ემზარ ჯგერენაია

ახლანდელი არჩევნები სოციოლოგების ომიც იქნება

0 კომენტარი

რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული საზოგადოება? რა არის დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მთავარი მიზეზები? პოლიტიკურ განწყობებზე, მოლოდინებზე, სოციოლოგიურ კვლევებსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ტაბულა სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

როგორ შეაფასებდით დღეს ქართული საზოგადოების მდგომარეობას, მის ადგილს ზოგად, გლობალურ კონტექსტში?

ქართულ საზოგადოებას დავახასიათებდი, როგორც დაგვიანებულ ერს, დაგვიანებულ საზოგადოებას. მას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების ძალიან ხანმოკლე გამოცდილება აქვს. პირველი რესპუბლიკის ეფემერული დამოუკიდებლობა სწრაფად დავკარგეთ, არ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება. შემდეგ, კომუნისტურ ეპოქაში, ქვეყანა ზევიდან იმართებოდა, არ არსებობდა სამოქალაქო მოძრაობა. შესაბამისად, სამოქალაქო აქტივობის, პროტესტის გამოთქმის, თვითორგანიზაციის დაბალი უნარი გვაქვს. ჩავიხედოთ ჩვენს კულტურაში, მაგალითად, XVI-XVIII საუკუნის ლიტერატურაში და ვნახოთ, რაზე მუშაობდნენ ქართველი ინტელექტუალები. ამავე დროს, თვალი გავადევნოთ ევროპის ინტელექტუალურ მოძრაობას, თუ რა ხდებოდა იქაურ უნივერსიტეტებში. დიდ განსხვავებას დავინახავთ. იდეებს შორის, რომელსაც ჩვენი კულტურა ძირითადად პოეტური ენით გადმოსცემს, სოციალურ იდეებსაც ვიპოვით, მაგრამ არასოდეს დასმულა კითხვები, რომელიც, მაგალითად, თომას ჰობსმა დასვა თავის დროზე. თუნდაც ის, თუ როგორ არის წესრიგი შესაძლებელი.

დღესაც არ ისმება ეს კითხვები?

ისინი, ვისაც თეორიულად ევალება ამ კითხვების დასმა, ინტელექტუალური პაექრობა ამ საკითხებზე, არ კამათობენ. ყველაფერი პოლიტიზებულია: ცოტანი არიან თავისუფალი ინტელექტუალები, რომლებიც ლაპარაკობენ, როგორც დარგის წარმომადგენლები, მეცნიერები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მოძრაობის სასარგებლოდ. ყველას, მათ შორის ინტელექტუალსაც, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური ვნება, გატაცება ან ინტერესი, მაგრამ მისი ნეიტრალიზაცია ვერ ხერხდება. ამის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის ადგილი მცირეა – არავინ საუბრობს, ასე ვთქვათ, „ობიექტურად” – თუკი ასეთი რამე სოციალურ მეცნიერებაში შესაძლებელია. ჩამორჩენის ერთ-ერთი მომენტი სწორედ ესაა: ჩვენი საზოგადოება არ კამათობდა წესრიგის, თავისუფლების საკითხებზე. პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან წესრიგი იყო ყოველთვის ზევიდან: ერთ დროს, კოლონია ვიყავით, მერე საბჭოთა რუსეთის ნაწილი და ა.შ. იყო რაღაც სუსტი მოძრაობები დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ ამას ხშირად სპონტანური და დაუგეგმავი ხასიათი ჰქონდა. მე ვიტყოდი, ეს მაინც პოლიტიკური მოძრაობა იყო და არა საზოგადოებრივი.

როგორ ფიქრობთ, როგორია ტენდენცია, იცვლება მსგავსი მდგომარეობა?

დღესაც საქართველოში არის წესრიგი ზევიდან. ის ხელისუფლების მიერაა დამყარებული.

დავუშვათ, რომ დღეს არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ახორციელებს თავის ძალაუფლებას საზოგადოებაზე – რას მივიღებთ? აღმოჩნდება, რომ საზოგადოებას თვითორგანიზების არანაირი ძალა არ აქვს. ამ ტიპის კულტურაა: რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ქელეხების და ქორწილების ორგანიზება – ჭირისა და ლხინის მენეჯმენტი. ეს არის საზოგადოება, რომელიც ზევიდან ელოდება წესრიგს. შესაბამისად, ხელისუფლებას წესრიგი ესმის, როგორც მაქსიმალური კონტროლი. საზოგადოებას ამაზე პროტესტი აქვს, მაგრამ სახელმწიფოს ალტერნატიულ წესრიგს ვერ სთავაზობს.

რაღაც აზრით, ამ მდგომარეობას ხელისუფლება იყენებს: ის სთავაზობს გარკვეული ტიპის წესრიგს საზოგადოებას. საზოგადოება არ იღებს ამ წესრიგს, რადგან მის ქმნადობაში ნაკლებად მონაწილეობს. წესრიგი „ჩემი” არის მაშინ, როცა მის შექმნაში ვმონაწილეობ. თუნდაც, როდესაც მონაწილეობის ილუზია მაქვს. მაგალითად, ბევრს ლაპარაკობენ, რომ ქალაქის მშენებლობის, არქიტექტურის საკითხებს მთავრობა არ უნდა წყვეტდეს და რომ ეს პროფესიონალებისა და საზოგადოების საქმეა.

ანუ საზოგადოების, ასე ვთქვათ, გააქტიურება ისევ ხელისუფლების ინიციატივით უნდა მოხდეს?

გონიერი ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოებრივი ინიციატივები გაძლიერდეს. ამის რაღაც ნიშნები არის. მაგალითად, კორპუსებში შეიქმნა ამხანაგობები, მერიამ გამოყო ცოტა ფული იმისთვის, რომ ჩვენი მონაწილეობით სადარბაზოები მოვაწყოთ. რაღაც გაკეთდა, მაგრამ საზოგადოების მონაწილეობა ამ საქმეში ძალიან დაბალია. მას ეს საერთო, საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ყველანი დავდივართ, არ აინტერესებს. აპროტესტებენ ბაღების გადაცემას კერძო პირებისთვის, ამბობენ, რომ „ბაღს ართმევენ საზოგადოებას”. მოდით, თქვას საზოგადოებამ, ინიციატივიანმა ადამიანებმა: მე ჩავიბარებ ამას. აღმოჩნდება, რომ ისინი მას ვერ მოუვლიან. რჩება ერთადერთი რამ – ან კერძო პირს უნდა მისცე ეს ყველაფერი, ან სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს და მან მართოს. დაბალი თვითორგანიზაციის უნარი და ხშირ შემთხვევაში, მისი არქონა, ხელისუფლებისთვის არის კარტ-ბლანში, რომ მან საზოგადოებაზე მაქსიმალური ძალაუფლება განახორციელოს. თუ ვამბობთ, რომ ძალაუფლება ჭარბია, საზოგადოება ვაძლევთ ხელისუფლებას ამის ნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა მოაწესრიგოს გარემო, თუკი არ არის ვიღაც სხვა, ვინც ამას შეძლებს. ხელისუფლება დატვირთულია უამრავი ვალდებულებით, რომელიც არა მისი, არამედ საზოგადოების საქმეა. ამის გამო განვითარების პერსპექტივა დაბალია.

არ შეინიშნება რაღაც ძვრები უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ამ მიმართულებით?

ვერ დავასახელებ მნიშვნელოვან მაგალითს, რომელზე დაყრდნობით ვიტყოდი, რომ საზოგადოება იცვლება, გაუჩნდა ინტერესი. არ არსებობს მოძრაობა რაღაც საერთო საზოგადოებრივი სიკეთის შესაქმნელად ისე, რომ მასში ხელისუფლება არ ჩაერიოს. ეს არის პრობლემა.

გავაგრძელოთ ამ თემაზე: თვითონაც აღნიშნეთ, რომ სამოქალაქო აქტივიზმი, სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, კვლევებიც ადასტურებს, რომ თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაბალია ნდობა, ცნობადობაც. იმავეს ვერ ვიტყვით ვარდების რევოლუციამდელ პერიოდზე, როდესაც უფრო ძლიერი იყო სამოქალაქო საზოგადოება. რა შეიცვალა მას შემდეგ?

ის, რასაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვეძახდით და ვეძახით, იყო სამოქალაქო საზოგადოება ზევიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები გახლდათ ინტელექტუალების მოძრაობა, ადამიანების, რომელთაც ფონდებთან ურთიერთობა, პროექტების წერა ისწავლეს და ა.შ.

ასეთი ადამიანები დღესაც არიან. რატომ არიან ისინი უფრო სუსტები?

მრავალი მიზეზია: ბევრი, ვინც სამოქალაქო სფეროში აქტიურობდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში აღმოჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიდი რესურსი. სრული ილუზიაა, რომ აქ დიდი რესურსია. დღეს პოლიტიკურ სპექტრს რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ მეორე, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მხარეს, დიდი რესურსი ვერ იქნება.

თუმცა, მაინც შესაძლებელია, მისი არჩევანის შეფასება მოვახდინოთ.

შეფასება შეიძლება, მაგრამ თავისთავად, არჩევანი მცირეა. დღეს მეტი რესურსი ხელისუფლების მხარესაა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ნდობას: არსებობს ვარდების რევოლუციამდელი სოციოლოგიური კვლევები, არსებობდა გარკვეული ნდობა არასამთავრობოების მიმართ, მაგრამ ის არ იყო მაინცდამაინც მაღალი.

ცნობადობა უფრო მაღალი იქნებოდა. ესეც ხომ ინდიკატორია, რომელიც მათ აქტიურობას ასახავს?

ერთ-ერთი ინდიკატორი არის: უნდა გიცნობდნენ რომ გენდონ, მაგრამ შეიძლება გიცნობდნენ და არ გენდობოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური მოძრაობები არ არის საკუთრივ ქართული საზოგადოების შინაგანი დუღილის, დისკუსიის და რეფლექსიის შედეგი – იმპორტირებული, გარედან მოტანილია. ამიტომ, საშუალო სტატისტიკური ქართველი გეტყვით, რომ ისინი არიან მასონები, ვიღაცის ინტერესებს ემსახურებიან. ჩვენ არ ვართ რაციონალობის პრინციპებზე ორგანიზებული საზოგადოება.

თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ტენდენცია ასეთია – საზოგადოება უფრო რაციონალური ხდება.

დიახ, ამას საფუძვლად უდევს ეკონომიკური რაციონალობა. საბჭოთა ეპოქაში ადამიანები ისე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, რომ ფულს არასდროს ითვლიდნენ. დღეს ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანებს აიძულებს, იანგარიშონ. ჩემი თაობის ადამიანები ხარჯვაში რაციონალურნი არ ვართ, მაგრამ მე მყავს სტუდენტები, რომლებიც რაციონალურად გეგმავენ ფინანსებს. ეკონომიკური რაციონალობა შეიძლება სხვა რაციონალობის საფუძველი გახდეს, მაგრამ ჩვენი კულტურა მაინც არ არის დასავლური ტიპის. განსხვავებით კულტურისგან, სადაც ადამიანს აქვს თვითშეგნება, რომ ის სამყაროს ცენტრია და შეუძლია შეცვალოს ყველაფერი თავის ირგვლივ, აქ არის დამოკიდებულება – მოვლენ და შეგვცვლიან. ეს არ არის სწორი. გარედან ვერავინ შეგქმნის. ეს შეგნება შიგნით უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებაში გვჭირდება მეტი „self-made man-ი” – ასე ვთქვათ, უწარსულო ადამიანი.

როგორ ჩნდებიან ასეთი ადამიანები?

ისინი საზოგადოებაში არიან, მათ თავიანთ სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს – ცხოვრება აიძულებთ, რომ შექმნან საკუთარი თავი. ასეთ ადამიანებზე უნდა იყოს გათვლა. მაგალითად, დასავლურ საზოგადოებაში, წარმატებისთვის ადგილი არ არის ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაში კარიერა არ ჩანს და ზღაპრის პერსონაჟივით უცებ ხდებიან გმირები.

ჩვენი კულტურის კიდევ ერთი პრობლემაა საკუთრებისადმი დამოკიდებულება. არამარტო ის, რომ, დავუშვათ, ხელისუფლება ვიღაცის საკუთრებაში ერევა და ზღუდავს. თუ ეს მართლაც ასეა, არ მიკვირს: ჩვენს კულტურაში საკუთრება ღირებულებას არ წარმოადგენს. მაგალითად, როცა ბავშვი მეზობლის ეზოში ხილს იპარავს, ეს მიიჩნევა კარგ, „ბავშვურ” ქცევად. არ ვასწავლით მას, რომ ეს ვიღაცის საკუთრებაა და ხელყოფა არ შეიძლება. თუ ამდაგვარი ტიპის წესრიგს, რომელიც ჩვენი შინაგანი მუშაობის შედეგი არ არის, გარედან გვთავაზობენ, მტრულად ვუპირისპირდებით და ვებრძვით.

საუბრის დასაწყისში პოლიტიკური სპექტრი ახსენეთ. ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოება ვერ ხედავს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს. როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა ამ მხრივ?

ჩემი დაკვირვებით და გარკვეული კვლევებითაც, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობა ალტერნატიული პოლიტიკური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენ უკვე ვიცნობთ, მათ შორის შევარდნაძის პოლიტიკური გარემოცვიდან. სხვა საკითხია, როგორ მოხერხდება ეკონომიკური კაპიტალის პოლიტიკურ კაპიტალში გადატანა, ან რა მოტივები ამოძრავებს იქ მყოფ მოქალაქეებს. მაგალითად, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ ფულის დიდი მასის მქონე ადამიანს შეუძლია მისი ცხოვრება ერთ წამში შეცვალოს, მიიღოს რამე სარგებელი აქედან.

ანუ მოთხოვნები და მოლოდინები, ზოგადად, ლიდერის მიმართ არარაციონალურია?

დიახ, ამომრჩევლის მოთხოვნები კვლავ არარაციონალურია. მან დახარჯა გარკვეული თანხა საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში რადიკალურად შეცვლის ყველაფერს. ცვლილება შეიძლება ცუდსაც ნიშნავდეს და რადიკალურად კარგსაც. საზოგადოება ფრთხილი და რაციონალური უნდა იყოს, ილუზიებით არ უნდა გამოკვებოს საკუთარი თავი.

ზოგადად, თანამედროვე ქართველ ადამიანს უამრავი მითი აქვს თავში. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს ილუზია, რომ შეიძლება, დაბრუნდეს „საბჭოთა სამოთხე”. დრო უკან ვერასდროს წავა. მაგრამ რჩება გამოცდილება – რომელიც მიიღო ჩემმა თაობამ საბჭოთა პერიოდში და სამოქალაქო თვალსაზრისით, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.

მოახლოებულ არჩევნებს შევეხეთ. ამ მხრივ აქტუალური თემაა საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიური კვლევები. ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრები განსხვავებულ შედეგებს, რეიტინგებს დებენ. რამდენად დიდია ამ შედეგების გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და რა ინდიკატორებით უნდა განსაზღვრონ ადამიანებმა, რომელ კვლევას ენდონ და რომელს – არა?

ნდობა დასავლური საზოგადოებების უმთავრესი ელემენტია. იქ არსებობენ ინსტიტუციები, რომელთაც აქვთ ნდობის მაღალი რეიტინგი, ადამიანები ამ ინსტიტუტებს ენდობიან. მაგალითად, როცა კლინიკაში მივდივარ, ვეძებ კლინიკას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს. როცა ვირჩევ უნივერსიტეტს, ვენდობი გამოკითხვის შედეგებს, რეიტინგებს. ჩვენი ჩამორჩენა სწორედ ამაშია: არ ვენდობით სისტემებს და ინსტიტუტებს, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტები მყარი ავტორიტეტის მქონეები არ არიან.

რიცხვები და სტატისტიკა ადამიანებზე სერიოზულად მოქმედებს: მაგალითად, ინტერნეტგამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული და საიმედო. მაგრამ თუ მის შედეგებს სადმე წარადგენენ, ის საზოგადოებაზე იმუშავებს. სოციოლოგიური მონაცემებით მანიპულირება ადვილია. შეიძლება რაღაც ჯგუფი შედეგებს იყენებდეს თავისი მიზნებისთვის, ამ მანიპულაციის ხარისხის დადგენა კი რთულია – ყველა პროფესიულად ვერ დაინტერესდება კვლევის მეთოდოლოგიით. სტატისტიკა ხშირადაა ურთიერთგამომრიცხავი და ვიღებთ უნდობლობას ამ ინსტიტუტების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ახლანდელი არჩევნები, რაღაც აზრით, სოციოლოგების ომიც იქნება. ჩვენ მივიღებთ სრულიად განსხვავებულ შედეგებს. ამას უნდა აკეთებდნენ კვალიფიციური მეცნიერები, ინსტიტუტები, გაზიარებულ და აღიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

რას ფიქრობთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე და ტენდენციებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს? ეს თემა უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ოშკის და იშხნის გარშემო ატეხილი ხმაურის ფონზე.

ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. თუმცა მათ ერთმანეთი რაღაცნაირად სჭირდებათ. შეიძლება, სახელმწიფოს სჭირდებოდეს ეკლესიის რეიტინგი, ხოლო ეკლესიას – ლოიალობა სახელმწიფოსგან და გარკვეული დახმარებები. მაგრამ ეკლესიას შეუძლია ნებისმიერ დროს თქვას უარი იმ სიკეთეზე, რასაც დღეს სახელმწიფოსგან იღებს – თუკი მათ მოთხოვნებს და ხშირ შემთხვევაში, სიხარბეს, ვინმე სხვა დააკმაყოფილებს.

ჩემი აზრით, როცა საქმე ეხება ეთნიკურ უმცირესობებს, სამოქალაქო უფლებებს, ეკლესიას უფრო იმპერიალისტური და არასამოქალაქო წარმოდგენები აქვს, ხოლო თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს – უფრო სამოქალაქო. პოლიტიკოსების რიტორიკაში თანდათან იდევნება ეთნიკურობაზე აქცენტის დასმა, პრაქტიკულად აღარ გვხვდება ნაციონალისტური, წმინდა ნაცისტური ხასიათის გამონათქვამები. საზოგადოებაც მეტ-ნაკლებად მობილიზებულია, არ დაუშვას მსგავსი გამონათქვამები. საერთოდ, მართლმადიდებლობა, სოციალურად განუვითარებელია – არ აქვს სოციალური მოძღვრება. არ გააჩნია დოქტრინა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან. არ ვიცით, რა წარმოდგენები აქვს ეკლესიას სოციალური ცხოვრების, სოციალური სამართლიანობის შესახებ.

უმცირესობები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ტოლერანტულია ქართული საზოგადოება?

ქართული ტოლერანტობა ძალიან დიდი მითია, რომელიც სჭირდება ყველას – ხელისუფლებას, საზოგადოებას, სჭირდება ნაციონალურ სახელმწიფოს. ჩვენ ვიგონებთ მითებს, რომ მე-12 საუკუნეში დემოკრატია გვქონდა. ჩვენნაირი საზოგადოებები გამწარებით ეძებენ საყრდენს წარსულში, რომ თანამედროვე მდგომარეობას მოუძებნონ საფუძველი.

თუმცა ტოლერანტობის „მითს” საფუძველიც უნდა ჰქონდეს.

მითის საფუძვლად მიაჩნიათ ის, რომ თბილისში ერთად დგას სინაგოგა, სხვადასხვა კონფესიების ეკლესია, მეჩეთი და ა.შ. როდესაც ეს ეკლესიები ააშენეს, არ არსებობდა ის, რასაც ერი-სახელმწიფო ჰქვია. მონარქიამ არ იცის, რა არის ნაციონალიზმი – მონარქი ყველას მონარქია, ყველას ხელს გაუწოდებს, ვინც მის სუვერენობას აღიარებს. რახან ნაციონალური სახელმწიფო არ გვქონია, არ ვიცით, ტოლერანტულები ვართ თუ არა, ან ვიყავით თუ არა.

უმრავლესობამ უკან უნდა დაიხიოს და დათმოს, როცა ეთნიკურ ჯგუფებს ეხება საქმე, მსგავსი შეგნება არ არსებობს – ეს შეურაცხყოფად აღიქმება.

ჩვენ ვერ შევძელით სისტემის შექმნა, წესრიგის ფორმირება, არ გვაქვს მკაცრი, კარგად აწონ-დაწონილი, გააზრებული წარმოდგენა წესრიგზე – შესაბამისად, არ გვაქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს თავისუფლება. თავისუფლება გვესმის, როგორც თვითნებობა, ხოლო წესრიგი, როგორც ძალადობა. ამიტომ სკოლაში არიან მანდატურები, რომლებიც ახალგაზრდების ასოციალურობას ბოჭავენ, ხოლო საზოგადოება აღიქვამს, როგორც მათ შვილებზე ძალადობას. თუ ამას მოვაშორებთ, მივიღებთ დაღუპულ ახალგაზრდებს, რადგან არც მათ და არც მშობლებს, სოციალური წესრიგის გენერირება და შექმნა არ შეუძლიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფლება ფამილარობას ნიშნავს, ხოლო ხელისუფლებისთვის წესრიგი გაიგება მაქსიმალურად. ეს უპირისპირდება და გამორიცხავს ერთმანეთს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები