ფეხბურთი

ჰარივედერჩი

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო 8 თებერვალს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე, თანამდებობიდან გადადგა. იტალიელი სპეციალისტი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის (ისა) მესვეურებს შეხვდა და გადაწყვეტილება გააცნო.

„კარგი ადამიანი და ტოპ მწვრთნელი. ჩინებული იქნება, თუ ჩვენებურით შეცვლიან. ჩემი ხმა ჰარი რედნაპს”.

„მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. გული დამწყდა, რომ წავიდა. მგონი, ახლა ინგლისელის მოყვანა ჯობს”.

პირველი გამოხმაურება მანჩესტერ იუნაიტედის და ნაკრების ნომერ პირველ ფორვარდს უეინ რუნის ეკუთვნის, მეორე კი ლონდონის არსენალის ამომავალ ვარსკვლავს ჯეკ უილშირს. ორივეს სიტყვები სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელდა.

კაპელოს გადაწყვეტილება არამხოლოდ ბრიტანული საფეხბურთო სამყაროსთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. ყველამ ჩინებულად იცის, რომ ასეთი სამსახურიდან, როგორც წესი, საკუთარი სურვილით არ მიდიან: როცა ფეხბურთის სამშობლოს ნაკრებს ხელმძღვანელობ და თან, ბრწყინვალე ანაზღაურებით – 6 მილიონი გირვანქა წელიწადში – ყველაფერზე შეიძლება იფიქრო ადამიანმა, გუნდიდან წასვლის გარდა, მაგრამ...

რამდენიმე დღით ადრე ისა-მ ჯონ ტერის ნაკრების კაპიტნის სამკლავური მთავარი მწვრთნელის დაუკითხავად ჩამოართვა. შეგახსენებთ: ლონდონის ჩელსის ცენტრალური მცველი ქუინზ პარკ რეინჯერსის ფეხბურთელის ანტონ ფერდინანდის (მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელის, რიო ფერდინანდის ძმა) რასისტული შეურაცხყოფის გამო დასაჯეს.

ფაბიო კაპელომ ჩათვალა, რომ მის კომპეტენციაში უხეშად ჩაერივნენ და აღარ ისურვა იქ მუშაობა, სადაც ასეთ მნიშვნელოვან თემაზე არაფერს დაეკითხნენ.

ისა-ს თავმჯდომარე დევიდ ბერნშტეინთან და გენერალურ მდივან ალექს ჰორნთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, უემბლის სტადიონიდან გამოსულმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებს მხოლოდ ხუთი სიტყვა აკმარა: „ინგლისს ვტოვებ. მეტს არაფერს გეტყვით”.

მეორე დღეს ბრიტანული პრესის პირველი გვერდები მხოლოდ ამაზე წერდნენ, გაზეთმა THE SUN კი მოვლენისადმი მიძღვნილი წერილის სათაურით – Arryvederci – ერთგვარი მინიშნებაც გააკეთა ნაკრების სავარაუდო მომავალ მწვრთნელზე, ტოტენჰემ ჰოთსფურის მენეჯერ ჰარი რედნაპზე.

რედნაპის გარდა, ვისაც იმ დღეებში გადასახადების დამალვაზე ყველა ბრალდება მოუხსნეს, კიდევ სამი სპეციალისტი დასახელდა: რეალის პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ, ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი – მან თავად გამოთქვა სურვილი – და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელი, გუნდის ექსფეხბურთელი სტიუარტ პირსი.

უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში, 29 თებერვალს უემბლიზე ჰოლანდიასთან, ნაკრებს სწორედ პირსი გაიყვანს.

როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ისა, ჯერჯერობით უცნობია.

ფაბიო კაპელო:

მეხუთე და მეორე

1946 წლამდე ინგლისის ნაკრებს საფეხბურთო ასოციაცია მართავდა, სამი ლომის (გუნდის მეტსახელი) პირველი რეალური მწვრთნელი კი უოლტერ უინტერბოთომი გახლდათ, ვინც 1946-1962 წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს.

ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების მე-16 მწვრთნელი იყო, XXI საუკუნეში კი მეხუთე. ამავდროულად, შვედი სვენ-გორან ერიქსონის შემდეგ, ის გუნდის მეორე უცხოელი თავკაცი გახლდათ.

იტალიელი სპეციალისტი პირველია, რომელმაც ამ საუკუნეში გუნდი თავისი ნებით დატოვა – აქამდე ყველა მწვრთნელს საფეხბურთო ასოციაცია ათავისუფლებდა.

კევინ კიგანი (ინგლისი; 1999-2000): გაათავისუფლეს გერმანიასთან უემბლიზე წაგებული მატჩის შემდეგ

პიტერ ტეილორი (ინგლისი; 2000): ნაკრებს მხოლოდ ერთ მატჩში უხელმძღვანელა

სვენ-გორან ერიქსონი (შვედეთი; 2001-2006): გერმანია 2006-ის დასრულებისთანავე დაითხოვეს

სტივ მაკლარენი (ინგლისი; 2006-2007): გუნდი ევრო 2008-ზე ვერ მოხვდა და გაუშვეს

ფაბიო კაპელო (იტალია: 2008-2012): გადადგა საკუთარი სურვილით.

 

კომენტარები