ნიგერია

ისლამისტური ტერორი ნიგერიაში

"დასავლური განათლება ცოდვაა" – ამგვარად ითარგმნება ნიგერიული ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის, ბოკო ჰარამის სახელწოდება. უკანასკნელ ხანებში ჯგუფი განსაკუთრებით გააქტიურდა. შობის დღესასწაულზე ქრისტიანულ ეკლესიებზე მათმა ტერაქტებმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოკო ჰარამი თავის უმთავრეს მიზნად შარიათის მკაცრი ინტერპრეტაციის ქვეშ არსებული ისლამური სახელმწიფოს შექმნას აღიარებს. გავრცელდა მოსაზრებები მათი საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან და ალ-ყაიდასთან თანამშრომლობის შესახებაც.

შობის დაბომბვები უკანასკნელია დიდხნიან ძალადობის კამპანიაში, რომელიც ნიგერიის მთავრობის და ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ მხრივ, 2011 წელი ყველაზე სისხლიანი გამოდგა. Associated Press-ის მონაცემებით, უკანასკნელ წელს ბოკო ჰარამი 504 ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. მათი თავდასხმის სამიზნეები უმთავრესად პოლიციის შენობები, სამხედრო ბარაკები, ეკლესიები და ბანკებია, გასული წლის აგვისტოში დედაქალაქ აბუჯაში მდებარე გაეროს ოფისში ბომბი აამოქმედეს.

ნიგერიის მზარდმა შფოთიანობამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ და მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს მომხდარი ტერაქტები. აშშ-მა დაიწყო ნიგერიული სამხედრო ძალების მომზადება კონტრტერორისტულ ღონისძიებებში და მათი სათანადო იარაღით აღჭურვა. ბოკო ჰარამის სწრაფმა წინსვლამ ტერორისტულ ტექნოლოგიებში და თვითმკვლელ ამფეთქებელთა გამოყენებამ გარეშე მხრიდან დახმარების ეჭვები გააჩინა. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ბოკო ჰარამს, შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედ ისლამური მაღრიბის ალ-ყაიდასთან და სომალის ფუნდამენტალისტურ მოძრაობა ალ-შაბააბთან კავშირები ჰქონდეს.

ნიგერიაში რელიგიურ დაყოფას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. 160 მილიონი მცხოვრებით, ის აფრიკის ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოა, სადაც ისლამი და ქრისტიანობა თითქმის თანაბრადაა გავრცელებული. მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნაწილის თორმეტ შტატში დღეისათვის შარიათის კანონმდებლობაა შემოღებული. ბევრი ჩრდილოეთ ნიგერიელისთვის ქრისტიანი პრეზიდენტი გუდლაქ ჯონათანი არალეგიტიმურია, რადგან მან მუსლიმურ ჩრდილოეთსა და ქრისტიანულ სამხრეთს შორის ძალაუფლების გადაცემის არაფორმალური როტაციის პრინციპი დაარღვია. 2011 წლის აპრილის არჩევნების შედეგების გამოცხადებას ჩრდილოეთში 800 ადამიანის მკვლელობა მოჰყვა. გუდლაქ ჯონათანმა ირგვლივ საკუთარი ტომის, იჯავის, წარმომადგენლები შემოიკრიბა და დაუმორჩილებელი რეგიონის მიმართ მკაცრი სამხედრო სტრატეგია არჩია. ამან ჩრდილოეთი ნაწილი მოქმედ პრეზიდენტს კიდევ უფრო დააშორა.

რელიგიური ექსტრემიზმი ნიგერიაში 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ღარიბ მოსახლეობაში რადიკალური მაიტაცინის მოძრაობა გახდა პოპულარული. 2002 წელს მუსლიმმა ფუნდამენტალისტმა მუჰამედ იუსუფმა ბოკო ჰარამის სახელით ცნობილი რელიგიური კომპლექსი დააარსა, რომლის მიზანი სეკულარულ სახელმწიფოსთან ბრძოლა და ჯიჰადისტთა აღზრდა გახდა.

ნობელის პრემიის ლაურეატი ნიგერიელი მწერალი, ვოლე შოიინკა ჟურნალ Newsweek-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ სასტიკი მღელვარების ახლანდელი სეზონი ისეთმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა წარმოშვა, როგორიცაა უმუშევრობა, ცუდი მმართველობა, გახარჯული რესურსები, სოციალური მარგინალიზაცია, კორუფცია. რელიგიური აღმზრდელების გავლენის ქვეშ მყოფი უამრავი ღარიბი და უმუშევარი ახალგაზრდა, ბოკო ჰარამის რეკრუტირებისთვის პოტენციური სამიზნე ხდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნიგერიელთა ნახევარი და ახალგაზრდების 71% უმუშევარია. Human Rights Watch-ის 2011 წლის აგვისტოს მოხსენების შენიშვნით, კორუფცია იმდენადაა გავრცელებული ნიგერიაში, რომ მან საზოგადოებრივი მომსახურება მილიონობით მოქალაქისთვის კრიმინალურ წამოწყებად გადააქცია. სოფლის მეურნეობიდან ნავთობის ექსპორტირებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლამ, განსაკუთრებით მუსლიმური ჩრდილოეთი დააზარალა. იქაური მოსახლეობის 72% სიღარიბის ქვეშ აღმოჩნდა. უმძიმესი სოციალური ფონი ქვეყნის ამ ნაწილში ექსტრემიზმის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

კომენტარები