სირია

უარესის მოლოდინში

წლის 3 თებერვალს სირიის ამჟამინდელი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მამამ, ჰაფეზ ასადმა ქალაქ ჰამაში დაწყებული აჯანყების ჩასახშობად სამხედრო ძალა გაგზავნა. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას 10 ათასი ადამიანი შეეწირა. 2012 წლის 4 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომელიც სირიაში ასადის ხელისუფლების შეცვლას უჭერდა მხარს. რეზოლუცია, შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო ასადისთვის მომაკვდინებელი დარტყმა. თუმცა ვეტომ შექმნა შთაბეჭდილება, რომ სირიის რეჟიმს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ლეგიტიმურობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ის სირიის ხელისუფლებისათვის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისათვის მწვანე შუქის ანთებად მიიჩნიეს. რეზოლუციის განხილვის მომენტში სამთავრობო ძალები ქალაქ ჰომსს ბომბავდნენ. მეორე დღეს მისმა სამხედრო ნაწილებმა დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. გაეროში ამერიკის წარმომადგენლის, სიუზან რაისისა და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის კრიტიკას კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისტერიული უწოდა.

გასული წლის მარტიდან საპროტესტო აქციების საპასუხო რეპრესიებს 7 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა სირია არ არის მორიგი არაბული ქვეყანა, სადაც მოსახლეობა საკუთარი ავტორიტარული მთავრობის გადაგდებას ცდილობს. ამ ქვეყნის რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, ირანსა და რუსეთს სურთ. აქ სუნიტური არაბული ქვეყნებისა და შიიტური ირანის ინტერესები იკვეთება. ამერიკას შეუძლია თეირანის რეგიონულ ამბიციებს ბოლო მოუღოს და ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობის საფრთხე გაანეიტრალოს.

სუნიტურ არაბულ სამყაროში, სირია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიიტურ ირანს ღიად უჭერს მხარს. სირიის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი სუნიტია, ასადის წინააღმდეგ ამბოხებულების ბირთვსაც სუნიტები წარმოადგენენ. თუმცა პოლიტიკური ელიტა შიიზმის განშტოებას, ალავიტების სექტას მიეკუთვნება. ირანი სირიის გავლით ტერორისტულ ორგანიზაციებს – ჰეზბოლასა (ლიბანში) და ჰამასს (ღაზაში) – აიარაღებს. ასადის რეჟიმის დაკარგვის შემთხვევაში, აჰმადინეჟადის რეჟიმის რეგიონულ გავლენას საფუძველი გამოეცლება. ჰეზბოლას პოზიციები ლიბანში საგრძნობლად შესუსტდება, ჰამასს კი ეგვიპტიდან დახმარების მიღების იმედად ყოფნა მოუწევს.

არაბული ქვეყნების ლიგა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არადემოკრატიული ქვეყნების ლიდერების შეკრებისა და საუბრის ადგილს წარმოადგენდა, ცდილობს საკუთარი ძალები ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ მაქსიმალურად გამოიყენოს. გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკილი რეზოლუცია, სწორედ ამ ორგანიზაციამ წამოაყენა. სუნიტურ არაბულ ქვეყნებს, პირველ რიგში, საუდის არაბეთს, შიიტური ირანის რეგიონული დომინაციის თავიდან აცილება უნდათ. ამ შემთხვევაში, ისრაელისა და არაბული ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ისრაელს, თავის მხრივ, სტაბილური სირია სურს, რომელიც ირანის მოკავშირე არ იქნება და ტერორისტულ ორგანიზაციებს არ შეაიარაღებს.

ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, სირიას თურქეთიც განუდგა. ამ უკანასკნელისთვის სირია არაბულ სამყაროში გავლენის განვრცობის შანსს წარმოადგენს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან, ასადს ღიად მხოლოდ რუსეთი უჭერს მხარს. კრემლს არაბული ქვეყნებიდან მეგობრად მარტო სირია შემორჩა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მის იარაღს, სირიისა და ირანის გარდა, უკვე დიდი ხანია არავინ ყიდულობს. რუსებმა ასადს იარაღი იანვარშიც მიჰყიდეს. დასავლეთის ქვეყნები კი სირიისთვის სამხედრო ემბარგოს დაწესებას ცდილობენ. ამ ქვეყნის საპორტო ქალაქ ტარტუსში, რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ ერთადერთი სამხედრო ბაზაც აქვს.

მოსკოვის ვეტო ცხადყოფს, რომ ლიბიის შემდეგ, საკუთარი გავლენის კიდევ ერთ ქვეყანაში დაკარგვის ეშინია. 7 თებერვალს სერგეი ლავროვი საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მიხაილ ფრადკოვთან ერთად სირიაში ჩავიდა და ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. რუსეთს სურს ოპოზიციასთან მოლაპარაკებით ასადს ხელისუფლება შეუნარჩუნოს. თუ რეჟიმის გადარჩენა შეუძლებელია, მაშინ ოპოზიციურ ძალებთან გარკვეული საერთო ენა მაინც გამონახოს. იმავეს გაკეთებას ეცდება ირანი.

უშიშროების საბჭოში რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ, სირიაში მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას ელიან. ამერიკელებმა სირიის დედაქალაქ დამასკოდან საკუთარი დიპლომატები გამოიყვანეს. მდგომარეობა, შესაძლოა, ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს. მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სირია, სავარაუდოდ, გრძელვადიან კონფლიქტში აღმოჩნდება. სირიის მეზობელ ლიბანში სამოქალაქო ომი 1975-1990 წლებში გრძელდებოდა. მოვლენების ასეთი განვითარებით დაინტერესებული იქნება ირანი. ამ უკანასკნელს სირიაში გავლენის შენარჩუნება და ტერორისტების დახმარების გაგრძელება შეეძლება.

კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში სირია სახელმწიფოებრივი ფრაგმენტაციის საფრთხის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს. ალავიტები (და სხვა სექტები) დამასკოს დაკარგვის შემთხვევაში ეცდებიან იმ ტერიტორიებზე შეინარჩუნონ გავლენა, სადაც მათი მოსახლეობაა კონცენტრირებული. ასეთი ფრაგმენტაციის მაგალითი ისევ ლიბანია. იქ ხელისუფლება რელიგიურ სექტებს შორის არის გაყოფილი.

მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, სირიის ნაციონალური საბჭოს ლიდერის, ბურჰან ღალიუნის განცხადებით, ასადის რეჟიმის მოშორების შემდეგ ირანთან სირიის განსაკუთრებული ურთიერთობები დასრულდება, ჰეზბოლას მხარდაჭერა კი შეწყდება. მეორე, შედარებით მცირე ზომის ოპოზიციური ჯგუფი ნაციონალური კოორდინაციის კომიტეტია. ამ უკანასკნელს ნაციონალური საბჭო ისლამისტების სიმრავლის გამო არ მოსწონს. სუნიტი მოსახლეობა ორივე ოპოზიციური ძალის დასაყრდენია. მათ დაახლოებას არაბული ქვეყნები, კერძოდ კი ყატარი და საუდის არაბეთი, ცდილობენ.

სირიის ოპოზიციის ამოცანა იმ ალავიტებისა და ქრისტიანების მიმხრობაა, რომლებიც ასადის პოზიციას იჭერენ. ნაციონალურ საბჭოს სურს ე.წ. სირიის თავისუფალი არმია საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს. მისი შტაბი თურქეთში მდებარეობს და ასადის ჯარებიდან გამოქცეული ჯარისკაცებისგან შედგება. თუმცა ოფიცერთა რაოდენობა მცირეა. არმიის ოფიცერთა კორპუსი ძირითადად ალავიტებისგან შედგება. სირიის თავისუფალი არმიის წევრების რაოდენობა 10 ათასიდან 30 ათასამდე მერყეობს. მისმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა რიად ასაადმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი რეჟიმის ჩამოგდება მხოლოდ სამხედრო ძალით თუ მოხერხდება.

ექსპერტთა შეფასებით, ბაშარ ალ-ასადს უკვე ვერაფერი იხსნის. თუმცა კიდევ რამდენ ხანს გაძლებს მისი რეჟიმი, შესაძლოა, დასავლეთის მიერ მისი ოპონენტების მხარდაჭერაზე იყოს დამოკიდებული. ჰილარი კლინტონმა სირიაში სამხედრო ჩარევა გამორიცხა. ამის სურვილი არც ევროპელებს აქვთ. ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჰეზბოლამ და ირანმა სირიაში საკუთარი მებრძოლები გაგზავნონ ასადის დასახმარებლად.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გართულებული მდგომარეობის გარდა, კიდევ ერთი ახლოაღმოსავლური პრობლემის გადაჭრა მოუწევს. სირიელებმა კი უკვე ძვირი საფასური გადაიხადეს.

 

 

კომენტარები