აშშ-საქართველოს ურთიერთობები

თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების შესაძლებლობა, აშშ-ის პრეზიდენტმა 30 იანვარს, ვაშინგტონში ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას დაადასტურა. „ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ორ ქვეყანას შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

მოწოდებები ადმინისტრაციის მიმართ, ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ვაშინგტონში დიდი ხანია ისმოდა. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ინიციატივით, ჯერ კიდევ 2009 წლის მაისში დემოკრატი სენატორი ჯონ კერი და რესპუბლიკელი დევიდ დრაიერი გამოვიდნენ. მათი განცხადებით, საგარეო აგრესიისა და შიდა ამბოხის მცდელობის ფონზე, ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაში დახმარება ესაჭიროება. ამას აშშ-სთან ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა ხელს შეუწყობდა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამჟამად, ასეთი რეჟიმი აშშ-ს 17 ქვეყანასთან აქვს დაწესებული. ორმხრივი შეთანხმებები მიღწეულია: ავსტრალიასთან, ბაჰრეინთან, ჩილესთან, ისრაელთან, იორდანიასთან, მაროკოსთან, ომანთან, პერუსა და სინგაპურთან. გარდა ამისა, მოქმედებს რეგიონული შეთანხმებები – The North American Free Trade Agreement (NAFTA) აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის; ასევე Dominican Republic-Central America-United States Free Trade Agreement (CAFTA-DR), რომელშიც დომინიკის რესპუბლიკა, სალვადორი, კოსტა-რიკა, გვატემალა, ჰონდურასი და ნიკარაგუა მონაწილეობენ.

პირველი დოკუმენტი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშ-მა ისრაელთან, ჯერ კიდევ 1985 წელს გააფორმა. ამის შედეგად, მომდევნო წლებში აშშ ისრაელის მთავარ საექსპორტო ბაზრად იქცა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში ქვეყანაში ეკონომიკური ბუმი დაიწყო – წარმოების ზრდამ წელიწადში საშუალოდ 7 პროცენტს, სამრეწველო ექსპორტის ზრდამ კი 9 პროცენტს მიაღწია.

NAFTA-ს შეთანხმება აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის ძალაში 1994 წლიდან შევიდა. ამით მსოფლიოში უდიდეს თავისუფალ სავაჭრო ზონას ჩაეყარა საფუძველი. ექსპერტთა შეფასებით, ბაზრების გახსნამ სამივე ქვეყანაში ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდა გამოიწვია. 1993-დან 2010 წლამდე ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 218 პროცენტით გაიზარდა. NAFTA-ს კომისიის შეფასებით, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან პირველ ხუთ წელიწადში, ექსპორტის ზრდის ხარჯზე, აშშ-ში 14,8 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მექსიკაში – 2,2, კანადაში – 1,3 მილიონი.

მექსიკამ NAFTA-ს წყალობით მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა შეძლო. ბევრმა უცხოურმა კომპანიამ, აშშ-ის ბაზრის ხელმისაწვდომობის გამო, წარმოება ამ ქვეყანაში გადმოიტანა. 1993-99 წლებში, მექსიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა.

CAFTA-DR-ის ფარგლებში და ასევე ორმხრივი შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან, 2001 წლიდან 2011 წლამდე ამოქმედდა.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის კონგრესმა FTA-ს რატიფიცირება სამხრეთ კორეასთან, კოლუმბიასა და პანამასთან მოახდინა. ამ დოკუმენტებს ხელი ჯერ კიდევ 2007 წელს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს მოეწერა. თუმცა, თავდაპირველად მათი რატიფიცირება დემოკრატების წინააღმდეგობას წააწყდა. ისინი, კორეული ექსპორტის (ძირითადად, ავტომანქანების) მოსალოდნელი ზრდის გამო, ამერიკული კომპანიების შესაძლო ზარალმა შეაშფოთა.

გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი მზადაა ევროკავშირთან სავაჭრო ბარიერების მოხსნისა და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურების საკითხზე დაიწყოს მუშაობა. ბარაკ ობამას მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფრომანის განცხადებით, დიალოგი შეიძლება რამდენიმე სცენარით წარიმართოს – მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სრულფასოვანი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით.

ხშირ შემთხვევაში, ამგვარი შეთანხმებების გაფორმება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მათ პარტნიორ ქვეყნებში წინააღმდეგობას აწყდება. გასული წლის ნოემბერში აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის მოწინაღმდეგეებმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში მასობრივი გამოსვლები მოაწყვეს. ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ დოკუმენტის რატიფიცირება დაბლოკა. თავისუფალი ვაჭრობა ხელს აძლევს საავტომობილო და მსუბუქ მრეწველობას. თუმცა ოპოზიციისა და პროფკავშირების განცხადებით, ეს მძიმე დღეში ჩააგდებს კორეულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. მათი აზრით, კორეა ამერიკული საქონლის მხრიდან კონკურენციას ვერ გაუძლებს.

აშშ-ში კორეასთან, პანამასა და კოლუმბიასთან თავისუფალ ვაჭრობას პროფკავშირები ეწინააღმდეგებოდნენ. ორგანიზაციების მოსაზრებით, შეთანხმებები ამერიკას სამუშაო ადგილების დაკარგვით ემუქრება.

საპროტესტო აქციები და გაფიცვები 2006 წელს კოსტა-რიკაშიც მიმდინარეობდა. პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ FTA-თი მხოლოდ აშშ მოიგებდა, ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნები კი ამერიკულ ექსპორტზე გახდებოდნენ დამოკიდებული. საბოლოოდ, 2007 წლის ოქტომბერში შეთანხმების რატიფიკაციას რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობის 52 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

დღეს საქართველოს აშშ-სთან ვაჭრობის ცალმხრივად შეღავათიანი რეჟიმი აქვს – GSP (Generalized System of Preferences). ეს რეჟიმი 3 ათასზე მეტი დასახელების ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე ვრცელდება.

როგორც ტაბულას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თამარ კოვზირიძემ განუცხადა, GSP რეჟიმი მუდმივმოქმედი არ არის და პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება. მასთან შედარებით, თავისუფალ ვაჭრობას ის უპირატესობა აქვს, რომ თითქმის ყველა დასახელების საქონელს შეეხება. გარდა ამისა, ეს რეჟიმი მუდმივია, რასაც ინვესტორებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

2011 წლის მონაცემებით, აშშ ვაჭრობის მოცულობით საქართველოს მეშვიდე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში 143 მილიონი დოლარი შეადგინა. საექსპორტო საქონლის უდიდესი წილი GSP-ის შეღავათებით სარგებლობს. ძირითადად, ეს ფეროშენადნობები და სასუქებია. წარმოდგენილია ღვინოები, ხილის წვენები, ჯართი და ა.შ. აშშ-დან საქართველოში 245 მილიონი დოლარის იმპორტი შემოვიდა, სადაც წამყვანი ადგილი ავტომანქანებს და ხორცპროდუქტებს უკავია.

თამარ კოვზირიძის განმარტებით, ამერიკული იმპორტისთვის ბარიერები საქართველოში ამჟამადაც უმნიშვნელოა. შესაბამისად, აქტუალური არ არის ის საფრთხეები და შეშფოთება, რაც სხვა სახელმწიფოებში FTA-ის გაფორმებას ახლავს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამერიკული ექსპორტისთვის ისედაც ღიაა.

დღეისთვის კონკრეტული დარგების გამოყოფა, რომლებისთვისაც შეთანხმების გაფორმება ყველაზე მომგებიანი იქნება, რთულია. კოვზირიძის თქმით, FTA-თი შეიძლება ნებისმიერმა ბიზნესმა ისარგებლოს. ახალი სავაჭრო შეღავათების წყალობით, ინვესტორები შესაძლოა ისეთი პროდუქციის კეთებით დაინტერესდნენ, რაც აქამდე საქართველოში არ იწარმოებოდა.

აშშ-ის გამოცდილებით, FTA-ზე მოლაპარაკებების დაწყებიდან შეთანხმების რატიფიკაციასა და ძალაში შესვლამდე შუალედი, ძირითადად, ორიდან ოთხ წელს მოიცავს. თუმცა, ჩილეს შემთხვევაში ეს პროცესი 11 წელი გაგრძელდა. დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ კი სავაჭრო ტარიფების დაწევა და საბოლოო გაუქმება წლების განმავლობაშია გაწერილი. ამისთვის შესაძლოა 10-15 წელიც იყოს გათვალისწინებული.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ქვეყნები აფორმებენ მნიშვნელოვან პარტნიორებთან, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით. ევროპის ქვეყნებთან და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან, ცენტრალური აზიის ჩათვლით, აშშ-ს ასეთი შეთანხმება დღესდღეობით გაფორმებული არავისთან აქვს. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკისა და ექსპორტის ზრდის, ასევე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის, იმიჯისა და სტაბილურობის თვალსაზრისით”, – მიიჩნევს თამარ კოვზირიძე.

საქართველოს შანსი აქვს, თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს ერთდროულად აშშ-სთან და ევროკავშირთან მიაღწიოს. ამჟამად ასეთი სტატუსი მხოლოდ ისრაელს გააჩნია.

როგორც ფონდ Heritage-ის ექსპერტები – არიელ კოენი და ბრაიან რაილი, ფონდის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავენ, საქართველო შტატების 113-ე სავაჭრო პარტნიორია. 2010 წელს საქართველოს იმპორტის დაბეგვრით აშშ-მა სულ 226 ათასი დოლარი მიიღო. შესაბამისად, FTA-ის გაფორმება ფინანსურად აშშ-ს ვერ დააზარალებს. სამაგიეროდ, მათი აზრით, „ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, რადგან ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდება. ეს იქნება სიგნალი რუსეთისათვის, რომ ვაშინგტონი თბილისს მნიშვნელოვან მეგობრად განიხილავს”.

 

კომენტარები