განათლება

თუ გინდათ წარმატებული იყოთ, ნუ ივლით სკოლაში

მარკ ზაკერბერგი 2011 წელს ჰარვარდში დაბრუნდა. 2004 წლის შემდეგ, რაც მან, ბილ გეიტსის მსგავსად, სწავლა მიატოვა და საქმეს მოკიდა ხელი, აქ პირველად იმყოფებოდა. ზაკერბერგს ჰარვარდის დიპლომი არ სურდა – ის სტუდენტებს იმ მიზნით შეხვდა, რომ საუკეთესოები თავისთან წაეყვანა. მარკთან შეხვედრა მხოლოდ 200-მა ბედნიერმა მოახერხა. როგორც ამბობენ, მსურველი იმდენი იყო, რომ ლატარია გათამაშდა. აუდიტორია ყურადღებით უსმენდა ჯინსებიან მილიარდერს. Facebook-ის შემქმნელი ამტკიცებდა, წარმატების მისაღწევად ჰარვარდის მიტოვებაა აუცილებელიო.

ბილ გეიტსი (Microsoft), სტივენ ჯობსი (Apple), მაიკლ დელი (Dell), ლოურენს ელისონი (Oracle), ეიკუ ბატისტე (ყველაზე მდიდარი ბრაზილიელი, 30 მილიარდი დოლარი), შელდონ ადელსონი (უმდიდრესი ებრაელთა შორის – 22,5 მლრ დოლარი) აზიმ პრემში (უესტ ინდია კორპ, 22 მლრ დოლარი), აბრამოვიჩი (ყველაზე მდიდარი რუსი), ტედ ტერნერი (CNN-ის მფლობელი), ჰენრი ფორდი, ბერნარდო ბერტოლუჩი, მარკ ტვენი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, რეი კროკი (მაკდონალდსის შემქმნელი), ელვის პრესლი, ფრენკ სინატრა, ლუი არმსტრონგი, ჩარლი ჩაპლინი, მადონა, პელე, მარადონა, მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, მიხაელ შუმახერი, მესი, რონალდუ, ზიდანი, პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ემინემი, კურტ კობეინი, ნიკოლ კიდმანი, ალ პაჩინო, ჯენიფერ ლოპესი, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ამ წარმატებულ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ – „უმაღლესის” დიპლომი არ აქვთ. ხოლო ზოგიერთს საშუალო სკოლაც არ დაუმთავრებია.

სკოლა ციხეს უფრო ჰგავს, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო მასწავლებლები ზედამხედველებს. იქ მშობელი ბავშვს იმიტომ უშვებს, რომ დროებით მაინც, თავი აარიდოს მასზე ზრუნვას – ბერნარდ შოუ თანამედროვე სკოლებზეც იმავე აზრის იქნებოდა. რა შეიცვალა? ამ ქვეყნად არაფერია მუდმივი, გარდა განათლების სისტემისა – ის ისეთივე დარჩა, როგორიც შუა საუკუნეებში იყო. სადისტის თვისებებით უნდა გამოირჩეოდე, ინფორმაციულ ერაში, როცა, მაგალითად, iphone-ი გამოსვლისთანავე უკვე მოძველებულია, აიძულო ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი, 12 და შემდეგ კიდევ ოთხი, ან სულაც მეტი წელი ე.წ. განათლების მისაღებად დაკარგოს. სისტემა, რომელიც არ უშვებს კონკურენციას, კერძო ინიციატივასა და საკუთრებაზე არაა დაფუძნებული, მაჩანჩალობისთვისაა განწირული. სკოლების რემონტის თუ ახლის აშენებისთვის, კომპიუტერებისთვის დახარჯული თანხა – წყალშია გადაყრილი.

განათლება ისაა, რაც მას შემდეგ გრჩება, როცა ყველაფერი გავიწყდება, რაც კი სკოლაში გისწავლია – ეს აინშტაინმა თქვა. განათლება და სწავლა ერთმანეთისგან განსხვავდება. ის, რასაც ჩვენ განათლების სისტემას ვეძახით, არის სწავლება. სწორედ სწავლების სისტემის რამდენიმე დეტალს და საქართველოში მისი ორგანიზების საკითხს მინდა შევეხო.

დავიწყოთ ჩვენი სიამაყით – ერთიანი ეროვნული გამოცდებით: ადამიანი, რომლისთვისაც თავისუფლება ბუნებით მინიჭებული უფლებაა, უკვე დასახელებაში აღმოაჩენს მისთვის მიუღებელს. მაინც რას ნიშნავს „ერთიანი” და რატომ უნდა იყოს დაწესებული საყოველთაო გამოცდები იმისათვის, რომ პროდუქტი შეიძინო (ამ შემთხვევაში სწავლა)? ეს სისტემა არაფრით განსხვავდება ტალონით კარაქის განაწილებისაგან.

თუ პატივს ვცემთ თავისუფლებას, მაშინ ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, რა სჯობს მისთვის. მათ შორის ის, რა და როგორ ასწავლოს შვილებს. „ერთიანი გამოცდების” დანერგვით მათ ჩამოერთვათ (თუმცა, კომუნისტებიდან მოყოლებული, არც არასდროს ჰქონიათ) არჩევანის უფლება – იყიდონ და გაყიდონ სწავლა. იმავე მოტივითა და წარმატებით შეიძლება, ერთი მხრივ, ყველის გამყიდველების სერტიფიცირება მოვახდინოთ და პარალელურად, ყველის მყიდველებს გამოცდები მოვუწყოთ. შემდეგ კი ეს გავავრცელოთ ადამიანური საქმიანობის ნებისმიერ სფეროზე. მომხიბლავი პერსპექტივაა – უკან საბჭოთა კავშირისკენ, ევროკავშირის გავლით.

კრიტიკას ვერ უძლებს ერთიანი გამოცდების შემოღების ანტიკორუფციული მოტივიც. კორუფცია არის იქ, სადაც მთავრობისა და ადამიანის გადაკვეთა ხდება. როგორ ფიქრობთ, რატომ არაა ყველით ვაჭრობისას კორუფცია? იქნებ იმიტომ, რომ იქ სამთავრობო რეგულაციები არ არსებობს?

ეროვნული გამოცდების მოუქნელობაზე ბევრის თქმა შეიძლება. მაგალითად, ყოველ ზაფხულს, როცა ჩვენთან გამოცდები ტარდება, მათემატიკაში, ინფორმატიკაში და ა.შ. მსოფლიო ოლიმპიადები ეწყობა. ამ ოლიმპიადებში გამარჯვებულ ახალგაზრდებზე, მათ შორის ქართველებზე, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დიდი მოთხოვნაა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენს არაკორუმპირებულ სასწავლო სისტემაში, ისინი იმ წელს ინსტიტუტებში ვერ ირიცხებიან.

ეროვნული გამოცდები სწავლების სისტემის ერთადერთი პრობლემა არ გახლავთ. თუ „მიუშვებ”, ბიუროკრატია სულ უფრო გაიზრდება – ხალხის თავისუფლების ხარჯზე. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც: სწავლების სისტემაში წლიდან წლამდე იზრდება რეგულაციები. იზღუდება სახელმძღვანელოების არჩევა. ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ წიგნებზე ფასების ზედა ზღვარს აწესებს – მშვიდობით, კონკურენციავ! თან იმ მოტივით, რომ სოციალურად დაუცველებს უჭირთ – გვპირდებიან, რომ უახლოეს წლებში სახელმძღვანელოები არ შეიცვლება. საუკუნოვანმა ბიზნესიმპერია კოდაკმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ ერთი წლით დააგვიანეს ციფრული აპარატების გამოშვება. აი, ასეთ დროში ვცხოვრობთ. ყველაფერი სწრაფად იცვლება, ჩვენი ბიუროკრატები კი 5-7 წლით გვიგეგმავენ ცხოვრებას.

თანაც, რას ვასწავლით ამ სახელმძღვანელოებიდან? პინკ ფლოიდის ერთი ცნობილი სიმღერის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, ცხოვრებას ნამდვილად არ ვასწავლით. ცხოვრება „პროზაა”, ეს წიგნები კი სავსეა „პოეზიით”. ესთეტიკის განვითარებისთვის იქნებ ეს ცუდი არც არის, თუმცა მეოცე საუკუნის უდიდესი კაციჭამიებიდან ერთი მხატვარი და ვაგნერის თაყვანისმცემელი იყო, მეორე „გაფრინდი შავო მერცხალოს” უსმენდა და ვარდის გაფურჩქნულ კოკორზე წერდა.

„სკოლებში რაც შეიძლება მეტი ტექსტი უნდა მივცეთ სასწავლად, რათა ფიქრის დრო არ ჰქონდეთ”, – წერდა ლენინი ლუნაჩარსკის. „მე არ შემიძლია, ვინმეს რაიმე ვასწავლო, მე შემიძლია, მხოლოდ დავაფიქრო ადამიანები”, – მე ჰელენ კელერს ვეთანხმები, თქვენ?

ცხოვრება მძიმე ყოველდღიურობაა, რუტინაა – იქ მიზანდასახულობას ვერაფერი შეცვლის. მას ვერც ტალანტი (წარუმატებელი ტალანტი ჩვეულებრივი ამბავია), ვერც გენიალურობა (არარეალიზებულ გენიოსებზე ლეგენდები დადის), ვერც სწავლა-განათლება (ქვეყანა ნასწავლი ხელმოცარულებითაა სავსე) ჩაანაცვლებს. „ამიტომ, ჩემო მეგობარო, წინ გასწიე” – ეს სიტყვები რეი კროკს ეკუთვნის, მაკდონალდსის სულისჩამდგმელს, რომელმაც სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა.

სტანდარტული რჩევა, რომელსაც ბავშვს მზრუნველი მშობელი აძლევს, ამგვარია: იარე სკოლაში, დააგროვე კარგი ქულები და ეძებე მაღალანაზღაურებადი, უსაფრთხო სამსახური. მილიონერების მასწავლებლის ზედმეტი სახელით ცნობილი კიოსაკი, ამას ახალგაზრდისთვის ყველაზე საშიშ რჩევას უწოდებს. უცხო ენისა და, საერთოდ, ნებისმიერი რამის სწავლის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა გენიალური ბენჟამინ ფრანკლინის დაცინვის საგანიც არ უნდა გავხდეთ: „ის ნასწავლი იყო, მას შეეძლო ცხენი ცხრა ენაზე გადაეთარგმნა, მაგრამ უმეცარი იყო, იმიტომ რომ ძროხა იყიდა საჯირითოდ”.

 

კომენტარები