ცხინვალი

„დამოუკიდებლობის” დასასრული

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატის, ძალაუფლებაში მოსვლის მსვლელობა მარცხით დასრულდა. ალა ჯიოევას მიერ დანიშნული „ინაუგურაციის” წინა საღამოს, 9 თებერვალს, მის შტაბში შეიარაღებული ძალოვნები შეიჭრნენ და ჯიოევას დაკავებას შეეცადნენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არშემდგარი პრეზიდენტი ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა.

ალა ჯიოევამ გასული წლის 27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პროსახელისუფლებო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. ეს უკანასკნელი მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. „უზენაესმა სასამართლომ”, ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დაშვებული დარღვევების საბაბით, არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა. განმეორებითი არჩევნები 25 მარტისთვის დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებას მხარი ოფიციალურმა მოსკოვმაც დაუჭირა.

ჯიოევას მომხრეები, კანდიდატის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით, ქუჩაში გამოვიდნენ. საბოლოოდ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შუამავლობით ჯიოევასა და ედუარდ კოკოითის შორის შეთანხმება შედგა. 10 დეკემბერს კოკოითი გადადგა და მომავალ არჩევნებამდე ძალაუფლება „პრემიერ-მინისტრ” ვადიმ ბროვცევს გადააბარა.

თუმცა, მალევე ჯიოევამ ხელისუფლება შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კოკოითის ერთგულმა დეპუტატებმა თანამდებობებზე დატოვეს ოდიოზური თანამდებობის პირები, რომელთა გათავისუფლება შეთანხმებით გათვალისწინებული იყო.

18 იანვარს ჯიოევამ შეთანხმება ბათილად გამოაცხადა, უარი თქვა 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობაზე და ინაუგურაციისთვის მზადებას შეუდგა. თუმცა, სულ მალე მარტო აღმოჩნდა. მის გეგმებს გაემიჯნენ უახლოესი თანამებრძოლები, კოკოითის ცნობილი ოპონენტები – თავისუფალი ჭიდაობის რუსეთის ეროვნული ფედერაციის მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი და „უშიშროების საბჭოს” ყოფილი მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი.

თედეევმა „პოლიტიკისთვის ვეღარ მოიცალა”, რაც მის ბინაში მოსკოვში რუსეთის ФСБ-ს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, თავად კი „მოწმის სტატუსით” დაკითხეს. ბარანკევიჩმა ვიდეომიმართვები გაავრცელა. ის ალა ჯიოევას ინაუგურაციაზე უარის თქმა ურჩევდა, რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად. ალა ჯიოევა თვლის, რომ მის თანამებრძოლებზე ზეწოლა განხორციელდა.

ცხინვალის ოპოზიციის მოსაზრებით, ჯიოევასა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ რეპრესიების უკან, ფორმალურად გადამდგარი ედუარდ კოკოითი დგას. ის ხელისუფლებაზე ზეგავლენას კვლავაც ინარჩუნებს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებამ 13 თებერვალს განაცხადა, ცხინვალში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს სრული განუკითხაობა და უპატივცემულობა კანონის მიმართ, რაზეც პასუხისმგებელი ოკუპანტი მხარეა”.

ცხინვალისა და რუსეთის ხელისუფლების შეთანხმებულმა მოქმედებამ, ოპოზიციონერი კანდიდატისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რუს ექსპერტებსა და მედიაში იმედგაცრუება და აღშფოთება გამოიწვია. მათიც კი, ვინც კრემლის პოლიტიკის მომხრეა.

„ჯიოევას მიმართ ასეთი ქმედებების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. ეს უგუნურება ან პროვოკაციაა”, – განაცხადა დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინ ზატულინმა. მისი აზრით, ასეთი სკანდალი რუსეთის ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა.

რუსი პოლიტოლოგის ანდრეი ეპიფანცევის აზრით, „ჯიოევამ არჩევნებში პატიოსნად გაიმარჯვა, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ქმედებები კი მოწმობს, თუ რაოდენ შორს შეიძლება წავიდეს ელიტა, როდესაც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს დაინახავს”. ეპიფანცევის თქმით, „პატარა სამხრეთ ოსეთი მაგალითს აძლევს დიდ რუსეთს” – თუ 4 მარტის არჩევნებზე ვლადიმირ პუტინი წააგებს და დარწმუნებული იქნება, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს, იგი „რამე ასეთივე რადიკალურს მოიმოქმედებს”.

გაზეთ მოსკოვსკი კომსომოლეცის მიმომხილველი მარინა პერევოზკინა აღნიშნავს, რომ ცხინვალის მოვლენები „სამხრეთ ოსეთში კრემლის პოლიტიკის ჩავარდნას ნიშნავს”. მისი აზრით, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ქმედუუნარობის დემონსტრირება მთლიანად აბათილებს რუსეთის გამარჯვებას 2008 წლის აგვისტოში”.

„დისკრედიტირებული რესპუბლიკა” – ასე აფასებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას რუსი პოლიტოლოგო სერგეი მარკედონოვი. მისი აზრით, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის იდეამ საშინელი დარტყმა მიიღო”. პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. გარდა ამისა, – აღნიშნავს მარკედონოვი, – რეგიონის მოსახლეობას ხელისუფლების ცივილიზებულად შეცვლის შესაძლებლობას ართმევენ. „ხალხი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ადგილობრივი უზურპატორების ალაგმვაში მოსკოვის იმედი ვერ ექნება”. ეს კი, მისი აზრით, „სამხრეთ ოსეთში კრემლის პოლიტიკის ყველაზე უარესი შედეგია”, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს „მიხეილ სააკაშვილმა ორდენები უნდა დაურიგოს”.

როგორც ჩანს, მოსკოვი რეგიონის მმართველის ახალ კანდიდატურაზეც ჩამოყალიბდა. სულ „პრეზიდენტობის” სურვილს 22 კანდიდატი აცხადებს. მათ შორის გავლენიანი ოპოზიციონერები აღარ არიან. ანატოლი ბიბილოვმა ახალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამავე დროს, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა „სამხრეთ ოსეთის ელჩმა რუსეთში” დმიტრი მედოევმა, რომელსაც ჯერ კიდევ წინა არჩევნებამდე კოკოითის შესაძლო მემკვიდრედ ასახელებდნენ. დღეს კი რუსული წყაროები მას კრემლის ახალ კანდიდატს უწოდებენ.

ცხინვალში მოქმედ მედიაცენტრ ირის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 41 პროცენტი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს – იმ მოტივით, რომ არჩევანი უკვე გააკეთა. რუსეთის პოლიტიკის მიმართ რეგიონში იმედგაცრუება იზრდება. თუ ადრე მოსკოვი, ოსური მოსახლეობის მიერ დამცველად, „დამოუკიდებლობის” გარანტად და უანგარო ქველმოქმედად აღიქმებოდა, 2008 წლის შემდეგ ეს დამოკიდებულება თანდათანობით იცვლება. ხალხი ხედავს, რომ კოლოსალური ფინანსური დახმარების მიუხედავად, ცხოვრება არ უმჯობესდება. ნებისმიერ მცდელობას, რეჟიმს პასუხი მოეთხოვოს ან ხელისუფლება შეიცვალოს, რეპრესიები მოჰყვება. ამას კრემლი უჭერს მხარს.

რუსეთის ხელისუფლების მთავარი მოტივი მოხელეთა ელემენტარული კორუფციული ინტერესია. ასევე, როგორც ჩანს, კრემლს „ნარინჯისფერი საფრთხის” წინაშე პანიკური შიში აქვს. მას არ სურს სახალხო პროტესტის შედეგად ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი შეიქმნას. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ოსური ოპოზიცია იმთავითვე პრორუსული იყო. ასეთ ვითარებაში 25 მარტის არჩევნები ცხინვალში წმინდა ფორმალობად იქცევა. მით უმეტეს, რომ მოქმედი ოსური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დაშინებას, ცხინვალში თუ რუსეთის ტერიტორიაზე, ხელისუფლება აქამდე წარმატებით ახერხებს.

ცხინვალის მოვლენების შემდეგ, მას კიდევ უფრო გაუჭირდება საკუთარი არგუმენტების დასაბუთება „ერთა თვითგამორკვევისა” და „დამოუკიდებელი სახელმწიფოების” მხარდაჭერის შესახებ. ამგვარი სიტუაცია ამყარებს თბილისის პოზიციას, რომ კრემლს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმები აქვს დამყარებული.

კომენტარები