ქართული კინო

ზაზა ურუშაძის გასეირნება ყარაბაღში

0 კომენტარი

ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში” 2005 წელს გამოვიდა. სურათი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისის თბილისელ ბიჭებზე და ყარაბაღში მათ თავგადასავალზე მოგვითხრობდა, ბოლო პერიოდის ქართულ კინოში, ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. 2009 წელს ქართველებმა მეორეჯერ „გაისეირნეს ყარაბაღში”, ოღონდ ამჯერად ვანო ბურდულის დახმარებით და ნაკლებად წარმატებულადაც. 2012 წლის 1 მარტს კი „გასეირნება ყარაბაღში 3” გამოვა და მაყურებელი პირველ თანამედროვე ქართულ ტრილოგიას იხილავს. ამჯერად, რეჟისორი ზაზა ურუშაძეა. 

წინა ფილმებისგან განსხვავებით, „გასეირნება ყარაბაღში 3”-ში მოქმედება აწმყო დროში ვითარდება. მთავარი გმირი გოგლიკო (მიშა მესხი) ციხიდან გამოდის. გოგლიკოს ძალიანაც უნდა მოერგოს დღევანდელი ცხოვრების რიტმს, მაგრამ უჭირს საზოგადოებასთან ადაპტაცია. „ჩემთვის, „გასეირნება ყარაბაღში 3” დამოუკიდებელი ნამუშევარია, რომელიც პოპულარული ფილმების ერთგვარი გაგრძელებაა. იდეა მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე ამ სურათზე დამეწყო მუშაობა. სცენარზე უტა ბერიამ და ირაკლი სოლომონიშვილმა იმუშავეს, მის დაწერაში მე და ლევან კორინთელმაც (პროდიუსერი) შევიტანეთ წვლილი. შევეცადე გადამეღო ფილმი, რომელიც მხოლოდ კომერციაზე არ იქნებოდა გათვლილი. ბოლო ხანებში ძალიან ცუდი ტერმინი დამკვიდრდა საქართველოში – კინო მხოლოდ ლოკალური ბაზრისთვის. თავმოყვარე პროდიუსერი და რეჟისორი ფილმს კონკრეტული მაყურებლის სეგმენტისთვის არ უნდა იღებდეს. თუ მუშაობის პროცესში ფიქრობ, რომ კინოს მხოლოდ თბილისის ორი კინოთეატრისთვის გააკეთებ, ის მხატვრული ფილმი ნამდვილად არ გამოვა. რა თქმა უნდა, უტოპიურია გათვლა, რომ ქართული პროდუქცია მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა. თუმცა, მთავარია, რეჟისორმა ღირებული მხატვრული ფილმი გადაიღო და ვფიქრობ, ეს შევძელი კიდევაც, რაც მთელ ტექნიკურ ჯგუფთან ერთად მსახიობების დამსახურებაცაა, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ”, – ამბობს ზაზა ურუშაძე. 

თუ „გასეირნება ყარაბაღში” პირველი თანამედროვე ქართული ბლოკბასტერია (ამ სიტყვის ყველაზე მოკრძალებული გაგებით), ზაზა ურუშაძის „სამი სახლი” XXI საუკუნის კარგი ქართული ფილმია. „სამ სახლს” მომღერალი ქალის და ახალგაზრდა ბიჭის სასიყვარულო მელოდრამა მოჰყვა, „დარჩი ჩემთან” კი, რეჟისორის თქმით, მისი ექსპერიმენტი იყო.

კინოცენტრში კონკურსი გამოცხადდა, მაშინ მხოლოდ ერთ პროექტს აფინანსებდნენ. „სამი სახლი” თავიდან ერთ ისტორიად მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა შემდეგ სხვა სტრუქტურა დავინახე: ფილმი სამ ნოველად დავყავი და ერთი სურათის გარშემო გავაერთიანე. ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერიც მე ვარ. როცა გადაღებებს, მონტაჟს მოვრჩი და გახმოვანების პროცესს შევუდექი, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ პროდიუსერები არჩილ გელოვანი და ლევან კორინთელი. მათი დახმარებით, სურათი პრაღაში დასრულდა, რაც საბოლოო ჯამში „სამი სახლის” ხარისხზე აისახა. ამ ფილმთან შედარებით კონტრასტული ნამუშევარია „დარჩი ჩემთან”, რომელზე მუშაობასაც საერთოდ არ ვგეგმავდი და პროდიუსერებს თავიდან უარი ვუთხარი. შარშან კინოცენტრში კიდევ ერთი პროექტი მოვიგე და ჩემი ახალი სურათის – „მანდარინები” – გადაღება უნდა დამეწყო. ეს ესტონური კოპროდუქციაა და რაღაც პრობლემები შეიქმნა, რომლის გამოც პროექტზე მუშაობა გადაიდო. იმდენად მომზადებული და მოწადინებული ვიყავი, რომ საბოლოოდ დავთანხმდი ფილმზე „დარჩი ჩემთან” მუშაობას. მიმაჩნია, რომ რეჟისორი არანაირ გამოწვევას არ უნდა ერიდებოდეს და თავი ნებისმიერ ჟანრში უნდა მოსინჯოს. ერთია, როდესაც საავტორო კინოს აკეთებ და ამისგან უდიდეს სიამოვნებას იღებ, მაგრამ ყველაზე მთავარი რეჟისორის სავარძელში ჯდომა და პროექტზე მუშაობაა. „დარჩი ჩემთან” გაცილებით რთული გადასაღები აღმოჩნდა, ვიდრე „სამი სახლი” და ეს, პირველ რიგში, ჟანრიდან, მელოდრამიდან, გამომდინარე. ნამუშევარი ჩემთვის ექსპერიმენტივით იყო, მაინტერესებდა მარტივი დრამატურგიით და სიუჟეტით კინო თუ შედგებოდა”.

ზაზა ურუშაძეს 2012 წელი დატვირთული აქვს. ორ ახალ პროექტზე მუშაობს. მისი თქმით, ომის თემატიკას სპეციალურად არ ირჩევს, უბრალოდ ისე აღმოჩნდა, რომ ორივე ფილმი ომის ფონზე განვითარდება.  

„რეჟისორისთვის უდიდესი სიამოვნება ფილმის გადაღებაა და საბედნიეროდ ეს წელი დატვირთული მაქვს. სულ მალე დავიწყებ მუშაობას ჩემს ახალ სურათზე – „მტერი”, რომლის მოქმედებაც რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე განვითარდება. ეს იქნება ნამუშევარი სხვადასხვა ეროვნების პერსონაჟებით და „სტუმარ-მასპინძლის” თემით, სადაც ომი უბრალოდ განვითარებული მოვლენების ფონია. ამის შემდეგ, დეკემბერში „მანდარინებზე” დავიწყებ მუშაობას, მოქმედება ამჯერად აფხაზეთის ომის ფონზე განვითარდება. სპეციალურად ამ ფილმისთვის გურიაში უზარმაზარი დეკორაციები გავაკეთეთ, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში საქართველოში ნამდვილად არავის შეუქმნია”.

ზაზა ურუშაძის ფილმი „მტერი” 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა, „მანდარინები” – 2013 წლის გაზაფხულზე, მანამდე კი, პირველი მარტიდან, მაყურებელს კინოთეატრებში „გასეირნება ყარაბაღში 3”-ის ნახვა შეეძლება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები