ინდოეთი

კიდევ ერთი განდი

წელს ინდოეთში რამდენიმე შტატის საკანონმდებლო კრების არჩევნები გაიმართება. ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი უტარ პრადეშის შტატია. უტარ პრადეშის საკანონმდებლო კრების წევრებს დიდი გავლენა აქვთ ინდოეთის ნაციონალურ პარლამენტში. გარდა ამისა, ნერუ-განდის დინასტიის მხარდამჭერთა დიდი უმრავლესობა სწორედ ამ შტატის მოსახლეობაა.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კონგრესის პარტიაც, რომელსაც ამჟამად ნერუ-განდის დინასტია უდგას სათავეში და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს დემოკრატიულ პარტიად ითვლება. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძალა გახდა.

ნერუ-განდის საოჯახო დინასტია ინდოეთში მნიშვნელობას არ კარგავს და პოლიტიკაში აქტიურად არის ჩაბმული. სონია განდი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის ქვრივია, ამჟამად ინდოეთის ნაციონალური კონგრესის პარტიის პრეზიდენტია, ხოლო მისი შვილი, რაჰულ განდი, ინდოეთის პარლამენტის წევრი და კონგრესის პარტიის გენერალური მდივანი. მანეკა განდი, ინდირა განდის მეორე ვაჟის, სანჯაი განდის ქვრივი და მისი შვილი ვარუნ განდი ასევე პარლამენტის წევრები არიან. ისინი ბჰარატია ჯანატას პარტიაში ირიცხებიან, რომელიც კონგრესის პარტიის მთავარ კონკურენტად ითვლება.

2009 წლის არჩევნებში ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში კონგრესის პარტიამ თავის მოკავშირეებთან ერთად უმრავლესობა მოიპოვა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მათთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანა.

მოსახლეობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კონგრესის პარტიის წევრი რაჰულ განდი, სონია განდისა და ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის შვილი. რაჰულ განდი დიდხანს იკავებდა თავს პოლიტიკაში ჩარევისგან, თუმცა 2004 წელს მაინც გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა. პირველ ინტერვიუში უცხოურ მედიასთან განდიმ თავი ქვეყნის გამაერთიანებლად წარადგინა. მან განაცხადა, რომ შეეცდება ინდოეთში კასტური და რელიგიური დაძაბულობა შეამციროს. ორი წლის წინ განდიმ უარყო პრემიერ-მინისტრის შეთავაზება სამთავრობო კაბინეტში და პარტიაში დარჩენა ამჯობინა. ის იშვიათად გამოდის სიტყვით ინდოეთის პარლამენტში და არც მედიას სწყალობს.

სონია განდის ავადმყოფობის გამო, მოვლენების უფრო სწრაფი განვითარება არის მოსალოდნელი. სონიას სურვილია, რომ მომავალში მისი ადგილი რაჰულმა დაიკავოს და პარტიის პრეზიდენტი სწორედ ის გახდეს.

კონსტიტუციის მიხედვით, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, ინდოეთში 2014 წელს გაიმართება. პარლამენტი უმრავლესობით ირჩევს პრემიერ-მინისტრს. ახლანდელი მთავრობის კაბინეტის არადამაჯერებლობა, შეიძლება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდეს. ინდოეთის მთავრობა ცუდ ვითარებაშია, დაბალი ეკონომიკური ზრდა, მაღალი ინფლაცია და საშინელი კორუფცია, ინდოეთის ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს და სიღარიბის დონის ზრდას უწყობს ხელს.

თუ 2012 წლის საკანონმდებლო კრების არჩევნებზე 200-მილიონიან უტარ პრადეშის შტატში რაჰულ განდი კონგრესის პარტიას გაამარჯვებინებს, მას შანსი მიეცემა, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდეს.

ისტორიულად, ინდოეთის ნაციონალური კონგრესის პარტია ფერმერების, მუშების, პროფკავშირების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად გამოდიოდა. ის ეწინააღმდეგებოდა არარეგულირებად ეკონომიკას და მხარს უჭერდა პროგრესულ საშემოსავლო გადასახადებს. დღესდღეობით ამ პარტიის იდეოლოგია ნეოლიბერალიზმია, მისი ეკონომიკური პოლიტიკა გარკვეულწილად შეიცვალა და უფრო მეტად არის ორიენტირებული თავისუფალ ბაზარზე.

კონგრესის პარტიის მომავალ ლიდერს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. რაჰულ განდიმ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. მისი მიზანი ინდოეთის პოლიტიკა შეცვლაა, სადაც ყველაფერი ნათესაურ კავშირებზეა დამოკიდებული და პოლიტიკოსთა უმრავლესობა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ რაჰულ განდის მიმართ, ინდოეთის პოლიტიკური ელიტისგან განსხვავებით, კორუფციული ბრალდებები არ გაისმის.

 

 

 

 

კომენტარები