ჩარლი ჩაპლინი

ბრიტანეთში ჩარლი ჩაპლინის დოსიე გახსნეს

ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა ჩარლი ჩაპლინის დოსიე გახსნა და მსახიობის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს ახადა ფარდა. ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ამერიკის ფედერალური ბიუროს თხოვნით, 1952 წლიდან მოყოლებული მუნჯი კინოს ვარსკვლავს უთვალთვალებდნენ. FBI- ში მიიჩნევდნენ, რომ ჩაპლინი კომუნისტების მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი და შესაძლოა, მათი აგენტიც ყოფილიყო. მათ აგრეთვე, აინტერესებდათ მსახიობის ნამდვილი წარმომავლობა.

ბრიტანულმა მხარემ გაარკვია, რომ ჩაპლინს არ ჰქონია კონტაქტი კომუნისტებთან, იმის მიუხედავად, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კინოკრიტიკოს, საბჭოთა აგენტ აივორ მონტეგიუსთან. გარდა იმისა, რომ დოსიეში უარყოფილია ეჭვები იმის შესახებ, რომ მსახიობი არა ლონდონში, არამედ საფრანგეთში, პარიზის მახლობლად დაიბადა. ჩანაწერები ასევე უარყოფს ვერსიას, თითქოს მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი ისრაელ ტორნშტეინია.

ჩარლი ჩაპლინის დაბადების თარიღად და ადგილად 1889 წლის 16 აპრილი, სამხრეთ ლონდონი მიიჩნევა. თუმცა ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა FBI- ის ეჭვების გაბათილების მიუხედავად, ჩაპლინის დაბადების ადგილის დამადასტურებელ ჩანაწერებს ვერსად მიაკვლია.

 

კომენტარები