ჰონორარი

დიდი კუში

0 კომენტარი

მაიკ ტაისონი მინსკის აეროპორტში მოიბუზა, გიდს ელოდება. მინსკში, ორსაათიან აქციაში მაიკს რამდენიმე ათას ევროს აჩუქებენ. ფოტოსესიაც იქნება. აქცია ერთ-ერთი ბელარუსი მილიარდერის შვილის დაბადების დღეს დაარქვეს. მაიკთან ერთად იქ პაველ ბურეც მივა. მაიკის გიდმა სუპერმარკეტიდან ჩიფსი, რამდენიმე პრეზერვატივი და რამდენიმე გაზეთი წამოიღო. მაიკის სტანდარტული შეკვეთა. მაიკმა კალორიები უნდა მიიღოს, ჩიფსი იაფია და მაიკიც იაფი გახდა. პრეზერვატივი საჭიროა. მინსკშიც. გაზეთიც საჭიროა. ხანდახან მაიკიც ეცნობა პრესას.

სასტუმრომდე ჯერ დროა. ტაისონი გაზეთს უყურებს, მუხლს იფხანს და ჩიფსს მიირთმევს. პირველ გვერდზე ცოტა საინტერესო, ცოტა არანორმალური გარეგნობის და ცოტა სექსუალური გოგონაა. ვიკა აზარენკა. ჩოგბურთელია. მაიკი კითხულობს, რომ ამ გოგომ ცოტა ხნის წინ მელბურნში მარია შარაპოვას მოუგო ფინალი. 80 წუთში მოუგო და 2 369 000 დოლარიც დაირტყა. მაიკს ჩაეცინა. არა, სერიოზული ფულია. მაიკს არ ახსოვს, რის გამო ეცინება, მიზეზს იხსენებს. კითხვის პროცესში გაახსენდება.

ტაისონმა აზარენკას ჰონორარი გიდს ჩამოაყრევინა. გოგონამ ერთ წუთში 16 ათასი დოლარი აიღო. მაგარია.

იმ სვეტში ავტორს კიდევ რამდენიმე მილიონერი გაახსენდა. მაიკი წამოწვა და გაზეთი გიდს ესროლა, მიდი, წაიკითხე, მოგისმენო. მაიკმა ტექსასიდან მინსკში სიამის კნუტი წამოიყვანა. ვიღაცამ უთხრა, სტრესს ხსნისო. ტაისონი კნუტს ეფერება და გიდს უსმენს.

მელბურნში, სადაც აზარენკამ ფინალის ერთ წუთში 16 ათასი დოლარი მოხსნა, კიდევ ერთი ფინალი იყო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც სერბია, მოუგო რაფაელ ნადალს. სვეტში არ ეწერა, ნადალი სადაურია და მაიკს ეს არც აინტერესებს. მოკლედ, ჯოკოვიჩმა ნადალს ხუთ სეტში, თითქმის ექვს საათში გადაუჯოკრა და იგივე ჰონორარი აიღო, რაც აზარენკამ. უსამართლოა, ფიქრობს მაიკი. შარაპოვამ წაგებული

ფინალის ერთ წუთში უფრო მეტი ქეში მოხსნა, ვიდრე ჯოკოვიჩმა – მოგებულ ფინალში. სერბმა ტურნირზე შვიდი მატჩი გაძლო და თითოში სადღაც, სამ საათამდე იდგა კორტზე. წუთში 1 746 დოლარი გამოუვიდა.

ალექს ოვეჩკინი. მაიკს რუსი ახსოვს. მაიკთან ერთად ნიჭიერი რეპერი, რომელიც ჰოკეისაც ნორმალურად თამაშობს, ორჯერ მოსკოვში, ღამის კლუბის პრეზენტაციაზე და კიდევ რაღაც საღამოზე იყო. რუსმა მაიკს კოქტეილი უყიდა.

ოვეჩკინმა პიტსბურგის მილან მიხალეკს დაარტყა და ლიგამ ბიჭი სამი თამაშით დასაჯა. დისკვალიფიკაციით ოვიმ 156 ათასი დოლარი დაკარგა. გიდმა გადაჩოთქა. რუსს რეგულარულში 82 თამაში აქვს, ოვეჩკინი სეზონში 9.5 მილიონს იღებს, იხდის გადასახადებს და წუთში 1 930 დოლარი აქვს. ნორმალურია, მაგრამ იმ აზარენკამ უფრო მეტი აიღო.

მაიკმა კობი ბრაიანტიც იცის. მაგარი ტიპია. კობი და მაიკი სილვესტერ სტალონეს ბოლო „შედევრის” ჩვენებაზე იყვნენ. სტალონემ მაიკს კობი გააცნო, კობიმ მაიკს თავისი კეპი აჩუქა. მაიკმა გაიხადა პერანგი და მარჯვენა იღლიასთან, კობის ავტოგრაფი დაუტოვა. კობი და მაიკი ძმაკაცობენ.

ბრაიანტსაც 82 თამაში აქვს. თუ ტრავმას არ მიიღებს და 40 წუთამდე გაძლებს, კობის საბანკო ანგარიშზე წუთში 7 012 დოლარი ჯდება. ოვეჩკინზე ბევრს შოულობს, გაიფიქრა მაიკმა, ფისოს კომპაქტურ თავზე თათი გადაუსვა და ჩიფსი დაღეჭა.

ფერნანდო ალონსო. ფორმულა 1. ცნობილი ტიპია. ისე, ჩვეულებრივი ხალხისთვის ცნობილი და მაიკისთვის უინტერესო. გარანტირებული კონტრაქტით ალონსოს ერთ სეზონში 15 მილიონი დოლარი აქვს. წინა სეზონში ალონსომ 19 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, დაიღალა. თითო რბოლა 100-150 წუთს მიდის. საჭესთან სახიფათო და რუტინული გადატვირთვისთვის, ალონსოს წუთში 6 800 დოლარს აძლევენ. ნორმალურია.

სამუელ ეტო’ო რუსეთში მაქსიმ გალკინზე პოპულარული ბიჭია. მაიკმა სამუელი არ იცის. ერთი სამუელი, რივერა, ადრე მაგარ ჰაშიშს აძლევდა და სხვა სამუელს მისტერ ტაისონი ვერ იხსენებს, არ ახსენდება. ეტო’ოს ანჟისთან სოლიდური კონტრაქტი აქვს, ერთ სეზონში 25.7 მილიონი. შარშან, კამერუნელმა ფლეიბოიმ 11 თამაშში ირბინა, 929 წუთი დაფარა. ერთ წუთში 9 254 დოლარი. ტაისონმა აგენტს მიუმესიჯა, ანჟის გენერალური მონახე და ჩემზე დაელაპარაკე, იქნებ რამე კონტრაქტი მომცენო.

პირველ ადგილზე ვიღაც უცნაური ტიპია იულ ბრინერივით მაგარი თავით. ის ტიპი დიდიე კუშია. კიცბიუელში კუშმა, რომელიც შვეიცარიიდან არის (მაიკმა შვეიცარია მოინიშნა), მოიგო სწრაფდაშვება და 91 ათასი დოლარი. ეტო’ოსთან შედარებით, ჯიბის ფულია. უბრალოდ, კუშმა მთელი ეს კუში 73 წამში მოხსნა. ჯეკპოტია, ფიქრობს მაიკი. კუში ერთ წუთში 86 ათას დოლარს შოულობს. თან ერთობა, თან იქვე მაგარი ქალები დგანან.

მაიკი დაიძაბა, გიდს ლიმუზინში გამყოფი შუშა აუწია, გაებუტა. მაიკი მისტერ ბინივით უნდა ცელქობდეს და 5, უკეთეს ვარიანტში 7 ათას დოლარს მიიღებს. ვიღაც კუში თხილამურებით ეშვება და ერთ წუთში თითქმის ოცჯერ მეტს იღებს.

მაიკმა კნუტს გადახედა. კეპში ჩაყრილ ჩიფსს ლოკავს, პაპრიკას ეჩვევა.

მძღოლმა ლიმუზინი გააჩერა, საწვავი უნდა დაამატოს. მაიკი მანქანიდან გადმოდის.

აუ, ვიღაცა ერთ წუთში ამ ტიპებზე მეტს ნაღდად ხსნიდა და მაიკი იმ ვიღაცას იხსენებს. ანუ, ვერ იხსენებს. მძღოლმა მანქანა დაძრა, მაიკმა შუშა დაუშვა, გიდს შეურიგდა, ჩიფსი აჭამა.

მაიკს გაახსენდა. 1988-ში მაიკლ სფინქსმა, რომელიც მაგარი მოკრივე იყო, 91 წამში უკეთეს მოკრივესთან წააგო.

იმ მოკრივემ სფინქსის გათიშვით 20 მილიონი დოლარი იშოვა და ის მოკრივე მაიკ ტაისონი იყო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები