გე­ლა წუ­ლა­ძე

მხატვრობა თუ დეკორატიული ინტეგრაცია

0 კომენტარი

ინტერვიუ გელა წულაძესთან

არ ვიცი, რამდენად მოგვეწონებოდა იმ სახლში ცხოვრება, რომლის მთელ ფასადზეც რომელიმე მხატვრის ნახატი იქნებოდა დახატული. მაგრამ ქალაქს ნამდვილად გაალამაზებს ასეთი პროექტი, მით უმეტეს, რომ სარეკლამო ბანერები ისედაც ჩვენს დაუკითხვად იჭრებიან გარემოში. მავანი იტყვის, რომ არსებობს ნეიტრალური ტერიტორიები, სადაც მხოლოდ დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება შეიძლება იყოს სტაციონარული და მუდმივი ფორმით – ხელოვნების ექსპერიმენტებისთვის კი რამე სპეციალური ადგილიც საკმარისია. ქართველი მხატვარი გელა წულაძე, რომელიც უკვე დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს და დღეს ბათუმს თანამედროვე სკულპტურებით ალამაზებს, თბილისისთვის საცხოვრებელი კორპუსების მოხატვის ახალ, მასშტაბურ პროექტს გეგმავს.

საიდან გაჩნდა საცხოვრებელი სახლების ფასადებზე თანამედროვე მხატვრების ნახატების გადატანის იდეა?

1980 წელს თბილისიდან წავედი და მას შემდეგ საფრანგეთში ვცხოვრობ. 1985-86 წლებში პარიზში აკადემიაში დავდიოდი და იმ დროს უკვე შევამჩნიე, რომ დიდი ფორმატები კეთდებოდა კედლებზე. ჩემს შემოქმედებაში მეც ყოველთვის დიდ ფორმატებს ვეძებდი და ეს მაინტერესებდა. 2010 წლიდან, როცა საქართველოში ქანდაკებების დადგმა დავიწყე, აქ ვერ ვპოულობდი ისეთ მოქანდაკეებს, რომლებიც მარტივი და სოციალური იდეის მქონე ნამუშევრების შექმნას შეძლებდნენ. ამიტომ, ფრანგ ხელოვანებთან ერთად მომიხდა მუშაობის გაგრძელება. მერე მომივიდა აზრი, რომ მოქანდაკეების ნაცვლად ქართველი ფერმწერები ჩამერთო ამ პროექტში და მათ დავუკავშირდი. ამ მხატვრებს, მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოს “მეათე სართულის” ჯგუფს, 1989 წლიდან ვიცნობ, მაშინ მათი ნამუშევრები წავიღე და იუნესკოში მოვაწყე გამოფენა. სხვა ახალგაზრდებიც გავიცანი. აი, ასე დაიბადა ეს იდეა.

რომელ რაიონებზეა საუბარი?

ყველგან შეიძლება ეს იყოს, ცენტრშიც და განაპირა რაიონებშიც. ეს უფრო იმ უბნებს და კორპუსებს შეეხება, რომლებიც უღიმღამოდ გამოიყურება და გასაკეთებელია. თბილისის მერიას უკვე ისედაც აღრიცხვაზე აჰყავს ის კედლები, რომლებიც შეიძლება მოიხატოს და ვფიქრობ, ჩვენი იდეები დაემთხვა.

ვთქვათ, თექვსმეტსართულიანი კორპუსი თუ არის, მთელი ფასადი მოიხატება? და რამდენი მხრიდან იქნება სახლი მოხატული?

დიახ, მთელი ფასადი გაკეთდება და ნახატი სახლის მხოლოდ ერთ მხარეზე იქნება.

ამჯერად, დასაწყისისთვის, ავიღე 15 კორპუსი. ჯერ ერთს გავაკეთებთ. მერთან ერთად გადავწყვეტთ, თუ რომელი მხატვარი დაიწყებს პირველი მუშაობას. ერთ სახლს რომ მოვრჩებით, რაღაც გამოცდილება გვექნება და მერე სხვა სახლებით და კედლებით გავაგრძელებთ. ეს პროექტი შეიძლება ხანგრძლივი იყოს და 3 წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

რა სტადიაში იმყოფება ამჟამად პროექტი, ნებართვა თუ გაქვთ უკვე მიღებული?

პროექტი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. თვითონ ქალაქის მერი, გიგი უგულავაა დაინტერესებული, რომ გაკეთდეს. ამასთან, პროექტში შემოვიყვანე ვატო წერეთლის თანამედროვე ხელოვნების სკოლა და მისი სტუდენტები. ისინი მხატვრების ასისტენტები იქნება, მათთან ერთად გაივლიან პროცესს და მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ

რომელი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას?

მამუკა ცეცხლაძე, მურთაზ შველიძე, თემო ჯავახიშვილი, ლუკა ლასარეიშვილი, კოკა რამიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, კოტე სულაბერიძე, ყარამან ქუთათელაძე, ვახო ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ანდრია დოლიძე, ზურა გიკაშვილი, ნიაზ დიასამიძე.

გარდა ამ პროექტისა, საინტერესოა, როგორია შენი, როგორც მხატვრის ინდივიდუალური კარიერა, რომელი გამოფენები გქონდა საფრანგეთში და რომელს გამოარჩევდი ბოლო პერიოდიდან?

ბოლოს მოსკოვში მოეწყო ჩემი გამოფენა, რომელიც პარალელურად წარმოდგენილი იყო თბილისსა და პარიზში. უფრო სწორად, პარიზში

ვუშვებდი ექსპერიმენტულ ფილმს ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ღამით ეწყობა ხოლმე ქუჩაში და ყველა მონაწილე მხატვარს სპეციალური ადგილი აქვს გამოყოფილი. ამ ფილმს ტრანსლაციით ვაწვდიდი მოსკოვში, ასევე თბილისშიც, ვაკის პარკში, 33ა კლუბში.

რომელ გალერეასთან თანამშრომლობ პარიზში?

ახლა არცერთთან, ადრე ვთანამშრომლობდი “თავისუფალი ფიგურაციის” ჯგუფთან.

შენი სკულპტურები დაიდგა ბათუმში, თბილისშიც გაქვს რომელიმე შენი სკულპტურა განხორციელებული?

კი, თბილისშიც არის, მაგრამ, უბრალოდ, ჩემი წარდგენითაა და ნამუშევარი სხვისია – ეს არის ველოსიპედი.

ასეთი ველოსიპედი კიდევ არის სადმე შესრულებული?

ორიგინალი გალერეაშია, პარიზში.

საინტერესო სიმბოლიკა აქვს ამ ველოსიპედს, ორი საჭე და ორი სკამი ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით.

კი, იმიტომ რომ ავტორი ანაგრამის სპეციალისტია და აქ ანაგრამა ვიზუალურად არის გამოხატული. ამიტომაც ამ ნამუშევარს ანაციკლისტი ჰქვია. ეს იქვე სკულპტურის აღწერაშიც არის მოცემული.

მარტო ის მომენტიც, რომ შეხედავ და შეიძლება გაგეღიმოს, უკვე საკმარისია. ზოგმა თქვა, რომ ეს ოპოზიციას აღნიშნავს. ვისაც რა უნდა ის იფიქროს. მთავარია, ახალი იდეები იყოს და ყველაფერი ერთ ადგილზე არ გაჩერდეს.

შენი ფერწერული ნამუშევრები ხშირად დიდ წერტილსა და მძიმეს და მათში არსებულ სარკმელს და ცას გვიჩვენებს...

პირველად მამაჩემმა გამაკეთებინა ეს. მან წერტილი გააკეთა დივანის თავზე და ეს იყო ჰიპნოზი. მერე, როცა უკვე აკადემიაში მოვხვდი, იმის მერე ამ წერტილს ვხატავ. მერე მე წერტილს მივამატე მძიმე. წერტილი უსასრულობაა და მძიმე კი ცხოვრების რაღაც ნაწილს წარმოადგენს.

თავიდან ახსენე, რომ 80-იანი წლების შუა პერიოდში თბილისში გაიცანი “მეათე სართულის” ჯგუფის მხატვრები, საინტერესოდ მოგეჩვენა და მათი ნამუშევრები საფრანგეთში წაიღე. დღეს რაიმე ანალოგიურად საინტერესო თუ არის აქ შენთვის?

დღეს ჩემთვის ერთადერთი ასეთი ადგილია კლუბი 33ა, სადაც მუდმივად შემოქმედებითი პროცესია. ახლა ძალიან ინდივიდუალურია ყველაფერი, ინტერნეტმა ჩაკეტა ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობა. სინამდვილეში, კოლექტიურობის მომენტი დღესაც მოქმედებს, მაგრამ ახალგაზრდები ამ მომენტზე არ დაფიქრებულან, რომ ძალა ერთობაშია. კლუბებშიც დავდივარ ღამის 4 საათზე, მაგრამ იქ უფრო გართობაა. ეს ბიჭები რომ ხატავდნენ ერთად, სულ სხვა რამ იყო.

ავანგარდი თუ დეკორატიული ხელოვნება, რომელს უფრო აღიარებდი ამ შეპირისპირებაში?

მე ორივეს ვაღიარებ. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ არ ვაღიარო ის ან ეს, არ გამოდის.

კორპუსების თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს პროექტი რაიმე კონცეფციაზე ააგე თუ უბრალოდ პირადი გემოვნებაა გადამწყვეტი მონაწილე მხატვრების არჩევაში?

ეს მხატვრები დღეს ქართულ მხატვრობას წარმოადგენენ. სხვა კონცეფცია აქ არ არის. შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მონაწილე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ დავიწყოთ და დანარჩენი მერე გამოჩნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები