ოსკარები 2012

გარი ოლდმანის სმაილი

 მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისი. „ცივი ომის” პერიოდი. დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS) მთავარი საქმე საბჭოთა აგენტების გამოვლენა და საბჭოთა დაზვერვის დასუსტებაა. SIS-ის ადამიანი, სახელად კონტროლი (ჯონ ჰარტი) ხელმძღვანელობს; გამოცდილი აგენტი, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მის სამსახურში საბჭოთა აგენტია. ის ჯაშუშის ძებნას იწყებს და უნგრეთში თავის ერთ-ერთ აგენტს ჯიმ პრიდოს (მარკ სტრონგი), საიდუმლო ოპერაციაზე გაუშვებს. თუმცა ოპერაცია ფატალურად დასრულდება, კონტროლი პენსიაზე გადის და მალე გულის შეტევით კვდება. საბჭოთა ჯაშუში კი კვლავ ჩრდილშია და ბრიტანული დაზვერვის შიგნიდან გამოხრას აგრძელებს. 

სწორედ ამ დროს თამაშში ჯორჯ სმაილი (გარი ოლდმანი) შემოდის. სმაილი დაზვერვის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია – საშუალო ასაკის მამაკაცი, რომლის სახეზეც ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავთ. მისი თითოეული ნაბიჯი კარგად გათვლილი სვლაა. სმაილი ერთადერთი ადამიანია, ვინც სრულ ქაოსში სიმშვიდეს ინარჩუნებს. მან იცის, რომ საბჭოთა აგენტი კონტროლის კაბინეტის ხშირი სტუმარი იყო, ეს კი ეჭვმიტანილების ხუთკაციან წრეს ქმნის. პერსი ალელაინი (ტობი ჯონსი), როი ბლანდი (კიარან ჰაინდსი), ტობი ესტერჰეიზი (დევიდ დენსიკი), ბილ ჰაიდონი (კოლინ ფირტი) და თვითონ ჯორჯ სმაილი, რომელიც კონტროლს ეჭვმიტანილების სიაში ჰყავდა.   

სმაილიმ თითქოს ფილმის დასაწყისშივე იცის ვინ არის დამნაშავე, უბრალოდ, თავის დამხმარესთან, პიტერ გილემთან (ბენედიქტ ქამბერბაჩი) ერთად ყველა კვანძის ზუსტი თანმიმდევრობით გახსნას ცდილობს. მისთვის ცნობილია, თუ ვინ დგას ფარული „მღრღნელის” უკან – საბჭოთა აგენტი კარლა. ეს უკანასკნელი მთავარი მეტოქე და აგენტია. ერთხელ შეხვდა კიდეც, მისი გადმობირება უშედეგოდ სცადა და სანთებელა აჩუქა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ცეცხლს ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებში ანთებს. 

Tinker Tailor Soldier Spy ტომას ალფრედსონის ბრიტანული დებიუტია. შვედმა რეჟისორმა 2008 წელს Let the Right One In გადაიღო და ნამუშევარმა სრულიად დამსახურებული საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ეს ფილმი ვამპირებზეა. ალფრედსონმა მოახერხა შიშის და დრამის ბრწყინვალე დრამატურგიით შეკვრა და ორიგინალური კინოს გადაღება. რეჟისორი ბრიტანულ პროექტშიც ბოლომდე დაიხარჯა. Tinker Tailor Soldier Spy დრამატურგიულად გამართული, ტექნიკურად ბრწყინვალედ შესრულებული ფილმია. სიგარეტის კვამლში გახვეული ეჭვი. უნაკლოდ გაცოცხლებული 70-იანი წლების ლონდონი. ოპერატორული ნამუშევარი დაუსრულებელ დაძაბულობასა და პარანოიას აჩენს. ფერები მუდამ მუქია, პერსონაჟები იდუმალი, ყველა მთავარი მოქმედი პირის სახესაც კი ვერ ნახავთ. ეს ყველაფერი საჭირო ატმოსფეროს ქმნის, რომელიც შედარებით სუსტი სცენარის გამო, ფილმის მთლიან შთაბეჭდილებას განუმეორებლობას აკარგვინებს. სურათი ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაციაა, სცენარისტებმა ვერ შეძლეს სიუჟეტის ბოლომდე გამართვა. მსვლელობისას ბევრი კითხვა ჩნდება, რომლებზეც პასუხს რთულად თუ მიიღებთ. უამრავი პერსონაჟი და მოვლენა გაურკვევლობაში გაგხვევთ, საიდან თავის დაღწევაც რთულია. ყველაზე კარგი ვარიანტი ფილმის მეორედ ნახვა იქნება. Tinker Tailor Soldier Spy ისე დამთავრდება, კულმინაციას არ მიაღწევს. მთელი ფილმი ერთ რიტმში იწყება, ვითარდება და სრულდება. 

სურათის სიძლიერეს, ტომას ალფრედსონის რეჟისურის გარდა, ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლი განაპირობებს. ბრიტანეთის რჩეული არტისტები კოლინ ფირტი, ტობი ჯონსი, ჯონ ჰარტი, მარკ სტრონგი, ამომავალი ვარსკვლავები ბენედიქტ ქამბერბაჩი და ტომ ჰარდი რეალისტურ პერსონაჟებს ქმნიან. თუმცა უმთავრესი გარი ოლდმანი და მისი ჯორჯ სმაილია. ოლდმანმა მისი კარიერის საუკეთესო როლი ითამაშა. მსახიობმა სრულიად დამსახურებული ოსკარის ნომინაცია მიიღო და იმედია, კოდაკის სცენაზე წელს სწორედ სმაილი გაიღიმებს. 

კომენტარები