სარა კეინი

სარა კეინის ქრისტეს სიკვდილი

ქვეყნად არ არსებობს წამალი, რომელმაც შეიძლება აზრი შესძინოს იმგვარ ცხოვრებას, როგორადაც მას მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი დრამატურგი – სარა კეინი აღიქვამდა. მისთვის საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან კონფლიქტი იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ 28 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩანაფიქრის განხორციელებამდე, მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ მოგვითხრო პიესაში, სახელწოდებით „ფსიქოზი 4:48”, რომლის პრემიერაც 9 თებერვალს, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართა.

ავტორის ნაწარმოებ(ებ)ისადმი ინტერესი მსოფლიოში არ წყდება. თუმცა საქართველოში რთულად „შემოაღწია”. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ფორმაა, რომელშიც დრამატურგმა საკუთარი ცნობიერების ნაკადი მოაქცია. მან, ერთი შეხედვით, ქაოტურად, მაგრამ ძალიან ზუსტად და თანმიმდევრულად გვითხრა სათქმელი. ის შეიძლება თანამედროვე ადამიანს უბრალოდ კი არ აწუხებდეს, არამედ ისე სტკიოდეს, რომ თქვას: „ქრისტე მკვდარია და ბერები ექსტაზს მიეცნენ”, ანუ ისეთი დროა, რომ აღარავინ დარჩა, ვინც გულწრფელად თანაგიგრძნობს, გიერთგულებს და ცხოვრებისკენ მოგაბრუნებსო... სწორედ ამიტომ მოიხსენიებს საკუთარ თავს პიესის დასაწყისშივე „დამარცხებულ ჰერმაფროდიტად”. „ჰერმაფროდიტში” ავტორი მითოლოგიურ პერსონაჟს გულისხმობს. ამაში დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ ბერძნულ მითს, რომლის თანახმადაც ფერია სალმაკისს ისეთი თავდავიწყებით შეუყვარდა სილამაზით გამორჩეული ჭაბუკი ჰერმაფროდიტოსი, რომ მას არასოდეს განმაშოროთო, სთხოვა ღმერთებს. მათ ვედრება შეისმინეს და ორი არსება გააერთიანეს. სარა კეინის შემთხვევაში, აღნიშნული მითი ახლებურად არის გააზრებული. მიგვანიშნებს კიდეც, რომ პოსტმოდერნისტული ეპოქის წარმომადგენელია – სადაც სიყვარულის მხოლოდ საკუთარ თავთან გაზიარების ანაბარად დარჩენილი გმირის ტრაგედიაა გამოკვეთილი. ამაზე მეტად აქტუალური და მტკივნეული რა უნდა იყოს თანამედროვე ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც სუიციდისადმია მიდრეკილი? ამიტომაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელიც 25 წლის რეჟისორმა, მაკა ნაცვლიშვილმა სარა კეინის აღიარებული ტექსტის (თარგმნა თამუნა ჯაფარიძემ)გაცოცხლებით გააკეთა.

სარა კეინი თავის პათოლოგიურ კაეშანზე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე გვიყვება. იცის, რომ თავს ზუსტად ოთხსა და ორმოცდარვაზე მოიკლავს. მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელებამდე საშუალებას გვაძლევს ერთის გაორებულ ნაწილებთან გამართულ დიალოგს მოვუსმინოთ და დავრწმუნდეთ, რომ მართალია, მშვენივრად მოეხსენება, რასაც აკეთებს, სხვაგვარად მაინც არ შეუძლია. ავტორი „სიკვდილის წინ გამონათებულ ჭეშმარიტებას” ეძახის ცნობიერების ნაკადს, რომელიც მის სულიერ და ფიზიკურ ტკივილს ააშკარავებს. ზემოთ აღნიშნულის გასაცოცხლებლად რეჟისორმა არჩევანი ორ მსახიობზე – მარი კიტიასა და რუსკა მაყაშვილზე შეაჩერა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის, ერთი მხრივ, ყველაზე რთული, მეორე მხრივ კი, აზარტული უნდა ყოფილიყო სწორედ ორად გახლეჩილი ერთის, ან პირიქით, მაყურებლისთვის ადვილად გასაგები თეატრალური ენით წარმოჩენა. ამას, ვფიქრობ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ყველამ წარმატებით გაართვა თავი.

გაორებული ადამიანის შფოთვა და თვითმკვლელობამდელი „თავგადასავალი” რეჟისორმა თეთრი, თავდაპირველად კონუსის ფორმით განლაგებული ბალიშებით მოფენილ სცენაზე ხან წითელ, ხანაც თეთრ კოსტიუმებში (დამდგმელი მხატვარი ნინო კიტია) გამოწყობილი მსახიობების დახმარებით გაითამაშა. ორივე ერთი მთლიანის ნაწილია და ამას რამდენიმე სცენა გამორჩეულად მიგვანიშნებს. მაგალითად: მსახიობების ზუსტად ერთნაირი ჩაცმულობა და მოძრაობა, როდესაც ერთი მეორეს გადასერილი ხელის ჩვენებას სთხოვს, მეორე კი პირველს მისსავე კიდურზე მიუთითებს და ა.შ.

ერთგვარი აღსარების მიუხედავად, არ შეგეშინდეთ, თანაგანცდას არავის გაიძულებთ! აკი თავიდანვე გვეუბნება ავტორი, ვიცი, რომ არ არსებობს სულიერი, ვინც ჩემს ტკივილს გაიზიარებს და ცხოვრებისკენ შემომაბრუნებსო. ვფიქრობ, მაკა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილება ზუსტი აღმოჩნდა, როდესაც მოქმედება და ამბავი მაყურებელში ორად გაყოფილი გმირის თანაგრძნობასა და თანაგანცდაზე არ ააგო. რეჟისორმა, არ ვიცი რამდენად გაცნობიერებულად, მაგრამ ფაქტია, რომ ეჭვის ქვეშ არ დააყენა დრამატურგის „სიმართლე”. აუდიტორიას მისი სათქმელი ისე გადასცა, რომ არ დაურღვევია სარა კეინის ძმის, როგორც მისი ნაწარმოებების საავტორო უფლების მფლობელის, მოთხოვნა, რომელიც ტექსტის გადაკეთებასა და შეცვლას კრძალავს.

სპექტაკლზე მისული მაყურებელი ვერ გაერთობა. მის გასაცინებლად მსახიობები არაფერს აკეთებენ, პირიქით, „მოითხოვენ” ჩურჩულით, ძალიან სწრაფად, ყვირილით ან დუმილით „ნათქვამი” სათქმელი მოისმინოს (მხოლოდ გულწრფელად) იმისგან, ვინც ზუსტად ოთხსა და ორმოცდარვაზე სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულა. ერთადერთ შვებას, მთელი წარმოდგენის განმავლობაში, მუსიკა თუ მოგგვრით, რომელიც თავისი „მხიარულებით” ზოგს ასიამოვნებს, ზოგსაც გააღიზიანებს (მუსიკალური გამფორმებელი გიორგი აფხაზავა), მაგრამ ასეთია რეჟისორის გადაწყვეტა. ბალიშების სხვადასხვა კომბინაციით გათამაშებული სცენებიდან, პირადად ჩემთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სცენა, როდესაც მაყურებელთან შედარებით ახლოს მდგომი რუსკა მაყაშვილის მონოლოგის დროს თვალი სცენის მარჯვენა კუთხისკენ გამექცა: გაზეთის გვერდებით გაფორმებულ აბაზანაში, მაყურებლისკენ ზურგით ჩაწოლილი მარი კიტიას თავით მარცხნივ გადახრილი სილუეტი, პირადად ჩემთვის, ყველაზე მეტყველი და შთამბეჭდავი; ზუსტად გამომხატველი უმწეობის, დაუცველობის, სიმარტოვის, ავადმყოფობის, შიშის, უძლურების, სისუსტის, უსიყვარულობის, უღმერთობის, უსამართლობის, უიმედობის, რაც ასე სტკიოდა სარა კეინს, როგორც მთავარ გმირს, ავტორს, თანამედროვე ადამიანს.

მსახიობებმა მაქსიმუმი შეძლეს. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება კარგად და გარკვევით წარმოთქვან ტექსტი. ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია (ზუსტად გადანაწილებული სუნთქვა, კარგი მეტყველება, ხმა, ტემბრი) რუსკა მაყაშვილის გრძელი მონოლოგი. შემსრულებლებისთვის ოდნავ დაუძლეველია სარა კეინის ტექსტში ძალიან ლოგიკურად და ზუსტად ჩასმული უცენზურო სიტყვების ძალიან ბუნებრივად წარმოთქმის საკითხი, რისი გამოსწორებაც ადვილად შეიძლება...

„მშვენივრად მომეხსენება, რასაც ვაკეთებ”, – ამბობს საკუთარ ნაწარმოებში ავტორი, რომელიც 1999 წლის 18 თებერვალს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. იქ ორი დღის შემდეგ, თავი საკუთარი ფეხსაცმლის თასმით ჩამოიხრჩო. მისი სიკვდილამდელი აღსარება შეგიძლიათ უკვე საქართველოშიც მოისმინოთ და დარწმუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული სამყაროში, სადაც ასე რთულია თავისუფლების მოპოვება და ძნელად მოიძებნება წამალი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას აზრს შესძენს.

 

კომენტარები