მედიასთან ურთიერთობა

პრობლემა კომუნიკაციაში

როდესაც საქმე უცხოურ მედიასთან ურთიერთობას ეხება, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, თუ როგორ დაამყაროს უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია. გაიხსენეთ მიხეილ სააკაშვილის ოსტატური ურთიერთობა დასავლელ ჟურნალისტებთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს: მაშინ, ყველა წამყვანი ტელეარხით გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუებით უამრავმა ამერიკელმა, არა მარტო აშშ-ის საზღვრებს გარეთ კიდევ ერთი „ჯორჯიის” არსებობის შესახებ შეიტყო, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისტორიულ თუ არსებულ ვითარებაშიც გაერკვა. მას შემდეგ, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მსოფლიო მედიასთან უზადო კომუნიკაციის წყალობით, მთელ მსოფლიოში, ხალხი რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის „ოკუპაციაზე”, კომპეტენტურად საუბრობს.

თუმცა, როდესაც საქმე ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობას ეხება, საქართველოს ხელისუფლებას, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის კომუნიკაციამდე ბევრი უკლია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოს სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებს გარე კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები არ გააჩნიათ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბევრ თანამშრომელს მედიასთან პროაქტიული კი არა, რეაქტიული ურთიერთობაც არ შეუძლია. ზოგი სამინისტრო და სამთავრობო უწყება, მედიის შეკითხვებს ხშირად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ პასუხობს ანდა საერთოდაც უგულებელყოფს. შესაბამისად, ქართველი ჟურნალისტები ვეღარ ახერხებენ იმ მნიშვნელოვანი საკითხების სათანადო პასუხისმგებლობით გაშუქებას, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

საზოგადოებასთან პროაქტიული და ინტერაქტიული ურთიერთობით, ხელისუფლება საკუთარ მზადყოფნას აჩვენებს, რომ ყური დაუგდოს ხალხის ხმას და სამთავრობო პრიორიტეტები საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს შეუსაბამოს. ამ მისიის შესრულებაში მთავრობის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი მედიაა. ის ორმაგ ფუნქციას ასრულებს – ხელისუფლების შესახებ საზოგადოების ინფორმატორისა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკატორის. საზოგადოების ინტერესები ყველაზე უკეთ მაშინ არის დაცული, როდესაც ხელისუფლება და მედია ერთმანეთის როლებსა და პასუხისმგებლობებს საზოგადოების წინაშე პატივისცემით ეკიდებიან.

მედიატექნოლოგიურმა სიახლეებმა 21-ე საუკუნის სამთავრობო კომუნიკაციებში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია. ამ საუკუნეში ისეთი ევოლუციური ეტაპების მოწმენი გავხდით, რომლებსაც მედიის ამერიკელი თეორეტიკოსი, მარკ პოსტერი, „მედიის მეორე ეპოქას” ეძახის. ეს ეპოქა ინტერნეტის გაჩენით დაიწყო და ახლა ინტერაქტიული სოციალური მედიის სახით მთელ მსოფლიოს იპყრობს. თავის წიგნში, The Second Media Age, პროფესორი პოსტერი განმარტავს, რომ მედიის პირველი ეპოქისთვის დამახასიათებელია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ინფორმაციის ცალმხრივი გავრცელება – ისეთი მედიის გზით, რომლის მიზანიც აუდიტორიაზე, როგორც ამორფულ მასაზე, ზემოქმედება იყო. მეორე ეპოქაში მედია სახელმწიფოს კონტროლს არ ექვემდებარება. მისი დემოკრატიზაცია დეცენტრალიზებული ორმხრივი კომუნიკაციის მეშვეობით მიმდინარეობს.

ამავე დროს, ახალმა მედიაპლატფორმებმა რადიკალურად შეცვალა მოქალაქეთა მოლოდინები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით – გააძლიერა საზოგადოების თვითშეგნება, მონაწილეობით მმართველობაში საკუთარი მნიშვნელობის შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიები მთავრობას საშუალებას აძლევს, სწრაფად გაავრცელოს დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაცია. მოქალაქეებიც სულ უფრო მეტად მოელიან თანამედროვე მთავრობისგან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ასეთ დონეს.

პოლიტიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ლანდშაფტების ამ სეისმურმა ძვრებმა კომუნიკაციის იმგვარი მანერა ჩამოაყალიბა, რომლითაც ახლა მთავრობები თავიანთ მოქალაქეებთან მედიის მეშვეობით ურთიერთობენ. დღეს, გარე კომუნიკაცია წარმატებული ხელისუფლების ერთ-ერთ აუცილებელ პრიორიტეტად იქცა. ვისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორი, მორდეჰაი ლი, ფიქრობს, რომ ეს ტენდენციები „ნაწილობრივ ასახავს საჯარო სექტორისთვის საინფორმაციო მედიისა და სხვა საკომუნიკაციო მეთოდების მნიშვნელობის ზრდას 21-ე საუკუნეში”. პროფესორ ლის, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლება, ამ საკითხზე მრავალი სტატია აქვს გამოქვეყნებული; მისი რედაქციით გამოცემულია წიგნები: The Practice of Government Public Relations (CPR Press 2011) და Government Public Relations: A Reader (CPR Press 2008). მანვე დაწერა საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის ენციკლოპედიის ერთ-ერთი თავი – Media and Bureaucracy in the United States (Taylor & Francis 2011). პროფესორის აზრით, „პრესის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონები აიძულებს საჯარო მოხელეებს, ანგარიშვალდებულნი იყვნენ მედიისა და ფართო საზოგადოების წინაშე” – როგორი ნეგატიურიც უნდა იყოს მედიის გაშუქება, „საჯარო მოხელეებმა უნდა მიიღონ ეს მკაცრი მედიაგარემო და თავი დაანებონ ამაზე ბუზღუნს”.

თანამედროვე მედიაგარემოში გზის გაკვლევისათვის, მთავრობები მთელ მსოფლიოში საზოგადოებასთან ურთიერთობების პროფესიონალებს და ყოფილ ჟურნალისტებს ქირაობენ. ისინი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერების,

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების და სპიკერების ფუნქციებს ასრულებენ (დასავლეთის მთავრობები თავს არიდებენ ტერმინს „საზოგადოებასთან ურთიერთობა”, ანუ PR, ვინაიდან იგი ასოცირდება საკუთარი თავის პოპულარიზაციასთან და პროპაგანდასთანაც კი. როგორც პროფესორ ლის 2009 წლის კვლევამ დაადასტურა, მოსახლეობა „საზოგადოებასთან ურთიერთობას” ეჭვის თვალით უყურებს). მთავრობის გარე კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალების – რასაც არ უნდა უწოდებდნენ მათ – ძირითადი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარებაა – პროაქტიული მედიაურთიერთობების და ინტერაქტიული მედიატექნოლოგიების მეშვეობით.

პროფესორი ლი მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ორ ზოგად კატეგორიას გამოყოფს: პრაგმატულსა და დემოკრატიულს. „პირველი კატეგორია – პრაგმატული – გულისხმობს გარე კომუნიკაციის პრაქტიკულ გამოყენებას, რომ ხელი შეუწყოს უწყების მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებას. New York Times-ის მესვეტემ ამ მიდგომის წინაპირობა მოკლედ ასე განსაზღვრა: „რაც უნდა დიადი იყოს მთავრობის პროგრამის მიზნები, ეს პროგრამა ვერაფერს შეცვლის, თუ ხალხმა მისი მიზნები ვერ გაიგო, – წერს პროფესორი ლი Journal of Public Affairs Education-ში, – მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მეორე კატეგორია ეხება საჯარო ადმინისტრაციის ზოგად როლს, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას”.

დემოკრატიული მთავრობის უნარი – განახორციელოს საჯარო პოლიტიკა და მიაღწიოს ინსტიტუციურ მიზნებს – მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ესმის საზოგადოებას ეს პოლიტიკა და მიზნები და რამდენად უჭერს მათ მხარს. აქსიომაა, რომ ხალხი არ ენდობა იმას, რაც არ ესმის. წარმატებული მთავრობა იყენებს მედიას, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, რათა ხალხს საკუთარი საქმიანობა განუმარტოს.

ათეული წლის წინ, როდესაც ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში ენთუზიაზმი ილეოდა, ევროკავშირმა კომუნიკაციის საკუთარი შესაძლებლობები კრიტიკულად გააანალიზა და ძალისხმევა საგარეო პროექტების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლებისკენ მიმართა. დღეს, ევროკავშირი მოითხოვს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ის ნაწილობრივ ან სრულად აფინანსებს, სხვადასხვა მედიასტრატეგიასა და საკომუნიკაციო ღონისძიებას ითვალისწინებდეს. „ევროკავშირის საგარეო პროექტების შესახებ ინფორმირების და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს” (Communication and Visibility Manual for European Union External Actions) ბოლო გამოცემა ევროკავშირის ბენეფიციარებისაგან ითხოვს „ადგილზე ზემოქმედების ჩვენებას”.

ხელისუფლების გამჭვირვალობის, მონაწილეობისა და თანამშრომლობის პრაგმატული მოსაზრებები და დემოკრატიული პრინციპები, აშშ-ის პრეზიდენტის აპარატის მიერ გამოცემულ „ღია მთავრობის დირექტივას” (Open Government Directive) უდევს საფუძვლად. აშშ-ის ღია მთავრობის დირექტივა, რომელსაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოვალეობის შესრულების დაწყების პირველივე დღეს მოაწერა, ქვეყნის ყველა სამინისტროსა და სამთავრობო უწყებისგან მოითხოვს, მიიღოს კონკრეტული ზომები ამერიკელ ხალხსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის. ამ კონკრეტულ ზომებში შედის საჯარო ინფორმაციის ინტერნეტით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება, ღია მთავრობის კულტურის შექმნა, ინსტიტუციონალიზება და ღია მთავრობის ხელშემწყობი პოლიტიკური ჩარჩოს შექმნა. „გამჭვირვალობის, მონაწილეობისა და თანამშრომლობის სამი პრინციპი ღია მთავრობის ქვაკუთხედია”, ნათქვამია აშშ-ის ღია მთავრობის დირექტივაში.

ღია მთავრობის პრაგმატული და დემოკრატიული მიზნების მისაღწევად, საქართველოს სამინისტროებმა საზოგადოებასთან კომუნიკაცია მედიის საშუალებით უნდა გააუმჯობესონ. საქართველოს მედიამ, თავის მხრივ, მეტი უნდა იმუშაოს. ჟურნალისტებმა, ისევე როგორც სამთავრობო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებმა, აუცილებელია, აიმაღლონ პროფესიული სტანდარტები და გააუმჯობესონ საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მედიის სამართლიანობა და ობიექტურობა არა მარტო მთავრობის მიმართ აყალიბებს საზოგადოების დამოკიდებულებებს, არამედ ხალხის მოსაზრებას თავად მედიის შესახებაც განსაზღვრავს.

 

კომენტარები