ღვინო

თეთრების გასაჭირი

0 კომენტარი

საქართველოში, შეიძლება ითქვას, თეთრი მშრალი ღვინოების კრიზისია. ვგულისხმობ ქართულ თეთრ, კლასიკურად დაყენებულ ღვინოებს (ევროპულს რომ უწოდებენ ჩვენში), რომლებიც, მართალია, ქვეყანაში ძალიან ფართოდ იწარმოება, მაგრამ ხარისხსა და ფასში არსებული პრობლემების გამო ვერა და ვერ შეიძინა ახალი მომხმარებელი. შესაძლოა, კრიზისი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან უკანასკნელ წლებთან შედარებით უკუსვლა ნამდვილად არ იგრძნობა, თუმცა ამ მიმართულებით ვერც განსაკუთრებულ წინსვლას ვამჩნევ.

რამდენიმე წლის წინ უფრო იმედიანად ვიყავი განწყობილი, რადგან ახალი თაობის წინანდლები და მწვანე კახურიდან ან თითო-ოროლა ცოლიკოურიდან დაყენებული არომატული, ხალისიანი ღვინოები საფუძველს იძლეოდნენ გვეფიქრა, რომ თეთრები კიდევ უფრო დაიხვეწებოდნენ და ეს თემა გაცილებით აქტუალური გახდებოდა, მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ თეთრ მშრალ ღვინოს სვამენ. სამწუხაროდ, 4-5-წლიანმა გამოცდილებამ საპირისპირო გვაჩვენა. თეთრებმა წინ ნაბიჯი ვერ გადადგეს და მოლოდინები არ გამართლდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თელავის მარანი, ბადაგონი, თბილღვინო, თელიანი და უკვე შატო მუხრანი და ხარებაც, სტაბილურად ნორმალურ ღვინოებს აწარმოებენ თეთრი ჯიშებიდან, ერთი ტენდენცია მაინც განსაკუთრებით თვალშისაცემია. კერძოდ კი თეთრი ღვინოების ერთგვარი უნიფიცირება. მაგალითად, დღევანდელი წინანდლები ძალიან ერთფეროვანი გახდა. მუხით იქნება თუ მუხაში დავარგების გარეშე, ამ ღვინის გასინჯვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა ამ ღვინოზე ერთმა მეღვინემ იმუშავა, თან საკმაოდ ზერელედ, რაც გასულ წელს, ღვინის კლუბის მიერ გამართულ წინანდლების დეგუსტაციაზეც გამოჩნდა – ეს იყო ყველაზე მოსაწყენი დეგუსტაცია, რომელიც ოდესმე ჩაგვიტარებია, რადგან ახალს და საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდით.

ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ბოლო 2 წლის მანძილზე წარმოებულ თეთრ კლასიკურ ღვინოებს ინდივიდუალობა არა აქვთ, ხშირად შეუძლებელი ხდება მწვანისა და რქაწითლის გარჩევაც. სამაგიეროდ, ამ უფერულ, უხასიათო ღვინოებს საკმაოდ ძვირი ფასი ადევს მაღაზიებში, რაც მყიდველს კიდევ უფრო გულგრილს ხდის. ამას დაუმატეთ არასახარბიელო შენახვის პირობები, რომელიც ყველაზე ცუდად სწორედ ამ ტიპის თეთრ ღვინოებზე მოქმედებს და შედეგიც სახეზე იქნება – ბაზრის უდიდესი ნაწილი გადაჟანგულ ან ზედმეტად ხელოვნურ, გვარიანად დამუშავებულ, უგულო თეთრ ღვინოებს უკავიათ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ქართველი მეღვინე ვერ უმკლავდება ქართულ თეთრყურძნიან ჯიშებს, ან უბრალოდ არ ესმის ამ ჯიშების. შესაძლოა, ეს მეღვინეები, თითქმის ყველანი, ერთნაირად უდგებიან თეთრებს, ერთი და იგივე კულტურული საფუარი, ერთი და იგივე ტექნოლოგიური პროცესი და ა.შ. თუმცა მხოლოდ მათი ბრალი არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია ვენახების საკითხიც: ჯერ ერთი, განსხვავებით საფერავის ვენახებისგან, რომელიც 2006 წლამდე, რუსული ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საკმაოდ ფართოდ გაშენდა კახეთში, თეთრი ჯიშებით გაშენებული ვენახების ზრდა უმნიშვნელო იყო. გარდა ამისა, მთელი კახეთი მიაქვს შერეულ ვენახებს, სადაც რქაწითელთან ერთად, გაუგებარი ჯიშები თუ ჰიბრიდებია შერგული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე, ბევრ მეღვინეს კი უბრალოდ აფრთხობს ასეთ მევენახესთან ურთიერთობა. ასევე პრობლემაა ჭარბმოსავლიანი, ზედმეტად დატვირთული ვენახებიც, სადაც 15-20 ტონა ყურძენი მოჰყავთ ჰექტარზე. ცხადია, ასეთი ნედლეულიდან შეუძლებელია ხარისხიანი ღვინის დაყენება.

თეთრების გასაჭირი მხოლოდ ამით არ ამოიწურება, მაგრამ ეს ისეთი თემებია, რომელთაც პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება. დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მათ შორის, ქართლისა და იმერეთის რეგიონების როლზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის საქმეში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები