სამოქალაქო საზოგადოება

აქტივიზმის დილემა საქართველოში

რევოლუცია თუ რეფორმა

საქართველოში ინტერესთა ჯგუფების სისუსტესა და სამოქალაქო ჩართულობის დაბალ ხარისხზე ხშირად საუბრობენ. მსგავსი შეფასება საფუძველს მოკლებული არ არის: სამოქალაქო საზოგადოებასა და მნიშვნელოვან სოციალურ ინსტიტუტებს – პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ბიზნესსექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ მედიას შორის გაუცხოება იგრძნობა.

ამის მიზეზები მრავალმხრივია. აღნიშნულ ინსტიტუტებს დემოკრატიული ანგარიშვალდებულებების გამოცდილება არ აქვთ. პოლიტიკურ სპექტრს მოსმენის კულტურა აკლია, რაც კომუნიკაციის ხარისხზე აისახება. ბიზნესსექტორიც ე.წ. ცეხავიკობისა და კორუფციული სისტემის მემკვიდრეა და ქველმოქმედებას არ მიმართავს – საკუთარ რესურსს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ დებს რაიმე იდეაში.

გაუცხოებულია სამოქალაქო საზოგადოება და ეკლესიაც: საქართველოს საპატრიარქოს ვექტორი ჩრდილოეთით არის მიმართული. მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლელ დონორებზეა მიბმული – შესაბამისად, დეკლარირებულად მაინც, დასავლური ფასეულობების მატარებელია. საპატრიარქოს ეს უკანასკნელნი ირაციონალურ შიშებს აღუძრავენ. ამის გამო ეკლესიის იერარქები სამოქალაქო საზოგადოებას არცთუ იშვიათად ესხმიან თავს.

პრობლემის კიდევ ერთი მხარე მედიაა, რომელიც რეაქტიულ რეჟიმში მუშაობს. მედია, როგორც წესი, პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან აღებულ მასალას აშუქებს, საზოგადოების პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება.

ამ ფონზე, ხელისუფლების დარწმუნებაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და ინტერესთა ჯგუფებს არაერთი მარცხი განუცდიათ. წარუმატებლობის მიზეზად ხშირად ხელისუფლების შეუვალობა და კერძო ინიციატივების მიმართ ჩაკეტილობა სახელდება. პრობლემის ამდაგვარი ახსნის მიზეზი შეიძლება გასულ ათწლეულს მიღებულ გამოცდილებაში ვეძებოთ. ამ პერიოდში სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე დღეს. მაგალითისთვის თავისუფლების ინსტიტუტი და მასთან ასოცირებული ჯგუფებიც კმარა. წარსულში მათი წარმატება, რიგ შემთხვევებში, აჩენს განცდასაც, რომ წინა ხელისუფლება უფრო ღია და დემოკრატიული იყო.

რეალურად, „ვარდების რევოლუციამდე” სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე სხვა რამეს უკავშირდებოდა: ინტერესთა ჯგუფები საკუთარი აქტივობითა და მოქმედების ტაქტიკით, ხელისუფლებას მათი იგნორირების საშუალებას არ უტოვებდა. წარმატებას მნიშვნელოვნად ისიც განაპირობებდა, რომ იგივე თავისუფლების ინსტიტუტი მოკავშირეებს ყველგან ეძებდა, დაწყებული მთავრობითა და პარლამენტით, და ეკლესიით, სტუდენტებითა და მასწავლებლებით დამთავრებული. შესაბამისად, ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბევრად ძლიერი ბერკეტები ჰქონდა, ვიდრე დღეს სხვა ჯგუფებს გააჩნიათ.

მაშინ, რიგი მიზეზების გამო, სამოქალაქო აქტივობა რევოლუციით დასრულდა. ამას მოჰყვა სამოქალაქო სექტორიდან მნიშვნელოვანი ძალის ხელისუფლებაში გადადინება. ხოლო მათ, ვინც დარჩა, ან მომდევნო პერიოდში გაჩნდა, წარსული გამოცდილებიდან გამოსვლა გაუჭირდა – სამოქალაქო აქტივობის რევოლუციური ფინალი, დღემდე ბევრს ლოგიკურ აუცილებლობად ეჩვენება.

სწორედ მსგავსმა არარეალისტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, სამოქალაქო საზოგადოება იმედგაცრუებული დარჩა – ცვლილების იმედი დაკარგა და თვითვიქტიმიზაცია დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებს რეალობასთან უტოპიური და რევოლუციური განწყობებით შეგუების ცდუნება გაუჩნდათ.

ამგვარი რევოლუციური უტოპიზმისთვის ნებისმიერი კომპრომისი და თანამშრომლობა, არსით ამორალურია. კომპრომისი არა ტაქტიკის, არამედ ზნეობის საკითხად განიხილება. შესაბამისია მიზანიც – ყველაფერი, ან არაფერი. მიზანი განაპირობებს მოქმედების ტაქტიკასაც. ასეთ დროს კომუნიკაციის სტრატეგია „არამარკეტინგულია” – ულტიმატუმის ენით საუბარი მათ პოლიტიკოსებისთვის იდეის მიყიდვაში ხელს უშლის.

რევოლუციურ-უტოპისტური ჯგუფები, მით მეტ თვითკმაყოფილებას განიცდიან, რაც უფრო ყრუა მათი ღაღადების მიმართ უდაბნო. შესაბამისად, სტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციაში, მსგავსი მიზნების მქონე ჯგუფები, როგორც წესი, უყურადღებოდ რჩებიან. შედეგი, რომელზეც ორიენტირებულნი არიან, ზედმეტად „დიადია” არსებული რეალობისთვის და მიუღწეველი რჩება. იმის შანსი, რომ მსგავსი განწყობის მქონე ჯგუფს, რაიმე ტიპის თანამშრომლობა გამოუვიდეს არსებულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან, ფაქტობრივად, ნულის ტოლია.

ამის საპირისპიროდ, შეიძლება გამოვყოთ მეორე, რეფორმისტული ჯგუფები. მათი სტრატეგიაც, განსხვავებით რევოლუციონერებისა, მარკეტინგულია. რეალურად, ნებისმიერი რადიკალური ჯგუფი, სწორი სტრატეგიის ქონის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს წარმატებული. ამისათვის მან უნდა მოახერხოს მეორე მხარის (ხელისუფლების) დარწმუნება, რომ მისი პოზიციის გათვალისწინება, ორივესთვის ხელსაყრელია. ამგვარი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს არჩევს – რაც კომპრომისებს გულისხმობს. „სწორი სტრატეგია” მაქსიმალურად ფართო კოალიციის შექმნის ამოცანაც არის. მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა, კოალიციის ფარგლებში ურთიერთობების აწყობა და ნდობის გაჩენა, ქმნის ალბათობას, რომ მომავალში, ერთ-ერთი მათგანისთვის პრიორიტეტულ საკითხს სხვებიც დაუჭერენ მხარს.

აბსტრაქტული მიზნების დასახვა აუფერულებს იმ შედეგსაც, რომელსაც, შესაძლოა, რაღაც ეტაპზე, ინტერესთა ჯგუფმა მიაღწიოს: ამის მაგალითად გუდიაშვილის სკვერის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გამოდგება. მერიისგან დამატებითი განმარტებების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებმა ღია კარის მტვრევა პერფორმანსის რანგში აიყვანეს და პროტესტი თვითმიზნად აქციეს.

საზოგადოება კომპლექსურია – მის წევრებს განსხვავებული ინტერესები, მიზნები და ამოცანები აქვთ. ისინი ხანდახან ერთმანეთთსაც ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, ხელისუფლება, თუნდაც სურვილის შემთხვევაში, თითოეული ჯგუფის ინტერესის გათვალისწინებას და დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. პოლიტიკური ძალა არჩევანს აკეთებს – მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი ჯგუფის ინტერესის წამოწევა უღირს და რომლის – არა. ეს ინტერესთა ჯგუფებს შორის გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლაში კონკურენციას აჩენს. მათ პოლიტიკურ ბაზარზე საკუთარი იდეის, ინიციატივისა თუ ინტერესის „სარფიანად” გაყიდვა უწევთ. თავის მხრივ, პოლიტიკოსებისთვის, სწორედ ამ პროდუქტის ფასია პრიორიტეტი.

მაგალითად, ბუნებაზე ან ისტორიულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, შესაძლოა, გარკვეული ჯგუფისთვის პრიორიტეტი იყოს, მაგრამ ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებისგან ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას ითხოვს. ბუნებრივია, თუ მწვანეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა დაკმაყოფილების ფასი ეკონომიკური განვითარების შეჩერებაა, ასეთ ფასს პოლიტიკოსი არ გადაიხდის. მას არჩევნების მოგება გაუჭირდება – ანუ ამ პროდუქტის ყიდვა არ უღირს.

ხელისუფალი ყოველთვის დაინტერესებულია მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდით. მას მაქსიმალურად ფართო წრისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღება სურს. კონსტრუქციულად განწყობილ ჯგუფებს მეტი შანსი აქვთ შედეგების მისაღწევად. მათთან კომპრომისზე წასვლა ხელისუფლებას ბევრად ნაკლები „ფასი” უჯდება, ვიდრე მათთან თანამშრომლობით მიღებული, შესაძლო მოგებაა. მაგალითად, რელიგიურმა უმცირესობებმა საკუთარი ინტერესების სისტემატური ადვოკატირებითა და თანმიმდევრული მოქმედებებით, სახელმწიფო და საკუთარ ინტერესებს შორის თანაკვეთის პოვნა მოახერხეს. რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულმა კანონმა, რომელსაც ისინი დიდი ხნის მანძილზე მოითხოვდნენ, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სარგებელი მოუტანა, ხოლო ჯგუფებს – სასურველი შედეგი.

სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, გავლენის მოპოვება მცირე ჯგუფებსაც შეუძლიათ. ეს თავის მხრივ შეიცავს რისკსაც, რომ აქტიურმა უმცირესობამ, საკუთარი ნება პასიურ უმრავლესობას მოახვიოს თავს. რიგ შემთხვევებში, უმცირესობას, ბრძოლის მოგების, უმრავლესობის წევრზე დიდი ინტერესი აქვს.

მაგალითად, სკოლის პედაგოგებს, რომლებიც რიცხოვნობით მშობლებისა და მოსწავლეების რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან, განათლების რეფორმისას აქტიურობის მეტი მოტივაცია ჰქონდათ. მშობლებისა და მოსწავლეებისთვის საჯარო განათლების ბენეფიტები ათეული წლის ან უფრო მეტის შემდეგ მოდის, ხოლო მასწავლებლისთვის ეს შედეგი ყოველთვიურია. საქართველოში პედაგოგებმა ამ მხრივ გაიმარჯვეს კიდეც. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ყოველთვის სასარგებლოა – მაგრამ უმცირესობა უმრავლესობასთან შედარებით, ამგვარ უპირატესობას ფლობს.

სწორედ მოქმედების არასწორი ტაქტიკაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა კვლავ წარუმატებელი რჩება. Policy, Advocacy and Civil Society Development in Georgia ( G-PAC)-ის 2011 წლის კვლევის მიხედვით, მათი საქმიანობისა და მოსახლეობის ნამდვილი წუხილის თანაკვეთა მინიმალურია. ამ ორგანიზაციებს მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის 18% ენდობა. სახელმწიფო სტრუქტურებისა და პრეზიდენტის რეიტინგი კი ძალიან დიდია.

არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა არავის წარმოადგენს, გარდა საკუთარი თავისა და დონორისა. მათ სამიზნე აუდიტორიასთან სუსტი უკუკავშირი აქვთ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დამოუკიდებლობის დაკარგვად ან რეპუტაციის შელახვად აღიქმება. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდ ნაწილს, საკუთარი საქმიანობის წარმართვა, პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან სრულ ანტაგონიზმში ესმის. ეს მის წარმატებას კიდევ უფრო ამცირებს.

კომენტარები