პოლიტიკური პარტიები

ახალი მემარჯვენეები კოალიცია ქართული ოცნების შესახებ

 "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიციას დაშლას უწინასწარმეტყველებს.

" სანამ ქართულ პოლიტიკაში ფულის წვიმა მოვიდოდა, მანამდე ვამბობდით, რომ "ახალი მემარჯვენეები" დამოუკიდებლად ვაპირებდით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. როდესაც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ივანიშვილის რეიტინგზე საუბრობენ და ამ არგუმენტს აყენებენ კოალიციის  სიმყარის გარანტად, გეტყვით, რომ ივანიშვილს არ აქვს პოლიტიკური რეიტინგი და ის ვერ იქნება მისი კოალიციის არდაშლის გარანტი. ივანიშვილის რეიტინგი  არის არა პოლიტიკური, არამედ ფულის და მაქსიმუმ ქველმოქმედების რეიტინგი".- აღნიშნა კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. გუშინ კი ” ახალი  მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემაც განაცხადა, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე სკეპტიკურად უყურებს კოალიციებს და ალიანსებს.

"ასეთი გაერთიანებები მოკლებულია რაიმე მსოფლმხედველობრივ ერთობას და სწორედ ეს არის დღესდღეობით ივანიშვილის კოალიციის პრობლემაც. ამიტომ ”ახალი მემარჯვენეები" არანაირ კოალიციასა და ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ", - აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მისთვის კოალიციის არსებობა მისაღებია არჩევნების შემდეგ, როცა კოალიცია მიზნად დაისახავს მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით რიგ თანამშრომლობას.

კოალიციაში ”ქართული ოცნება” გაერთიანდნენ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი, ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პარტიასთან ერთად. კოალიციაში ასევე არიან კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური, თუმცა საკუთარი პარტიების გარეშე.

 

კომენტარები