შემოსავლების სამსახური

მკაცრი ადმინისტრირებიდან ნდობის აღდგენამდე – შემოსავლების სამსახურის გამოწვევები

შემოსავლების სამსახურმა 2010 წლის ბოლოს გამოცხადებული ახალი კურსის ანგარიში გამოაქვეყნა. ის მკაცრი ადმინისტრირებიდან ლიბერალური მიდგომების დანერგვას და ამ გზით, საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ანგარიში აჩვენებს, რომ ლიბერალური მიდგომების უმეტესობა, მათ შორის, პრინციპი – Good Faith ანუ პატიოსნება (როცა გადამხდელი თავისუფლდება სანქციისგან, თუ მან შეცდომა დაუშვა და გადასახადების დამალვას არ აპირებდა); წინასწარი გადაწყვეტილება (როცა გადამხდელს უფლება აქვს, წინასწარ შეათანხმოს თამაშის წესები და დაბეგვრის რეჟიმი შემოსავლების სამსახურთან) ან სამართლიანი ადმინისტრირება (როცა საგადასახადო კონტროლის ზოგიერთი ღონისძიება საგადასახადო ორგანოს მაგივრად, შეიძლება განახორციელოს კერძო სამართლის სუბიექტმა) – ამართლებს: 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს შემოსავლები გაზრდილია, საგადასახადო წნეხი – შემცირებული.

თუმცა, ახალი კურსის საპრეზენტაციო და საანგარიშო ვერსიებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა.

2010 წლის ბოლოს, როცა ახალი კურსის შესახებ შემოსავლების სამსახურმა პირველად ამცნო მოსახლეობას, დაგეგმილი იყო რამდენიმე ახალი ინიციატივა, მათ შორის:

• მცირე ბიზნესისათვის გამარტივებული საგადასახადო რეგულირების შემოღება – დადგინდა საგადასახადო შეღავათები – ბრუნვის 3% ან 5%;

• საგადასახადო ომბუდსმენი – ინსტიტუტი გადამხდელის ინტერესებისა და უფლებების წარმოდგენისა და დაცვისათვის, ასევე დარღვეული უფლებების აღდგენისათვის;

• პირადი საგადასახადო აგენტი – აგენტი იცავს გადამხდელის ინტერესებს შემოსავლების სამსახურში, უწევს მას კონსულტაციას და ეხმარება საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში;

• გაფრთხილება დაჯარიმების ნაცვლად – სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ფულადი ჯარიმის ნაცვლად გადამხდელის მიმართ შესაძლებელია გამოიყენონ გაფრთხილება და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის 2011 წლის საანგარიშო ვერსიის მიხედვით, ყველა ამ პუნქტის აღსრულება ადრე დაანონსებული მიდგომებისგან განსხვავდება. მაგალითად, ახალი კურსის საპრეზენტაციო ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, იმოქმედებდა პრინციპი – გაფრთხილება დაჯარიმების სანაცვლოდ. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ანგარიშში გაფრთხილებაზე საუბარი საერთოდ არ არის: პირველადი ჯარიმის ოდენობა – 500 ლარი – იგივე დარჩა, ხოლო განმეორებითი ქმედებისთვის დაწესებული 1500 და 2500 ლარიანი სანქციები, 500 ლარამდე შემცირდა.

ანგარიში აჩვენებს, რომ კიდევ უფრო გართულდა მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი შეღავათების სქემა. ტერმინოლოგიურ სიუხვეს – მიკრო და მცირე ბიზნესი, რამდენიმე ტიპის ახალი ფიქსირებული გადასახადიც დაემატა, რომლებიც ძირითადად უკვე არსებულების ალტერნატიული ვარიანტია. გაუგებარია რატომ უნდა შეეხოს შეღავათები მხოლოდ ბიზნესის ცალკეულ სეგმენტებს და რატომ არ შეიძლება შეღავათიანი გარემო ბიზნესის ყველა სეგმენტზე გავრცელდეს. ასევე, გაუგებარია ხელისუფლების ინიციატივა – საშემოსავლო გადასახადისაგან ასაკობრივი ნიშნის მიხედვით გაათავისუფლოს ახლადდასაქმებულები. უმჯობესი იქნებოდა ხელისუფლებას უკვე დიდი ხნის წინანდელი დაპირება შეესრულებინა და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეემცირებინა. ასე ადმინისტრირებაც გამარტივდებოდა და მთლიანი გარემოც გაჯანსაღდებოდა. ამასთან, საქართველო კიდევ უფრო წინ წაიწევდა იმ რეიტინგებში, რომლებიც ქვეყნის მიერ გატარებულ ლიბერალურ მიდგომებს ზომავს. ეს რეიტინგები ინვესტორებისთვის სერიოზული სახელმძღვანელოა. შესაბამისად, ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა, რაც შემოსავლებზეც დადებითად აისახებოდა.

ანგარიშიდან კარგად არ ჩანს, იმუშავა თუ არა პირადი საგადასახადო აგენტის ინიციატივამ. მას უნდა დაეცვა გადამხდელის ინტერესები შემოსავლების სამსახურში, გაეწია მისთვის კონსულტაცია და დახმარებოდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში. ზუსტად ამ მიზნებს ითავსებს კიდევ ერთი ახალი რგოლი – საგადასახადო ომბუდსმენი. ამიტომ გაუგებარია, რა საჭიროა ფუნქციების გადაფარვა. რეალურად, საგადასახადო კოდექსი რომ გამართული იყოს და ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს არ შეიცავდეს, არცერთი ეს რგოლი საჭირო არ გახდებოდა.

მეორე მხრივ, შემოსავლების სამსახურისთვის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებების მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობა. ეს პუნქტი ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გაუმჯობესებასთან ერთად, ანგარიშის სამომავლო ღონისძიებების ჩამონათვალში მოხვდა.

კომენტარები