შვედეთი

ფიქრები სტოკჰოლმიდან

0 კომენტარი

როგორც იქნა აცივდა, თან როგორ! ჩრდილოეთ შვედეთის შორეულ რეგიონებში ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცა. სტოკჰოლმში შედარებით ზომიერი ყინვაა – 10-დან 15 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა მაინც ძალიან ცივა. ფინანსურ ბაზრებზე სუსხიანი ქარი ქრის და მრავალტირაჟიანი შვედური გაზეთის ერთ-ერთი სათაური გვამცნობს: საბერძნეთის გაკოტრებამდე სამი დღე დარჩა.

ევროპის ლიდერები სამიტს სამიტზე ატარებენ – ჯერჯერობით, უმნიშვნელო შედეგით. საბერძნეთის ხელისუფლების უუნარობა, შეასრულოს შეთანხმებები და ვადები, იმედგაცრუებას სულ უფრო აღრმავებს, საბერძნეთის მდგომარეობის შესახებ ეუთოს ბოლო ანგარიში კი, როგორც ჩანს, იმედის ნაპერწკალსაც არ აჩენს.

საბერძნეთის ცენტრალური ადმინისტრაციის შეფასება ანგარიშში საკმაოდ მკაფიოა: არ არსებობს სტრატეგიული ხედვა იმ გზისა, რომელსაც ქვეყანა უნდა დაადგეს; შეიმჩნევა ლიდერობისა და ხელმძღვანელობის ნაკლებობა და არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც რეფორმების გატარებაზე პასუხისმგებლობას იკისრებდა. რთული მმართველობა, რომლის ფესვებიც ოსმალეთის იმპერიაში უნდა ვეძიოთ, კორუფციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და რენტის მაძიებლებს კვებავს; მაღალ თანამდებობზე, ძირითადად, საშუალო ასაკის ადამიანები პოლიტიკური და არა პროფესიული ნიშნით ინიშნებიან; არ არსებობს უწყებებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა, მკაფიო საბიუჯეტო პროცედურები, სანდო სტატისტიკა. ადმინისტრაცია იერარქიული, ფორმალისტური და არაეფექტიანია.

თუ საბერძნეთის მდგომარეობაზე ეუთოს ანგარიშის წაკითხვამ ადამიანს ძილი შეიძლება დაუფრთხოს, მსოფლიო ბანკის ანგარიში – „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა” – ოპტიმიზმს შემატებს. ეს ანგარიში გიჩვენებს, რა შეიძლება ქვეყანაში გაკეთდეს, თუ ხედვა, მიზანი და პოლიტიკური ნება არსებობს. 2003 წლის ბოლოს საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იყო; 10 წელიწადზე ნაკლებ დროში იქ შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. ანგარიში მოგვითხრობს რეფორმებზე საპატრულო პოლიციის, გადასახადების ადმინისტრირების, საბაჟო სამსახურის, ენერგომომარაგების უზრუნველყოფის, ბიზნესის დერეგულირების, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე კორუფციის ამოძირკვის და მუნიციპალური მომსახურების დეცენტრალიზების სფეროებში. ანგარიშის მიხედვით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ „უპრეცედენტო ანტიკორუფციული რეფორმის” ხანაში შეაბიჯა. თან, როგორი წარმატებით!

სასიხარულო იყო, ამას წინათ, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, ასად ალამის, სტოკჰოლმში ხილვა. იგი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ანგარიშის იმ ადამიანებისთვის წარსადგენად ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველოს გამოცდილება აინტერესებთ. ანგარიშის პრეზენტაციები ვაშინგტონსა და ბრიუსელში უკვე გაიმართა და ბატონი ალამი მომდევნო ორ წელს, ალბათ, ამ ანგარიშის წარსადგენად მოგზაურობაში გაატარებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არსებობს ჯანსაღი ინტერესი, თუ როგორ შეძლო საქართველომ გარდაქმნა კორუფციის დასამარცხებლად და იმედია, იმის მაჩვენებელი, რომ სულ უფრო მეტი აცნობიერებს, რომ კორუფცია საზოგადოებაში ავთვისებიანი სიმსივნესავითაა. და რომ მისი აღმოფხვრა შესაძლებელია და ამის გაუკეთებლობას გამართლება არა აქვს. Nike-ის ლოზუნგისა არ იყოს, Just do it! (მიდი, გააკეთე!)

საბერძნეთისთვის რადიკალური რეფორმები აუცილებელია. საქართველოს, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისთვის ემზადება, საექსპორტო ბევრი არაფერი აქვს. გირჩევდით, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ექსპორტს მიჰყოთ ხელი – იმ ცოდნისა და გამოცდილების, რომელიც ქვეყანამ ადმინისტრაციის რადიკალურ და მიზანმიმართულ რეფორმირებაში, ელექტრონული მმართველობის შემოღებაში და კორუფციასთან ბრძოლაში დააგროვა, ანუ, იმ რეფორმების გატარებაში, რომლებმაც საქართველო ევროპაში წამყვან რეფორმატორად აქცია. საბერძნეთს და ზოგ სხვა ქვეყანას საქართველოს გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლია.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები