რესტორანი

MANDARI – GEORGIAN FUSION

შარშან აპრილში, ერთ-ერთ ახლადგახსნილ ქართულ რესტორანში ვისხედით, თბილისის ძველ უბანში. ოთხი-ხუთი უცხოელი სტუმარი და ამდენივეც – ქართველი მასპინძელი. სადილის შემდეგ სტუმარი ინგლისელი ქალბატონი მომიბრუნდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საუბარი კულინარიაზე გამიბა. „იქნებ ამიხსნათ, სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველ წელს თუ არა, ყოველ მომდევნო წელს საქართველოში ჩამოვდივარ; ნაირ-ნაირ რესტორნებში მპატიჟებენ, ახლებში თუ ძველებსა და კარგად გამოცდილებში, მაგრამ სადაც არ მივდივართ, სულ ერთი და იგივე კერძებია, ერთი და იგივე გემო, წლიდან წლამდე. სწორად გამიგეთ – თითქოს მომიბოდიშა – მე ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო, მაგრამ ხომ გესმით რასაც ვგულისხმობ, ერთფეროვნებაა...”

როდესაც კვირის ერთ-ერთ სუსხიან საღამოს მანდარის ვესტუმრეთ, ის ინგლისელი ქალბატონი გამახსენდა, ქართული კულინარიის გაზაფხულს რომ ეძებდა და ვერ ჰპოვა. მინდოდა, პირველ რიგში მისთვის გამეზიარებინა ის სიამოვნება და სიხარული, რაც მე აქ განვიცადე. მსურდა დრო უკან დაბრუნებულიყო, რომ იმ ქალბატონისთვის თამამად მიმემართა: ნება მომეცით, მე გაზიაროთ ქართულ სამზარეულოს, „ჯერ არნახულს, გაუგონარსა და რევოლუციურს”...

ალბათ უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ქართული სამზარეულოს ეს ჩუმი რევოლუცია – ძველით ახალი წლის საღამოს მოხდა, როდესაც შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ ემ ჯგუფის ახალი რესტორნის – მანდარის კარები გახსნა. აქ განცდილმა კულინარიულმა მრავალფეროვნებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ტრადიციამ და სიახლემ კარგად ნაცნობისა და უჩვეულო არომატების საოცარი პოლიფონია შექმნა და ბოლოს ერთ მთლიანობად, ერთხმად აჟღერდა. ჭეშმარიტად: არსად ჯერ ასე არ უმღერიათ.

მანდარი – ძველქართული ლავაში-პური ყოფილა, ერბოგადასმული. კერძების მენიუ საკმაოდ მცირეა, სულ რამდენიმე მადისაღმძვრელს, ამდენივე ძირითად კერძს და ოთხ წვნიანს იტევს. თუმცა აქ მრავალფეროვნება იმ გემოებსა და არომატებშია, რომელიც მოკრძალებულ ულუფებში უხვად და მოულოდნელად არის გაბნეული. აქ მოსული სტუმარი ძალაუნებურად შეფ-მზარეულის თამაშში ებმება. ამ არომა-თამაშში, შემომქმედი სტუმრის მოლოდინს, მისწრაფებებს და მეხსიერებას ეშმაკურად გამოიწვევს: ხინკლის შიგთავსი, ოღონდ გიოზას (აზიური ხინკლის სახეობა) თხელ და ნატიფ გარსში გამოხვეული, გიჭამიათ? იგივე გარსი, ოღონდ ამჯერად კრევეტის შიგთავსით – მოგწონთ? – ქართულია? – არაქართული? ვაგემოვნებთ ბაჟეს ელარჯთან ერთად. უჩვეულო? – ნამდვილად. – ნაცნობი? – დიახ, არის რაღაც ნაცნობი, კი, როგორ არა! პრინციპში ბაჟეა. – უჩვეულო? – საკმაოდ. ბაჟე ძალიან დაბალანსებულია – თურმე ნუ იტყვით და, ნუშისაა. ელარჯი – ჰაეროვანი და ფაფუკი ბურთულები. ეს კრევეტის ხინკალი ნამდვილი შედევრია. სიტყვა მღალატობს.

ძირითად კერძებში თევზეული ჭარბობს, აქაც იგრძნობა მზარეულის მიხვედრილობა: ქართული სამზარეულო არსებითად მძიმეა – თევზეული ადვილად მოსანელებელი. თევზის არჩევანი კი ისეთი უჩვეულოა, რომ ცნობისმოყვარეობა უსათუოდ წაგძლევს. აი, მაგალითად, შავი ზღვის სარღანი, იგივე ზღვის ნემსი – მისოს სოუსში ამოვლებული და სეზამის (შირბახტის) მარცვლით მოკირწყლული: ძნელი სათქმელია რომელ მხარეს მივანიჭებდი უპირატესობას, ვიზუალურს თუ არომატულს. საქონლის ხორცის ხარჩო – მდიდრული ვარიაციაა ქართულ, ინდურ და ჩრდილო-აფრიკულ თემებზე – კუსკუსი გაცილებით საინტერესო აკომპანიმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციულად ასჯერ ნაცადი ღომი. ყურადღება უნდა მიექცეს დღის კერძებსაც – ჩვენს შემთხვევაში ეს იყო შემწვარი იხვის მკერდი კომშის და კოჭას პიურესთან ერთად. უფრო უჩვეულოს და უკეთესს მხოლოდ თუ ინატრებ. სერვისი მომღიმარი და პროფესიონალურია, დღის ან მენიუს კერძების შერჩევაში ადვილად დაგეხმარებიან.

ღვინის ბარათზეც მინდოდა მეთქვა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, თუმცა იმდენად გამიგრძელდა, რომ მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლო: საკმაოდ ფართო არჩევანია და განსაკუთრებით საინტერესოა ქვევრის ღვინოები, თეთრებიდან – წარაფი, ალავერდის მონასტერი, წითლებიდან – ვინოტერას საფერავი. მომავალში, საინტერესო იქნება ამ ტრადიციული ღვინოების ისეთ უჩვეულო კერძებთან შეხამება, როგორიც პეკინურ-სენაკური გოჭია (მხოლოდ წინასწარი შეკვეთით).

მისამართი: მოსაშვილის 11

უბანი: ვაკე

ტელ: 2 30 30 30

სამზარეულო: თანამედროვე ქართული

საათები: ყოველდღე 18:00 – 02:00

ბარათები: მიიღება

ფასი: 180ლ (სადილი ორ ადამიანზე,

ღვინისა და სერვისის ჩათვლით)

პარკინგი: მოსაშვილის ქუჩაზე

www.mgroup.ge

 

კომენტარები