უმაღლესი განათლება

ინტერვიუ კახა შენგელიასთან

ბოლო 60 წლის მანძილზე გლობალიზაციამ ასობით მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა. მათი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებზე მოდის. თუმცა გლობალიზაციის დაჩქარებული ტემპის პირობებში – რაც ძირითადად ტექნოლოგიების და მენეჯმენტის პრაქტიკის დახვეწამ გამოიწვია – დასაქმების ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. სამუშაოს საშოვნელად, შენი შრომა ან ძალიან იაფი უნდა ღირდეს, ან პროფესიონალი უნდა იყო. საქართველოს ბაზარზე დღეს მოთხოვნადი პროფესიების, დასაქმებისთვის საჭირო თვისებების და გლობალური კონკურენციის შესახებ, ტაბულა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას ესაუბრა.

რომელი პროფესიებია დღეს ბაზარზე მოთხოვნადი?

დღეს ბაზარზე ბიზნესის, ტექნოლოგიების, სამართლისა და ტურიზმის სპეციალობებია მოთხოვნადი. რაც უფრო მეტად წინ მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მით მეტი მოთხოვნაა კვალიფიციურ კადრზე. თუმცა, როცა ესა თუ ის დარგი სწრაფად იზრდება, კადრების მომზადების პროცესი ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნას ჩამორჩება. მაგალითად, ტურიზმი ახალგაზრდა დარგია და კადრიც ცოტაა. რაც შეეხება ბიზნესს, სამართალს და ტექნოლოგიებს, უკვე შეგვიძლია საქართველოში კადრების პოვნა და მათ შორის ჩვენი კურსდამთავრებულებიც არიან.

მეორე მხრივ, ეს პროფესიები შედარებით გაჯერებულია და კონკურენციაც უფრო მაღალია. შესაბამისად, ამ კუთხით დასაქმებაც უფრო რთულია. თქვენ რა ტენდენციას ამჩნევთ?

დასაქმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ჩვენთვის, რადგან ამით განისაზღვრება უნივერსიტეტის პრესტიჟი და, ასე ვთქვათ, სწავლების დონე. დღეს არ არსებობს არცერთი სამსახური – ბიზნესი იქნება ეს თუ სახელმწიფო სექტორი – სადაც ჩვენი სტუდენტი არ მუშაობს. დასაქმების დონე თითქმის 100%-ს აღწევს. მესამე კურსიდან მოყოლებული თითქმის ყველა სტუდენტი მუშაობს. დაახლოებით 10% კი მიდის და სწავლას უცხოეთში აგრძელებს.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის უცხოეთში სწავლაზე სტაბილურად მაღალი მოთხოვნა?

საზღვარგარეთ სწავლა ადამიანს ძალიან ბევრ რამეს ჰმატებს. უფრო ფართოდ უხელს თვალებს – რა ხდება ევროპაში, ამერიკაში, აზიასა თუ აფრიკაში. ვფიქრობთ, სამომავლოდ შემოვიღებთ ასეთ პრინციპს: ყველა მეოთხეკურსელისთვის სავალდებულო იქნება, სულ მცირე, ერთი სემესტრით საზღვარგარეთ სწავლა. ამერიკაში და ევროპაში ბევრი კონტაქტი გვაქვს. მათ შორისაა, ამერიკაში ჯორჯიის უნივერსიტეტი, დიდ ბრიტანეთში ჩესტერის უნივერსიტეტი, საფრანგეთში გრენობლის ბიზნესსკოლა. ამას ემატება ავსტრია, ბალტიის სამი ქვეყანა, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, იაპონია, კორეა, ბრაზილია, არგენტინა. სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსების და სხვა დეტალები ჯერ ბოლომდე გაწერილი არ გვაქვს. თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

მაინც რატომ არის უცხოეთში განათლების მიღება ასე მნიშვნელოვანი?

როცა საზღვარგარეთ განათლებამიღებული ადამიანი თავის ქვეყანაში ბრუნდება, მას სულ სხვა მოტივაცია და მსოფლმხედველობა აქვს. როგორც წესი, დიდი ნაწილი მართლაც ბრუნდება და უფრო კვალიფიციური, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით არის აღჭურვილი. ასეთი ადამიანები კი არა მხოლოდ ადგილობრივად, გლობალურადაც უფრო კონკურენტულები არიან და დასაქმების ბაზარზე მათზე მოთხოვნა მაღალია.

რა თვისებები სჭირდება ადამიანს ოცდამეერთე საუკუნეში, რომ ის გლობალურ ბაზარზე კონკურენტული იყოს?

ძალიან კარგად უნდა იცოდეს უცხო ენა. შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა. უნდა იყოს აქტიური და სტრესულ სიტუაციას თავს ადვილად ართმევდეს. სტუდენტი ამ უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებს, თუ მან, სულ მცირე, ორი უცხო ენა არ იცის. მესამე კურსიდან სწავლებას ვიწყებთ უკვე მთლიანად ინგლისურად. ამიტომ ჩვენთან სავალდებულოა Toefl-ის ჩაბარება. მომავალში საუნივერსიტეტო ტესტის შედგენას ვაპირებთ, რომ სტუდენტებს არ მოუწიოთ ცალკე იმ თანხის გადახდა, რაც Toefl-ის ტესტის ჩაბარება ჯდება.

ბევრი ტიპის უნივერსიტეტთან გაქვთ შეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორი მოდელია უფრო წარმატებული?

ამერიკული. ეს გულისხმობს გუნდურ მუშაობას, პროექტების კეთებას, ყოველკვირეულ მკაცრი გამოკითხვის მეთოდს. ჩვენი სტუდენტები ამ მოთხოვნებზე იზრდებიან. ფიქრი და მუშაობა აუცილებელია მათი განვითარებისთვის. ადამიანი, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს.

 

 

 

კომენტარები