რუსეთი

როდის დასრულდება რუსული ზამთარი

გასულ კვირას, მოსკოვის ცენტრში, კრემლის მოპირდაპირე სახლის სახურავზე, 20-მეტრიანი ყვითელი ბანერი გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის კიდევ 12 წლით გაპრეზიდენტების რეალურ შანსს, რუსული საზოგადოების ნაწილმა, ახალი გზავნილით – „Путин, уходи” – უპასუხა.

მოსკოვის ბოლოტნაიაზე განვითარებულ მოვლენებს იმედით უყურებენ. თუმცა რამდენად არის რუსეთში მიმდინარე დემონსტრაციები, ფერადი რევოლუციებისა და არაბული გაზაფხულის დემოკრატიზაციის ტალღის ნაწილი, ჯერაც რთული სათქმელია.

მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ძლიერ ყინვაში მიმდინარე დემონსტრაციები, საზოგადოებაში მომხდარი რადიკალური ცვლილების ნათელი გამოხატულებაა. აქამდე ჩუმი და შემგუებელი რუსეთის საზოგადოება ქუჩებში გამოვიდა. პოლიტიკურ ცხოვრებას გამოცოცხლება დაეტყო. არაბული გაზაფხულის რუსული ზამთრით გაგრძელება, ერთი შეხედვით, ლოგიკურია. სენატორ მაკკეინის წინასწარმეტყველება, „ძვირფასო ვლად, არაბული რევოლუცია შენს უბანს უახლოვდება”, პუტინს თითქმის აუხდა.

სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. მოვლენებს ხელისუფლების მსგავსად, ოპოზიციაც მოუმზადებელი შეხვდა. ნარინჯისფერ ჭირზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა რუსეთში ხალხის ქუჩაში გამოსვლას, მაინც არავინ ელოდა.

რუსული საზოგადოების მოთმინება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოიწურა. პუტინისა და მედვედევის პარტიამ ხმათა 49% მიიღო. იქამდე რამდენიმე კვირით ადრე, მედვედევმა თავისი თანამდებობის პუტინისთვის დათმობაზე განუცხადა ხალხს. მან დასძინა, რომ ეს გარიგება პუტინსა და მას შორის დიდი ხნის წინ შედგა.

საზოგადოების მსგავსი აქტიურობა, რუსეთს 80-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს. 80-იანი წლების ეიფორია ქვეყანას 90-იანებამდე მიჰყვა. სწორედ ამ ტალღაზე დაიშალა საბჭოთა კავშირი. თუმცა მალე საზოგადოება საყოველთაო იმედგაცრუებამ მოიცვა. ომმა, კორუფციამ და კორუმპირებული ელიტების დაწინაურებამ, სამოქალაქო საზოგადოება კომაში ჩააგდო. ელცინის წარუმატებლობამ, პუტინს შანსი მისცა, ხალხში ლიბერალიზმის და დემოკრატიის დისკრედიტაცია მოეხდინა. მან პროცესი საბჭოთა კავშირის მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ შემოაბრუნა.

თუმცა ელცინის რეფორმებს ამაოდ არ ჩაუვლია. საზოგადოებამ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხის დიდი ნაწილისთვის სიღარიბესთან და კორუფციასთან იყო დაკავშირებული. 2000-იან წლებში, ნავთობზე ფასის მატებასთან ერთად, რუსეთში თანდათან კეთილდღეობა იზრდება. მსოფლიოს ერთ მეშვიდედზე გადაჭიმული რესურსებიდან შემოსული თანხის ნამცეცები, პუტინის ელიტამ, თავისდაუნებურად, დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს „გაუყო”. ამის ფონზე ნელ-ნელა საშუალო კლასი წარმოიშვა.

დღეს, დემონსტრაციების საშუალებით, სწორედ ეს კლასი იბრძვის რუსეთის პოლიტიკაზე საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად. შეიძლება ითქვას, პუტინის ეკონომიკური „წარმატება”, მის წინააღმდეგ მოქმედი ნელი აფეთქების ბომბი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი ბუმერანგი, რომელიც პუტინს დაუბრუნდა – ნაციონალიზმია. ხელისუფლებაში მოსვლისას პუტინმა ნაციონალიზმი ხალხის კონსოლიდაციისთვის გამოიყენა. ბევრ ნაციონალისტს ჩაესახა იმედი, რომ ახალი მმართველი რუსეთის ძველ დიდებას აღადგენდა და ქვეყანას საერთაშორისო არენაზე ღირსეულ მოთამაშედ აქცევდა. ამავდროულად, პუტინი ნაციონალიზმის გაღვივებით, ხალხს დასავლეთის და დემოკრატიის წინააღმდეგ განაწყობდა. ამ იდეების დისკრედიტაციით, ის საკუთარ ავტორიტარულ ძალაუფლებას ამყარებდა. პრეზიდენტი, რუსულ ეთნონაციონალიზმს, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ ზიზღის გაღვივებით კვებავდა.

თუმცა პუტინმა ნაციონალისტებს დაპირებები ვერ შეუსრულა. აშშ-თან გაჯიბრების ნაცვლად, რუსეთი მის პატარა მეზობლებს, ბალტიის ქვეყნებს და სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკებს ძლივს ეჭიდავება. ნაციონალისტებისთვის განსაკუთრებით გამაწბილებელი ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა გახდა. თუ პუტინი ადრე ყველა კავკასიელს ტერორისტად და მტრად ნათლავდა, მალე მან ძველი, საბჭოთა მეთოდი გადაიღო და რესპუბლიკების სამართავად ადგილობრივ ელიტებს შეუკავშირდა. ამით ძალაუფლების ადგილობრივი დასაყრდენი მოიპოვა. პუტინი, ადგილობრივ, მის მიერვე შექმნილ ელიტას, ერთგულების სანაცვლოდ, ფედერალური ბიუჯეტიდან მოპარული ფულის წილს შეჰპირდა. თუმცა ჩეჩნეთიდან ტერორიზმი თითქმის მთლიან ჩრდილოეთ კავკასიას მოედო. აქტიურია ჩრდილოკავკასიური კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მოსკოვში დაუსჯელად დათარეშობენ. ბევრი მათგანი სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებთან პირდაპირ კავშირშია. ის, რომ ეს ელიტები საშუალო კლასის ხარჯზე იკვებებიან, ბუნებრივია, ამ უკანასკნელთ ძალიან აღიზიანებს. ამან ანტიელიტური ეთნონაციონალიზმი გააღვივა.

ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დიდი ნაწილი, არა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით, არამედ ეთნონაციონალისტური პოპულიზმის იდეოლოგიით არის გამსჭვალული. მოთხოვნები, გარდა პუტინის ჩამოგდებისა და რეჟიმის დემოკრატიზაციისა, ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმური რესპუბლიკებისთვის სუბსიდირების შეწყვეტას უკავშირდება. ეთნონაციონალიზმის პოპულარობის გამო, ოპოზიციის გამოსვლებს ჩამოშორდა ისეთი ცნობილი დისიდენტი, როგორიც ვალერია ნოვოდვორსკაიაა.

ლიბერალების უმცირესობაში ყოფნა, მსგავსი დემონსტრაციებისას, უცნაური და აუხსნელი ფენომენი არ არის. ისეთ ავტოკრატიულ სისტემებში, როგორიც რუსეთია, გადარჩენას მხოლოდ რადიკალები თუ ახერხებენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ რადიკალებს სახელმწიფო კვებავდა. ამის მაგალითი არაბული გაზაფხულის ქვეყნებშიც შეგვიძლია ვიხილოთ. ეგვიპტეში მუბარაქის მმართველობისას სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით კი მისი ლიბერალური ნაწილი, იზღუდებოდა. მუსლიმურმა საძმომ კი გადარჩენა შეძლო. მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ, ლიბერალები რადიკალების უმცროს კოალიციურ პარტნიორებად იქცნენ.

საბჭოთა კავშირის დაცემის დროს რუსეთში ლიბერალურ ღირებულებებს, დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკას ძალიან ცოტა ადამიანი უჭერდა მხარს. ამ მხრივ მისგან აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსოციალისტური ბანაკის ქვეყნები განსხვავდებოდნენ. დღეს, Pew Research-ის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ყოფილ სოციალისტურ ბანაკში დემოკრატიულ ღირებულებებს იკვლევს, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 53%-ს მიაჩნია დემოკრატიულ სისტემაზე ქვეყნის გადასვლა პოზიტიურ მოვლენად (იგივე მაჩვენებელი 1991 წელს 61% იყო). დაახლოებით ასეთივე მხარდაჭერა აქვს საბაზრო ეკონომიკასაც – მთლიანი მოსახლეობის 50% (1991 წელს – 54%). ლიბერალური ღირებულებების ასეთი სისუსტის პირობებში, დემონსტრანტების მთავარ იდეოლოგიად ნაციონალიზმი რჩება.

ბევრი ექსპერტი ბოლოტნაიას რუსეთის მომავლის გზაგასაყარს უწოდებს. სწორედ აქ შეიძლება გადაწყდეს, ლიბერალური ნაციონალიზმი გაიმარჯვებს, ქვეყანა დასავლეთისკენ წავა თუ ეთნიკური ნაციონალიზმი იმძლავრებს. ამ შემთხვევაში, რუსეთი კვლავ ჩრდილოეთ კავკასიასა და სხვა არარუსულ რეგიონებში ომში შეიძლება ჩაერთოს.

პუტინის დამარცხების შესაძლებლობას, დასავლეთში ბევრი სკეპტიციზმით უყურებს. საშუალო კლასი, რომელიც დემონსტრაციების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, ჯერ კიდევ მცირეა. ისინი მხოლოდ დიდ ქალაქებში არიან კონცენტრირებულნი. ამის დასამტკიცებლად, რუსეთის დემონსტრაციების რუკის ერთი შეხედვაც კი კმარა. ეს საბჭოთა კავშირის და პუტინის ზეცენტრალიზაციის „დამსახურებაა”. ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატიც კი არ ჰყავს.

თუმცა რუსეთში რევოლუციის წინასწარმეტყველება რომ რთულია, ამას წარსული გამოცდილება ადასტურებს. ვერც 1917 წელს – ცარისტულმა რუსეთმა და ვერც 1991 წელს – საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარი დასასრულის მოახლოება ვერ იგრძნო.

კომენტარები