართება და კვანძი ნელა, მაგრამ საოცრად საინტერესოდ

იხსნება. ნილს არდენ ოპლევმა მოახერხა, წიგნის შვედურ ეკრანიზაციაში ნაწარმოების ატმოსფერო გადმოეცა. მას ამაში მსახიობების – ნუმი რაპასეს (სალანდერი) და მიქაელ ნიუკვისტის (ბლუმკვისტი) ბრწყინვალე დუეტი დაეხმარა. რეჟისორი შეეცადა პირველწყაროდან არ გადაეხვია და თითქმის დეტალურად აღწერს წიგნს. შვედური ფილმი სტიგ ლარსონის წიგნის ღირსეული ეკრანიზაციაა, რომლის მინუსიც რიგ ეპიზოდებში სუსტი დრამატურგია და ნაწარმოების მეორეხარისხოვანი პერსონაჟების უგულებელყოფაა. აი, დევიდ ფინჩერის 2011 წლის ჰოლივუდური რიმეიქი კი სრულიად გაუგებარია. არა, ფილმი ტექნიკურად მშვენიერია, ისე როგორც ეს ფინჩერს და მის გუნდს ეკადრება – ძალიან კარგი ოპერატორული ნამუშევარი, ტრენტ რეზნორის მუსიკა ატმოსფეროს ბრწყინვალედ ქმნის, რეალისტური ძალადობის სცენები სისხლს გაგიყინავთ, მაგრამ სურათი ახალს არაფერს გვთავაზობს. ერთი ჩვეულებრივი რიმეიქია. შვედური ფილმი და წიგნი რომ დავივიწყოთ, ამერიკული „გოგონა დრაკონის ტატუთი” 160-წუთიანი დეტექტივია, დაძაბულობის და სასპენსის გარეშე. ის, რაც ლარსონთან ყველაზე საინტერესოდ იხსნებოდა – ვანგერების მრავალრიცხოვან ოჯახში სავარაუდო დამნაშავის პოვნა, ფინჩერისეულ ვარიანტში ყველაზე იოლი საქმე აღმოჩნდა. ლარსონის წიგნში ათამდე ადამიანი ეჭვმიტანილია, ვანგერების ოჯახის ნებისმიერი წევრი შეიძლება მთავარი დამნაშავე იყოს, ფინჩერი კი, ვანგერის ოჯახიდან მხოლოდ 2-3 პერსონაჟს გვაცნობს, საიდანაც დამნაშავის ამოცნობა არც ისე რთულია.

„გოგონა დრაკონის ტატუთი” R რეიტინგიანი (18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ყურება აკრძალულია) დეტექტივია. ერთი შეხედვით, ზუსტად ის ჟანრი და მოცემულობა, რომელშიც დევიდ ფინჩერს თანამედროვე კინოში ბადალი არ ჰყავს. „შვიდი”, „თამაში”, „ზოდიაქო” ამ რეჟისორის ნამუშევრებია და სხვა რეჟისორების დეტექტივების ავ-კარგიანობის საზომად შეიძლება გამოვიყენოთ. ამ ნამუშევრებში პერსონაჟების ურთიერთობა, მათი თითოეული ნაბიჯი მიზეზშედეგობრივია. არ არსებობს ზედმეტი ეპიზოდი, ზედმეტი კადრი. ატმოსფერო მუდამ პირქუშია და დინამიკა ნელი, მაგრამ სწორედ ეს უცნაურად მიმზიდველი მოვლენების ნელი განვითარება ქმნიდა განუმეორებელ ფინჩერისეულ ეფექტს, რომელიც ამ ფილმში მთლიანად დაკარგულია.

ის, რაც ძალიან კარგად ჩანს ლარსონის წიგნში, ძალიან ძნელია გაიგოთ ფინჩერისეულ ნამუშევარში. მაგალითად, ლისბეთის ლტოლვა მიქაელ ბლუმკვისტის პერსონაჟისადმი. როგორ „დაჰაკავს” მიქაელი ლისბეთის გულს, ფილმში არ ჩანს – ნაჩვენებია მხოლოდ კარგად

გადაღებული სექსის სცენები და ფილმის ბოლოს დამწუხრებული ლისბეთი. შვედურ ფილმში თუ ნუმი რაპასეს გარდა, სხვა მსახიობებიც მშვენივრად თამაშობენ, ფინჩერის ნამუშევრის ერთადერთი ღირსება რუნი მარას (ლისბეთი) პერსონაჟია. რაპასეს მსგავსად, მარამაც შეძლო და ეკრანზე სწორედ ის პეპი გრძელიწინდა გააცოცხლა, რომლის შესახებაც სტიგ ლარსონმა 3 წიგნი დაწერა.

ფინჩერის რიმეიქში საუკეთესო ეპიზოდი საწყისი ტიტრებია, Immigrant Song-ის ტრენტ რეზნორისეული ქავერით, კერენ ოუს შესრულებით. ტიტრები ლისბეთის ღამის კოშმარს ჰგავს და დევიდ ფინჩერის იმ უდიდეს პოტენციალს გვიჩვენებს, რომელიც ამ ფილმში არ ჩანს.

სტიგ ლარსონისთვის „გოგონა დრაკონის ტატუთი” საბედისწერო ნამუშევარი, ნილს არდენ ოპლევისთვის კარიერის ჰაილაითი, დევიდ ფინჩერისთვის კი კარიერაში იშვიათი, უხარისხო „ტატუ” გამოდგა.

კომენტარები