თეატრი

დასავლური რეჟისურა ქართულ თეატრალურ სცენაზე

წელს უკვე ორი ახალი სპექტაკლის ნახვა მოვასწარი: დევიდ გრეის პოპულარული პიესა „ყვითელი მთვარე” რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე და „რომეო და ჯულიეტას” მიხეილ მარმარინოსისეული ვერსია თუმანიშვილის თეატრში. ჰოდა, ორივე სპექტაკლზე მინდა გიამბოთ, რადგან მათ ამ ბოლო დროს ჩემსავით სკეპტიკურად განწყობილი მაყურებლის თეატრში დაბრუნება მოახერხეს. რამდენადაც „რომეო და ჯულიეტას” პრემიერამ ანშლაგითა და ხმაურით ჩაიარა, იმდენად მორიდებულად, თითქმის ექსპერიმენტის დონეზე შედგა „ყვითელი მთვარის” ჩვენება. თუმცა ამ უკანასკნელმა, ისევე როგორც „რომეო და ჯულიეტას” ახალმა ინტერპრეტაციამ, ერთბაშად ასწია თამასა ქართულ სცენაზე. ნაცვლად პათეტიკური სტილისა და დეკორატიულობისა, მინიმალისტური სტილი, მსახიობთა ახალი ტიპი და თანამედროვე დრამატურგია შემოგვთავაზა.

„ყვითელი მთვარე”

„ყვითელი მთვარით” დავიწყებ: როდესაც თეატრალები ქართული თეატრის კრიზისზე საუბრობენ, ერთ-ერთ ძირითად მიზეზად თანამედროვე დრამატურგიის არარსებობას ასახელებენ. ძალიან ცოტაა ქართველ ავტორთა პიესები და კიდევ უფრო ცოტა თარგმანები. და აი, ბონის და კლაიდის გათანამედროვებულმა ამბავმა, ქართულ სცენამდეც მოაღწია. საუბარია შოტლანდიელი დრამატურგის – დევიდ გრეის პოპულარულ პიესაზე „ყვითელი მთვარე”. პიესა, შეიძლება ითქვას, ახალია. ის პირველად 2006 წელს დაიდგა გლაზგოში Citizens Circle Studio-ში, იმ წლის თეატრალური სეზონის ჰიტი გახდა და მას შემდეგ წარმატებით სარგებლობს ევროპის თეატრების

სცენებსა თუ ბროდვეიზე. „ყვითელი მთვარის” გარდა, დევიდ გრეის სხვა ცნობილი პიესები – „სან დიეგო”, „ამერიკელი მფრინავი”, „არქიტექტორი”, პიესა ვრცელი და ექსტრავაგანტული სახელწოდებით – „კოსმონავტის უკანასკნელი მესიჯი ქალისადმი, რომელიც მას უყვარდა ყოფილი სსრკ-დან” და ა.შ., დღევანდელი დასავლური თეატრალური სცენისა თუ თეატრალურ ბლოგერთა დიდ ყურადღებას იმსახურებს. ხოლო თეატრის კრიტიკოსები მას ახალი თაობის ყველაზე ამბიციურ მწერლად მოიხსენიებენ. ამის შესახებ იმიტომ შეგახსენებთ, რომ ხაზი გავუსვა ფაქტს, თუ რამდენად ახალი და დასავლურ სცენებზე „გაჰიტებული” თეატრალური პროდუქტი დაიდო ქართველი თეატრალების წინაშე. მისი თარგმანი მწერალსა და მთარგმნელს – დავით გაბუნიას ეკუთვნის. საერთოდ, ახალი პიესების თარგმნა და მათი დადგმა ექსპერიმენტულ სცენაზე რუსთაველის თეატრსა და ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ეს მათი რიგით მე-7 პროექტია. ბრიტანეთის საბჭომ, BP-ის ფინანსური მხარდაჭერით, პიესის დასადგმელად ინგლისელი რეჟისორი (წარმოშობით ირლანდიელი ქალბატონი) როუშინ მაკბრინი მოიწვია. „ყვითელი მთვარე” – ბალადა ორ თინეიჯერზე – მუსლიმ ლეილასა და „ძველ ბიჭ” ლიზე საკმაოდ დამაინტრიგებელია. სპექტაკლის მსვლელობისას თან დაგყვება დინამიკურობის შეგრძნება: ეს, ერთი მხრივ, მსახიობთა თამაშშიც იგრძნობა – ბაჩო ჩაჩიბაია (ლი), ნინუცა მაყაშვილი (ლეილა), დავით დარჩია (ბილი, ფრენკი), ნინო არსენიშვილი (ჯენი, ჰოლი), მაგრამ დინამიკურობასა და რიტმს, უფრო მეტად ამძაფრებს თავად პიესის ტექსტი და სტრუქტურა, სადაც მონოლოგები და დიალოგები ხშირად პოეზიაში გადადის, რის შედეგადაც რითმები რიტმს იწვევენ.

რეჟისურა ხაზგასმულად მინიმალისტურია და წინ უფრო მეტად ტექსტია წამოწეული. სპექტაკლის ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რეჟისორი თითქოს სპეციალურად, ე.წ. რიდინგებსა და წარმოდგენას შორის არსებულ ზღვარზე დგას – იმისთვის რომ ტექსტი გააშიშვლოს, მაყურებელს ხელის გულზე დაუდოს და, ფაქტობრივად, დრამატურგიისა და თარგმანის პრეზენტაცია მოახდინოს. ფაქტია, ექსპერიმენტული თეატრის სივრცე სწორედაც ექსპერიმენტებისთვის და ახალი დრამატურგიისთვისაა შექმნილი, რომელმაც ქართველი მაყურებელი 21-ე საუკუნის თეატრში უნდა მიიყვანოს და „ყვითელი მთვარეც” ამის ერთ-ერთი მაგალითია.

„რომეო და ჯულიეტა”

მესამე მეხსიერება

რაც შეეხება მიხეილ მარმარინოსის „რომეო და ჯულიეტას” – პროვოკაციული სპექტაკლია. არა, ეპატაჟს არ ვგულისხმობ, ეს პროვოკაციული არტის ფორმით გადმოცემული კვლევაა შექსპირის გმირებისა და მათი გარემოსი. ამ კვლევას რეჟისორი „მესამე მეხსიერების” საშუალებით ცდილობს. სპექტაკლსაც ასე უწოდა – „რომეო და ჯულიეტა” მესამე მეხსიერება. შექსპირის ტექსტის (ვახტანგ ჭელიძის თარგმანის) პარალელურად რეჟისორის მიერ შეთხზული ტექსტი მიდის, რომლის საშუალებითაც შექსპირის გმირების ეპოქის დეტალებში რეკონსტრუქცია ხდება – ბრეიგელის ნახატებივით. ამ ყველაფერს ერთვის დღევანდელი თბილისის ყოველდღიური ამბები თუ მსახიობთა თავისუფალი ინტერპრეტაციები, მაყურებელთან შესვლა დიალოგში. შედეგად, რომეოსა და ჯულიეტას სტერეოტიპები იმსხვრევა და უფრო გაადამიანურებული და რეალური პერსონაჟების პირისპირ ვრჩებით.

ზოგი ამბობს, რომ სპექტაკლი საკმაოდ გრძელია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იგრძნოთ, იმდენად თავბრუდამხვევად რიტმულია სცენაზე 7 მსახიობის თამაში. ისინი რიგრიგობით ირგებენ რომეოსა თუ ჯულიეტას ნიღბებს, დარბიან სცენასა და პარტერში, ხანდახან

ფოიედანაც მოისმის მათი რეპლიკები. შეიძლება ხელი ჩაგკიდონ და პირდაპირ შუაგულ სცენაზეც აღმოჩნდეთ, ან კითხვით მოგმართონ – „როგორი იყო თქვენი პირველი სასიყვარულო ღამე?..”. ამგვარი თეატრალური ფორმა განსხვავებულ მანერაში თამაშს, მსახიობის ახალ ტიპს მოითხოვს – უფრო ბუნებრივს, თავისუფალი ინტერპრეტაციის თანხლებით. შედეგად, ჩვენ წინაშე სწორედ ახალი ტიპის, აქამდე ქართული სცენისთვის განსხვავებული მსახიობები დგანან თავიანთი თამაშის მანერით. მსახიობთან ერთად, მარმარინოსის „რომეო და ჯულიეტა” ახალ მაყურებელსაც გულისხმობს – მაყურებელს, რომელიც აქტიურად ფიქრობს.

ქართულ თეატრალურ სივრცეში ორივე სპექტაკლი ახალი ტენდენციების მაუწყებელია, რომელიც ჯერჯერობით ბრიტანელმა და ბერძენმა რეჟისორებმა მოარგეს ჩვენს სცენას.

 

კომენტარები