ვენესუელა

ანტიჩავესი

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 7 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. მმართველი, ერთიანი სოციალისტური პარტიის კანდიდატი დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ამჟამინდელი პრეზიდენტი უგო ჩავესი მესამე ვადით, კიდევ 6 წლით ეცდება პრეზიდენტის სავარძლის დაკავებას. ჩავესი სიმსივნეს კუბაში მკურნალობდა. პოლიტიკოსი, მისივე თქმით, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და გამარჯვების უპირველესი პრეტენდენტი იქნება. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, დემოკრატიულმა გაერთიანებამ (MUD) საკუთარი კანდიდატი პრაიმერით გამოავლინა. ის 39 წლის ენრიკე კაპრილესია. პრაიმერიში მან ხმათა 60 პროცენტზე მეტი მიიღო, მთავარმა ოპონენტმა, პაბლო პერესმა კი 20 პროცენტზე ნაკლები.

2002 წელს ჩავესი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გაუმკლავდა. ოპოზიცია ჩავარდნილმა მცდელობამ დაასუსტა და დაქსაქსა. 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციურმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების გარეშე დარჩნენ. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მათ ერთიანი კანდიდატის წამოყენება სცადეს. თუმცა მათი ალიანსი პოლიტიკოსების ნაცვლად მედიის, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. მაშინ ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატი, მანუელ როსალესი, მოლაპარაკებების შედეგად აირჩია. ჩავესმა როსალესი დიდი სხვაობით დაამარცხა.

ჩავესის ოპონენტებმა არჩევნებში მარცხის მიზეზები გააანალიზეს და 2008 წელს კოალიცია MUD ჩამოაყალიბეს. მათ გაერთიანება ჩილეს კონსერტასიონის კოალიციის მოდელზე შექმნეს, რომელმაც აუგუსტო პინოჩეტის მმართველობა დაასრულა. 2010 წელს MUD-მა ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს შუალედურ არჩევნებზე წარმატებას მიაღწია და 165 ადგილიდან 67 დაისაკუთრა.

MUD-მა საკუთარი პროგრამაც გამოაქვეყნა. წარმატების შემთხვევაში, გაერთიანება მრავალფეროვანი რეფორმების გატარებას აპირებს. აღდგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ზღვარი გაივლება აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის, ცენტრალური ბანკი კი დამოუკიდებლობას დაიბრუნებს. ნავთობის სახელმწიფო კორპორაცია, პირველ რიგში, ენერგეტიკული და არა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებით დაკავდება. ამ უკანასკნელზე პასუხისმგებლობას კი, პარტიიდან შესაბამისი სამინისტროები გადაიბარებენ. პროგრამაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული ქონების ადრინდელი მფლობელებისათვის დაბრუნებაზე, ფისკალური კონტროლის შემსუბუქებასა და არაკონსტიტუციური კანონების გაუქმებაზეა საუბარი. მსგავსი მრავალმხრივი რეფორმების დაპირებით MUD-ი ერთიან ძალად წარმოჩენას ცდილობს. 

მიუხედავად ამისა, MUD-ი მაინც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ძალთა კრებულია. კაპრილესი მემარჯვენე ცენტრისტად, პერესი კი მემარცხენე ცენტრისტ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ზულიას შტატის მმართველ პერესს იმედი ჰქონდა, რომ მხარს  ჩავესის ყოფილი მომხრეები დაუჭერდნენ. ისინი ამჟამინდელი პრეზიდენტის მმართველობით უკმაყოფილონი არიან. კაპრილესმა, ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო ყოფილიყო ბარუტას მერი, მირანდას შტატის გუბერნატორი და ვენესუელის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. 2002 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ის 4 თვითაც დააპატიმრეს. კაპრილესი პერესს ადანაშაულებს, რომ მან და მისმა მომხრეებმა, ქვეყანაში შესაძლებელი გახადეს ჩავესის მმართველობა. პერესს ის ძალები ემხრობიან, რომლებიც ვენესუელაში ჩავესის მოსვლამდე დომინირებდნენ. 

კაპრილესს, ვენესუელის ეკონომიკური პრობლემების ჩავესის საწინააღმდეგოდ გამოყენების შანსი აქვს. სამხრეთ ამერიკაში ვენესუელა ყველაზე მაღალი ინფლაციით გამოირჩევა, ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის პირველადი მოხმარების პროდუქტი. ჩავესს საპრეზიდენტო კამპანიაში ხელი, შესაძლოა, საკუთარმა ჯანმრთელობამაც შეუშალოს. მაგრამ ის არჩევნებზე ადმინისტრაციულ რესურსებს გამოიყენებს, საარჩევნო კომისიებს საკუთარი მომხრეებით დააკომპლექტებს, სამთავრობო ფულით კი საკუთარ კამპანიას დააფინანსებს. გარდა ამისა, მისი ქარიზმატული რიტორიკა, ვენესუელაში ჯერ კიდევ პოპულარულია. ადგილობრივი გამოკითხვების მიხედვით, ჩავესს მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. კაპრილესმა პრეზიდენტს ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა, რათა ამ უკანასკნელმა თავად ნახოს ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები. საფუძვლიანია თუ არა ახალგაზრდა ლიდერის ოპტიმიზმი, ოქტომბერში გამოჩნდება. 

კომენტარები