ოშკი

გადამწყვეტი ბრძოლა ოშკისთვის

0 კომენტარი

მოლაპარაკებათა სიზიფე

თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების გადარჩენაზე პარიტეტული მოლაპარაკებები თურქულ და ქართულ მთავრობებს შორის 2005 წელს დაწყებულა, მაგრამ პირველსავე ჯერზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ამ მოლაპარაკებების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი გამხდარა. „ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაში მყოფი სახელმწიფოების დონეზე. 2005 წელსაც, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო, თურქულ მხარეს ასეთივე მოთხოვნები ჰქონდა. ჩვენ მაშინაც მკვეთრი პოზიცია გამოვხატეთ, თუმცა, როგორც მახსოვს, არა ოფიციალურად, არამედ – კულუარებში. პრობლემაზე ლაპარაკიც მყისვე შეწყდა”, – აცხადებდა საპატრიარქოს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

2007 წელს თურქეთთან მოლაპარაკება განახლებულა და 2008 წლის გაზაფხულისთვის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულიც ყოფილა. მაშინ სამი ძეგლის: ოშკის, იშხნისა და ხანძთის  რესტავრაციაზე იყო საუბარი, ხოლო სანაცვლოდ საქართველოში უნდა შეკეთებულიყო კვირიკესა (ქობულეთი) და ახმედიეს (ახალციხე) მეჩეთები, ბათუმში კი ქართული მხარის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე აზიზიეს მეჩეთის ასლი უნდა აღედგინათ. თავიდანვე მოლაპარაკება ძეგლების მხოლოდ და მხოლოდ კულტურული ფუნქციით აღდგენას ითვალისწინებდა.

საპატრიარქომ ეს პირობებიც გააპროტესტა. მაშინ, 2008 წლის 20 ივნისს, კათალიკოს-პატრიარქმა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია. ... რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს – ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას ... ყოფილი „აზიზიეს მეჩეთის” ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ”.

საპატრიარქოს წინააღმდეგობამ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდიც ჩაშალა. ამასობაში, 2008-2010 წლებში, ოშკის სამხრეთი კედლიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ბარელიეფები ჩამოვარდა და დაიკარგა, კიდევ უფრო მეტად დაზიანდა მისი უნიკალური გუმბათი. ჩამოიქცა ხანძთის გუმბათიც, დოლისყანის ტაძრის კედლიდან გაქრა მზის საათი. ღრმა ბზარები გაუჩნდა იშხნის კედლებს.

2010 წელს მოლაპარაკება მესამედ განახლდა. 2011 წლის დასაწყისისთვის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული იყო და უკვე არა სამი, არამედ ოთხი ტაძრის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა. ოშკს, იშხანსა და ხანძთას ოთხთა ეკლესიაც დაემატა. საქართველოში კი სამი მეჩეთი და ერთი თურქული აბანო უნდა შეკეთებულიყო, ხოლო ბათუმში – აზიზიეს მეჩეთის აღდგენა უნდა დაწყებულიყო. 2011 წლის გაზაფხულისთვის ამ ოთხი ქართული ტაძრის რესტავრაციის დაწყებაც იგეგმებოდა, რასაც რესტავრატორები, მათივე თქმით, მთლიანობაში 5 წელიწადს მოანდომებდნენ. მაგრამ საპატრიარქოს რეაქციამ ამჯერადაც არ დააყოვნა. მის მორიგ საპროტესტო განცხადებაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ მიღწეული შედეგი მისთვის სრულიად მიუღებელი იყო და ხელისუფლებას მოლაპარაკების

საკუთარ პირობებზე წამოსვლას სთავაზობდა: „მაშინ, როდესაც საქართველოში ახლად გახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით?... საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით”.

ამავდროულად, საპატრიარქო მოლაპარაკების პროცესში ჩართვასა და ყველა პირობის მასთან შეთანხმებას მოითხოვდა. იგი აცხადებდა, რომ საქართველოს ამ ოთხი ეკლესიის ბედზე ზრუნვა თურქული მხარისა და იუნესკოსთვის უნდა გადაებარებინა, ხოლო ხელისუფლებას სხვა ტაძრებზე უნდა დაეწყო ხელახალი მოლაპარაკება.

„თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა” (18 იანვარი, 2011 წელი ).

სულ მალე, 2011 წლის 4 თებერვალს, საპატრიარქომ მეორე განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა თავიდან საპატრიარქოს მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებდა:

„ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ა.წ. 18 იანვრის განცხადების შემდეგ საპატრიარქო ჩართული იქნებოდა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენის შესახებ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და პროცესი კვლავ ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვითარდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ხახულისა და არდაშენის გადმოცემის, – ანუ ამ სახის ნაცვალგების, – გარეშე მეჩეთების მშენებლობის დაწყება გაუმართლებლად მიგვაჩნია.

გვინდა განვმარტოთ, რომ არდაშენი არ არის მხოლოდ ტაძარი; იგია ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი და, აქედან გამომდინარე, მისი აღდგენა არა მარტო არდაშენის, არამედ მთელი ამ მხარის, – ლაზეთის, ქართული ეთნოკულტურისა და საეკლესიო სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენას ნიშნავს”.

ამის შემდეგ, 21 თებერვალს, ნიკა ვაჩეიშვილმა შეთანხმების ამოქმედების მთავარ ფაქტორად „საზოგადოებრივი აზრი და მისი აქტიურობა” დაასახელა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუკი ხელისუფლება ტაო-კლარჯეთის ძეგლებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებას ვერ შეძლებდა, შეთანხმების ამოქმედებას ისევ საფრთხე დაემუქრებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ტაძრების გადარჩენაზე მაშინ არც საზოგადოებას უაქტიურია და დაანონსებული საგაზაფხულო სამუშაოებიც არ დაწყებულა.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ 2012 წელს გამართული მოლაპარაკებებისას ტაძრებისა და მეჩეთების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შემცირდა. საქართველოს მხრიდან დარჩა ოშკი და იშხანი, თურქეთმა კი ახალციხეში ჯაყელების მეჩეთის რესტავრირება და აზიზიეს მეჩეთი მოითხოვა. ალბათ, ხელისუფლებამ საპატრიარქოს გასაჩუმებლად ამ კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა.

მიუხედავად ამისა, 2012 წელს, იანვრის მიწურულს მოლაპარაკებების დადებითად დასრულების გახმაურებისთანავე, საპატრიარქომ ახალი და ხელისუფლებისადმი ყველაზე მკაცრი განცხადება გაავრცელა. მან მთავრობა კონსტიტუციური შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა, „რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში”.

ამასთან ერთად, საპატრიარქომ, ამჯერად, ხახულისა და არდაშენის თემით მოლაპარაკების პროცესში ჩაბმის მაგივრად, მხოლოდ არდაშენის აღდგენა და ამ ტერიტორიაზე საეპისკოპოსოს საქმიანობის განახლების პირობა წამოაყენა. როგორც ეტყობა, ეს ნაბიჯი მან ოთხი მეჩეთიდან ორზე დასვლის საპასუხოდ გადადგა და თავისი მხრიდანაც კომპრომისად მიიჩნია. მაგრამ „თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხნის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა”, – დაამატა ბოლოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხოლო ოშკი და იშხანი, ჩვეულებისაებრ თვისისა, ისევ თურქეთსა და იუნესკოს გადაულოცა მოვლა-საპატრონებლად.

* * *

ქვემოთ შევეცადე საპატრიარქოს მთავარი მოთხოვნები და არგუმენტები გამომეყო და, როგორც იტყვიან, კრიტიკულად შემეფასებინა ისინი.

ვისია?

საპატრიარქოსთვის მიზანშეუწონელია, საქართველო ოშკისა და იშხნის (მანამდე ხანძთისა და ოთხთა ეკლესიისაც) გარშემო წარმართავდეს მოლაპარაკებას. იგი ამ ძეგლებზე ზრუნვას იუნესკოსა და თურქეთის პასუხისმგებლობად მიიჩნევს.

საპატრიარქოს ეს პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. თითქოს იმთავითვე ცხადი უნდა იყოს, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გადარჩენა თურქეთთან ერთად, საქართველოს ვალდებულებაცაა. ამის ახსნა და გაგება მეტისმეტად მარტივია – ეს ასეა, იმიტომ, რომ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრება ქართული რელიგიური კულტურის ნაწილი და გვირგვინია. საქართველოს სახელმწიფოს ამ მისიის შესრულებას მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გარდა, კონსტიტუციური შეთანხმების მეათე თავიც აკისრებს, რომლის თანახმად, სახელმწიფო მოვალეა „აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე”.

საპატრიარქო იუნესკოსთან დაკავშირებითაც არ ავლენს მართებულ პოზიციას. იუნესკო საკითხის გადაჭრაში იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ჩაებმებოდა, რომ ამ დაწესებულებაში ამა თუ იმ ძეგლის შესახებ განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია, რომლის ტერიტორიაზეცაა ძეგლი განთავსებული. ამრიგად, რა თქმა უნდა, თურქეთი უნდა ყოფილიყო განმცხადებელი მხარე. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე, თურქეთს იუნესკოსთვის მხოლოდ და მხოლოდ რვა ძეგლი აქვს წარდგენილი. ამავდროულად, ეს უკანასკნელი

მარტოდმარტო მისთვის „გადაცემული” ძეგლების სიის შედგენითაა დაკავებული და რესტავრაციის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. თანაც ამ ორგანიზაციის დაინტერესების არეალში მხოლოდ ის ძეგლები შედის, რომლებზეც სახელმწიფო იღებს ზრუნვის პასუხისმგებლობას – უვლის და პატრონობს მათ. ამ სპეციფიკის გამო, ვერც ოშკი და ვერც სხვა ქართული ტაძარი იუნესკოს მეთვალყურეობის ქვეშ ვერ აღმოჩნდება მანამდე, სანამ თურქეთი ოფიციალურად არ დაიწყებს მათ მოვლა-პატრონობას. ასე რომ, საქართველოსთვის, ტაძრების გადასარჩენად სასწრაფო მოქმედების დაწყება თურქეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით უფრო იოლია, რასაც, მეორე მხრივ, შესაძლოა, თურქეთის მიერ, მაგალითად, ოშკის იუნესკოსთვის წარდგინებაც მოჰყვეს შედეგად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ასეც რომ არ იყოს, იუნესკო, როგორც ეს ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროცესის დროს გამოჩნდა, არანაირ ბერკეტს არ ფლობს, რომ რეალური ზემოქმედება მოახდინოს სახელმწიფოს ნება-სურვილზე. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია ვერც ფინანსურ ჯარიმას დააკისრებს ურჩ ქვეყანას, ვერც ეკონომიკურ ემბარგოს დაადებს მას და სადამსჯელო ჯარების შეყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც არ შეუძლია, არ შეუძლია.

თანაბარზომიერება და ნაცვალგება

საპატრიარქო „თანაბარზომიერ” მოლაპარაკებებში არდაშენის ბაზილიკის აგებასა და ლაზეთის თუ ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სრულფასოვანი აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას გულისხმობს. თანაც „ნაცვალგების” მისეულ გაგებას იგი იმით ხსნის, რომ საქართველოში უამრავი მოქმედი მეჩეთია და ისინი, ამავდროულად, მუსლიმთა საკუთრებას წარმოადგენენ.

შემოთავაზებული „ნაცვალგების” პრინციპი, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია, რადგან დღეს, 21-ე საუკუნეში, საკითხის ამ პრიზმაში განხილვა თანამედროვე სახელმწიფოს არაცივილიზებულობის მანიშნებელია და შუა საუკუნეთა ცნობიერების გამოვლინებადაც შეიძლება შეფასდეს. შუა საუკუნეებში რელიგია და სახელმწიფო გაუმიჯნავი იყო და ხანგამოშვებით, ერთიმეორისადმი მონური დაქვემდებარების მოდუსით არსებობდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთიცა და საქართველოც თეოკრატიული კი არა, თანამედროვე, დასავლური ტიპის სეკულარული სახელმწიფოებია, საქართველოში რაიმე თურქული რელიგიური ინტერესის ან, პირიქით, თურქეთში ქართული სამთავრობო რელიგიური მისწრაფების დაკმაყოფილებაზე მოლაპარაკება ანტიკონსტიტუციური იქნებოდა; მით უმეტეს, რომ ეს საგარეო რელიგიურ-კონფესიური ინტერესი არც თურქეთს გააჩნია და არც საქართველოს. ამიტომ, ამ კუთხით არათუ თანაბარზომიერ, არამედ საერთოდ ვერანაირი ზომის მოლაპარაკებას ეს ორი სახელმწიფო ვერ წარმართავდა. მოლაპარაკების ერთადერთი კონტექსტი კულტურულ-ისტორიული შეიძლებოდა ყოფილიყო.

და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დაუშვებელია, საქართველოს მეჩეთები და მედრესეები განხილული იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესის მატარებელ „ობიექტებად”. ისინი საქართველოს მუსლიმების რელიგიურ მოთხოვნებს ემსახურებიან. ამიტომ ამ არგუმენტზე დამყარებული „ნაცვალგების” პრინციპით რომელიმე სხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებაში ჩაბმა და თქმა, რომ აი, მეც მაქვს ქართული რელიგიური ინტერესი, საკუთარი მოქალაქეების რელიგიით ვაჭრობა გამოვიდოდა და სხვა არაფერი. საქართველოს მუსლიმებს ეს თავმოყვარეობასა და ღირსებას შეულახავდა, რადგან საკუთარ მთავრობას მათთვის უნდა ეთქვა – თქვენ თურქებისა ხართ. საქართველოში მუსლიმებს, როგორც, ვთქვათ, მართლმადიდებელებს, კათოლიკეებსა და იეჰოვას მოწმეებს ისედაც აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდევაც კონსტიტუციური უფლება კანონიერად აშენონ და გახსნან მეჩეთები და ეკლესია-სალოცავები. ამ საქმისთვის ხელის შეშლაა სწორედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ქმედება.

უშუალოდ არდაშენის ბაზილიკაზე კი რა შეიძლება, ითქვას. ვიკიპედიაში ამ ტაძრის შესახებ ინფორმაციას ვერ მოიპოვებ, ვერც ავტორიტეტული ცნობარები გვაწვდიან რაიმე ღირებულ ცნობას. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები აცხადებენ, რომ არდაშენი არც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ქართული წარმომავლობაც დაუდასტურებელია – სადავო ტაძრის ნანგრევია და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არაკორექტული იქნებოდა მისი ბედის სახელმწიფოთა შორის განხილვა.

შანტაჟი თუ რეალური საფრთხე

საპატრიარქო ბათუმში მეჩეთის ნებისმიერი ფორმით აღდგენაში საშიშროებას ხედავს. იგი აცხადებს, რომ ამ პროცესს შესაძლოა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვეს და მუსლიმებისა და მართლმადიდებლების ურთიერთობა დაიძაბოს.

ეს თუ მართლაც ხიფათია, მაშინ საპატრიარქომაც და სახელმწიფომაც ყველაფერი უნდა იღონონ და არ დაუშვან რელიგიური შუღლის გაღვივება. თანაც იმ შეუვალი პირობით, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები სრულყოფილად იქნება დაცული და რეალიზებული. უმცირესობათა უფლებების დაცვა თანამედროვე დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველთაგანია. ამავე დროს, ეს არის ეკლესიის, როგორც მოყვასის სიყვარულსა და განსხვავებულის პატივისცემაზე დაფუძნებული კრებულის მისიაც. თუმცა ერთიც არის, რომ აჭარასა და მთელ საქართველოში მეჩეთები შენდებოდა და შენდება, მათ წინააღმდეგ შეუწყნარებლობას კი, ამ დრომდე, როგორც წესი, მოკლე ფეხები ჰქონდა ხოლმე. ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ საფრთხით ხელისუფლების შეშინება მისი დაშანტაჟების მცდელობას უნდა წააგავდეს.

მოლაპარაკების მხარეები

რაკი მოლაპარაკებები იმ ტაძრების გარშემო მიდიოდა, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, თავის საკუთრებად თვლის, საპატრიარქო კონსტიტუციური შეთანხმების უხეშ დარღვევად აფასებს, რომ იგი სრულფასოვნად არ იყო მოლაპარაკების პროცესში ჩაბმული.

კონსტიტუციური შეთანხმება გვეუბნება, რომ ეს ასე არ არის, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამართლებრივად მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ისტორიული მატერიალური მემკვიდრეობის მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ფარგლებს მიღმა არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრები მის საკუთრებას არ წარმოადგენს. ამავდროულად, ცხადია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სრული უფლება აქვს თურქეთის მთავრობის წინაშე დამოუკიდებლად დასვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რეგისტრაციისა და ქონების დაბრუნების საკითხიც, რაც 2011 წლის 26 სექტემბერს მოიმოქმედა კიდევაც.

ძნელი დასადგენი არც ისაა, მართლა არღვევს (უხეშად) თუ არა ხელისუფლება კონსტიტუციურ შეთანხმებას. პასუხის მისაღებად საკმარისია მარტივი ოპერაციის შესრულება – ხსენებული შეთანხმების ხსენებული მეათე მუხლის ხელმეორედ წაკითხვა. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ სახელმწიფოა ვალდებული „აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე”.

ასე და ამგვარად, ამ ტიპის, ანუ საერთაშორისო ხასიათის მოლაპარაკება, სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებაა და ამ პროცესში საპატრიარქოს ჩაბმა სახელმწიფოს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. თუკი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკება საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად უნდა აწარმოოს, იგი კიდევაც აწარმოებს მას.

მაგრამ, როგორც გამოჩნდა, სინამდვილეში, პრობლემა ის იყო, რომ 2005 წლიდან მოკიდებული, მას შემდეგ, რაც თურქეთსა და საქართველოს შორის დაიწყო მოლაპარაკება, საქართველოს ხელისუფლება, ბოლო დრომდე, ყოველ ჯერზე, ანგარიშს უწევდა ხოლმე საპატრიარქოს, უთანხმებდა მას მოლაპარაკების საეტაპო შედეგებს. ამან განაპირობა, რომ მოლაპარაკებები პერიოდულად ჩიხში შედიოდა, წყდებოდა და უკვე მიღწეული შედეგების გადახედვა იწყებოდა.

ეტყობა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ოშკისა და სხვა ტაძრების რეკონსტრუქცია ასე უპასუხისმგებლოდ დაგვიანდა. 2005-ში ან თუნდაც 2008-ში რომ დაეწყოთ ძეგლების შეკეთება, დღეს უკვე პროცესი შეიძლება დასრულებულიც ყოფილიყო; ხანძთის გუმბათიც, შესაძლოა, არ ჩამოქცეულიყო; ოშკს არ დაეკარგა უმშვენიერესი ბარელიეფები და ოთხთა ეკლესიაცა და ხანძთაც მოლაპარაკების თემატიკიდან არ გასულიყო.

აზიზიეს დილემა

პასუხი უნდა გაეცეს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შეკითხვას. არის თუ არა აზიზიეს მეჩეთში, როგორც ფეთქებადსაშიშ დროს იტყვიან ხოლმე, ჩადებული „თურქული” პოლიტიკური ნაღმი? ბოლოს და ბოლოს, რისი სიმბოლოა აზიზიე – ნუთუ დაპყრობის?

მართალია, ბათუმის პირველი მეჩეთების ისტორია ოსმალთა ბატონობის ხანას უკავშირდება და აზიზიეც 1863 წელს სულთან აზიზის დედის, ვალიდე ხანუმის ინიციატივით აიგო, მაგრამ თურქული იმპერიალიზმი წარსულს ჩაბარდა და დღესდღეობით, თურქეთსა და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მეგობრობა აკავშირებს. ამიტომაც, დაუშვებელია, მოლაპარაკებათა შედეგმა მეგობრებს შორის ბზარი გააჩინოს. პირიქით, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენა, ისევე როგორც ნგრევას გადარჩენილი და განახლებული ოშკი და იშხანი, ისტორიულ-კულტურული დატვირთვის გარდა, სასურველია, ახალი შინაარსითაც შეივსოს. ეს ტაძრები და ჯამეები მშვიდობისა და თურქულ-ქართული მეგობრობის სიმბოლოები უნდა გახდეს.

რეალურია თუ არა ეს სურვილი? რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამაზე პასუხს საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ურთიერთობის მაგალითი შეიძლება იძლეოდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია; მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ექსპანსიონისტურ რელიგიურ პოლიტიკას მიმართავს და ხელს უშლის საპატრიარქოს იურისდიქციის სრულფასოვან აღდგენას; მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართული კვალი მიზანმიმართულად იშლება და ილორს უკვე რუსული ხახვისებრი გუმბათი ხურავს, საქართველოს საპატრიარქო ჯიუტად ისევ რუსულ-ქართულ ძმობასა და ერთმორწმუნეობაზე ღაღადებს.

ამიტომაც, თურქეთისა და აზიზიეს მეჩეთისადმი საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულების შეცვლა არათუ შესაძლებელია და აუცილებელი, არამედ, გარკვეულწილად, ეს მის მორალურ ვალდებულებასაც წარმოადგენს – მტრული რუსეთისგან განსხვავებით, თურქეთი მეგობარი ქვეყანაა და სამომავლოდ მის მთავრობასთან საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ფართო მოლაპარაკებების პერსპექტივა ეშლება – ხანძთა, ოთხთა ეკლესია, ბანა, დოლისყანა, ოპიზა, ტბეთი, ხახული, პარხალი, შატბერდი, არტანუჯი ახალ შეთანხმებებს ელიან.

მარტივია, ტაო-კლარჯეთის ტაძრები ჯერ ხომ ფიზიკურად უნდა გადარჩეს, რომ მათ წმინდა საკურთხევლებზე ოდესმე „ქართულითა ენითა ჟამიც შეიწირვოს და ლოცვაი ყოველი აღესრულოს”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები