სეზონური გრიპი

როგორ გავუმკლავდეთ გრიპს

თუ მოულოდნელად ყელის ტკივილი, ცემინება დაგეწყოთ, თან გამცივნებთ, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეული რამდენიმე ადგილას გტკივათ, შრომისუნარიანობაც დაგიქვეითდათ – ავად ხდებით. თქვენ გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ. გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მსგავსი ჩივილები მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოპულაციას აქვს. ვირუსი სწორედ ამ პერიოდში მრავლდება. მთავარია, გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე დღე გამონახოთ და მკურნალობა სწორად წარმართოთ.

როგორც წესი, ყველაფერს, რაც სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარეობს, გრიპს უწოდებენ. ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ გრიპის ვირუსის სამი ტიპი არსებობს: A, B და C. დანარჩენი, დაახლოებით 200-ზე მეტი ტიპის ვირუსი კი, უბრალოდ გაციებას იწვევს. ექიმები მათ გაციების ვირუსებს უწოდებენ (მაგალითად, რინოვირუსი, ადენოვირუსი და ა.შ.). გაციება სულაც არ ნიშნავს სხეულის გადაციებას – მისი გამომწვევიც ვირუსია.

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, პერიოდულად, როგორც ენდემიად ან პანდემიად ვრცელდება. ადამიანის დაავადება სამივე ტიპის გრიპის ვირუსს შეუძლია, მაგრამ B და C ტიპები პანდემიას არ იწვევს. ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია, მას მასპინძლად ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება – რათა გამრავლდეს და მომავალში იმავე ან სხვა ადამიანს გადაეცეს. ეს ვირუსები დროთა განმავლობაში ეგუებიან ამა თუ იმ გარემოს და სახეს შესაბამისად იცვლიან. A ტიპის ვირუსს სრული სახეცვლილება შეუძლია. ამგვარი ვირუსის მიმართ პოპულაციას იმუნიტეტი არ აქვს. შესაბამისად, სწრაფად ვრცელდება, ენდემიას ან პანდემიას იწვევს.

თუ რა ვირუსია გავრცელებული, რომელი გრიპის შემთხვევათა მატება იქნება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში – ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან იგებენ. მისი მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წელია ცირკულირებს ე.წ. ფრინველისა (H5N1) და ღორის (H1N1) გრიპი. საქართველოში წელს ფრინველისა და ღორის გრიპის ერთეული შემთხვევები აღირიცხა.

გრიპისა და გაციების სიმპტომები განსხვავებულია. სხვადასხვაგვარია გაციების ვირუსთან და გრიპთან ბრძოლის მეთოდებიც. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ, თუ რომელი ვირუსით დაინფიცირდით. სიმპტომების მიხედვით მათი განსხვავება არც ისე რთულია. გრიპს აუცილებლად ახლავს მაღალი ტემპერატურა (38,5-ზე მეტი), სხეულის რამდენიმე ნაწილში ძლიერი ტკივილი, დაღლილობა, საერთო სისუსტე, უმადობა, ხშირად ერთვის გართულებებიც (ყურის ანთება, პნევმონია). გაციების ვირუსი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს: არ არის აუცილებელი მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. გაციების დროს პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა, ტემპერატურა არ აღემატება 38,5-ს. ეს პროცესი პაციენტმა შეიძლება ფეხზეც გადაიტანოს.

როგორც წესი, ვირუსი ყველაზე მძიმედ, მოხუცებულებსა და ბავშვებში მიმდინარეობს. იაშვილის კლინიკის დირექტორის მოადგილე, ივანე ჩხაიძე მშობლებს მეტი ყურადღებისაკენ მოუწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ მშობლები ხშირად გადაჭარბებულ მკურნალობას მიმართავენ: დაბალი სიცხის შემთხვევაშიც კი, პირველ დღეებშივე იწყებენ ბავშვისთვის სიცხის დამწევი საშუალებების, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების მიცემას. „ვირუსის შემთხვევაში ბავშვების მკურნალობას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, კლასიკურად მიმდინარეობის დროს, გადაჭარბებული დოზით მედიკამენტების მიცემას, სჯობს, მკურნალობა პრეპარატების გარეშე წარიმართოს”. მისივე თქმით, ხუთი დღის განმავლობაში დაბალი ტემპერატურა, თუ სხვა გართულებები არ ახლავს თან, სრულიად ნორმალურია. აუცილებელი არც ბავშვის სრული ულუფებით გამოკვებაა. უმჯობესია, ხშირ-ხშირად და ადვილად მოსანელებელი საკვები მივცეთ. სასურველია, დიდი რაოდენობით თბილი სითხე დავალევინოთ. გარდა ამისა, მშობელი აუცილებლად უნდა დააკვირდეს ბავშვის განავალს. თუ ის წყლიანი ან სისხლიანია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს – „დღის განმავლობაში 3-4-ჯერ, წყლის შემცველი განავალი ძალიან საშიშია, ამან შეიძლება ბავშვის (განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკის) მდგომარეობა რამდენიმე საათში დაამძიმოს”.

ტემპერატურის მატება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირცემინება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ამით სხეული უცხო ორგანიზმის (ამ შემთხვევაში, ვირუსის) შემოჭრას ეწინააღმდეგება. ტემპერატურის მაჩვენებელი ვირუსის ტიპსა და მის აგრესიულობაზე, ასევე ორგანიზმის რეაგირების უნარზეა დამოკიდებული. მაღალი ტემპერატურა, როგორც წესი, კარგი იმუნური პასუხის მაჩვენებელია. სიცხის დამწევი მაღალი ტემპერატურისას, პაციენტმა ნორმის მკაცრად დაცვით უნდა მიიღოს – სულ მცირე, ექვსაათიანი ინტერვალით. ხოლო მცირეწლოვნებმა – მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები უნდა დალიონ. პატარებისთვის დაშვებული სიცხის დამწევი საშუალება, პარაცეტამოლი და მისი შემცველი პრეპარატებია. ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები – მაგალითად, იბუპროფენი. ბავშვებში სიცხის დამწევი აუცილებლად სიროფი და სანთელი უნდა იყოს. „არცერთი პრეპარატი, რომელიც პატარებისთვის გამოიყენება, არ შეიძლება გაყოფილი ტაბლეტი იყოს, თქვენ დოზას ზუსტად ვერ განსაზღვრავთ და შესაძლოა მეტი დოზა მისცეთ, რაც დაუშვებელია”, – ამბობს ივანე ჩხაიძე. ნებისმიერი სიცხის დამწევი, შედეგს მინიმუმ ნახევარი საათის შემდეგ იძლევა. დაუშვებელია რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტის შერევა. პედიატრების რჩევით, თუ ბავშვს სიცხეს ვერ უგდებთ, ეფექტიანი და სრულიად უსაფრთხო მეთოდია ოთახის ტემპერატურის წყლით ხელების დასველება და გულ-მკერდის მიდამოებისა და კიდურების დაზელვა.

ექიმები ბავშვებში არც სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას გვირჩევენ. ამის ნაცვლად, უმჯობესია ფიზიოლოგიური ხსნარი და ტამპონი, რომლის შეძენაც ნებისმიერ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი, მოხმარება კი შეუზღუდავად შეგიძლიათ. დაუშვებელია ანტიბიოტიკით თვითნებური მკურნალობა და ვიტამინების დალევა. გრიპი მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება, ვიტამინებს კი მიღების თავისი წესი აქვს – საჭიროა, სულ მცირე, ერთთვიანი კურსის ჩატარება.

 

კომენტარები