ევრაზიული კავშირი

ევრაზიული ოცნება?

ქართული ოცნება ევრაზიული კავშირის შესახებ ვლადიმირ პუტინის იდეას ყურადღებით გაეცნობა. ამის შესახებ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ ინტერპრესნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ქვეყნისათვის პუტინის კონცეფცია და როგორ უყურებს ქართული ოცნება ევრაზიულ კავშირს, ჯაფარიძე პასუხობს: „რაც შეეხება სხვადასხვა კონცეფციებს, მათ შორის ევრაზიული კავშირის შექმნას, ჩვენ მათ ყურადღებით გავეცნობით. მე მაინც მგონია, რომ ამ პროექტს უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი უნდა იყოს”.

როგორც თედო ჯაფარიძემ ტაბულასთან საუბრისას განმარტა, ქართული ოცნება ევრაზიული კავშირის იდეას, სხვა მსგავს კონცეფციებთან ერთად შეისწავლის. „ვერ გეტყვით, [ეს იდეა] წარმოადგენს თუ არა საფრთხეს. თუმცა, საფრთხეს რუსეთის მხრიდან ყოველთვის უნდა ელოდო. შენს ოპონენტს კარგად უნდა იცნობდე და იცოდე მისი არგუმენტები. იმაში, რომ [კონცეფცია] წაიკითხო და გაეცნო, კრიმინალურს ვერაფერს ვხედავ”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ევრაზიული კავშირის იდეის გასაცნობად ბიძინა ივანიშვილის გუნდს დრო საკმაოდ ჰქონდა. რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირის ბაზაზე ახალი გაერთიანების შექმნის პერსპექტივის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში განაცხადა.

წლის ოქტომბერში გაზეთ იზვესტიაში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახალი გაერთიანების – ევრაზიული კავშირის შექმნის გეგმა დეტალურად ჩამოაყალიბა. ევრაზიული კავშირის კონცეფცია ვლადიმირ პუტინის მომავალი პრეზიდენტობის მთავარ პროგრამად აღიქვეს.

პუტინის განმარტებით, მომავალი კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ევროკავშირის ანალოგი უნდა გახდეს – ქვეყნებს შორის მოიხსნას საბაჟო, საიმიგრაციო და სხვა ბარიერები. ყაზახეთისა და ბელარუსის გარდა, გაერთიანების ახალ წევრებად პუტინი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს მოიაზრებდა. პრემიერი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ინტეგრაციის ეს გეგმა არ იმეორებს საბჭოთა მოდელს და მასში გაწევრიანება მხოლოდ ნებაყოფლობით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოხდება.

თუმცა, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, პრემიერის ახალ პროგრამაში სწორედ საბჭოთა კავშირის აჩრდილი დაინახეს.

პუტინის იდეას მიესალმა ცნობილი რუსი ნაციონალისტი, რუსეთის იმპერიის აღდგენის მოსურნე ევრაზიული მოძრაობის ლიდერი ალექსანდრ დუგინი. მან კონცეფციას „აბსოლუტურად სწორი” უწოდა და აღიარა, რომ პუტინის სტატიაზე მუშაობაში მისი მოძრაობის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ყველაზე მტკივნეულად რუსეთის პრემიერის იდეები უკრაინაში აღიქვეს. პუტინის სტატიის გამოსვლამდე ამ ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა მეთოდები, რითიც მოსკოვი „ნებაყოფლობით” ინტეგრაციულ პროექტებში მეზობლებს ეპატიჟება. გასული წელს აპრილში პუტინმა უკრაინას ღიად შესთავაზა, უარი ეთქვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე და საბაჟო კავშირში გაწევრიანებულიყო. მოსკოვი მზად იყო უკრაინისთვის გაზის ფასები შეემცირებინა, უარის შემთხვევაში კი უკრაინულ პროდუქციაზე ტარიფების აწევით დაიმუქრა.

თედო ჯაფარიძე რუსეთთან „ურთიერთობების სტრატეგიული ღერძის აღდგენას” ემხრობა.

ამ ცნების პრაქტიკული რეალიზაციის მცდელობა, შეიძლება, თუნდაც უკრაინის მაგალითზე განვიხილოთ. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება შეეცადა, ევროკავშირთან ინტეგრაცია და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთთან შეეთავსებინა. საამისოდ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციაზე და ქვეყანაში რუსული ფლოტის ყოფნა დააკანონა. სანაცვლოდ მოსკოვისგან გაზის არაადეკვატურად გაზრდილი ფასები და ერთდროულად რამდენიმე ულტიმატუმი მიიღო.

მოლდოვის წინა ხელისუფლებამ სუუამ-ში მონაწილეობა ფაქტობრივად შეაჩერა და ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ ახალი დოკუმენტი მიიღო. მოსკოვის მხრიდან დაპირების მიუხედავად, დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესს ვერ მიაღწია.

რუსეთის არსებულ რეჟიმთან ურთიერთობების მოწესრიგება, თუნდაც საერთო ინტერესების საფუძველზე, ილუზიაა. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბოლო წლების გამოცდილებამ დაადასტურა. ქართულ ოცნებას ამ საკითხის შესწავლაც შეუძლია – მას შემდეგ, რაც პუტინის კონცეფციას ყურადღებით გაეცნობა.

 

კომენტარები