გადასახადები

გადასახადების გადახდის სიმარტივის ინდექსი 2012

0 კომენტარი

მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აუდიტორულმა საკონსულტაციო კომპანიამ – PriceWaterhouseCooper – გადასახადების გადახდის სიმარტივის 2012 წლის ინდექსი გამოაქვეყნეს. რეიტინგის მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის 39-ე, ხოლო ევროპის 44 ქვეყანას შორის, მე-12 ადგილზეა. საქართველოს ინდექსი მსოფლიო და ევროპის საშუალო მაჩვენებლებზე მაღალია.

კვლევა, მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივი კომპანიებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადასახადების გადახდის სიმარტივეს ზომავს. 2012 წლის კვლევა ერთმანეთს ადარებს მსოფლიოს 183 ქვეყნის საგადასახადო სისტემებს სამი დამოუკიდებელი ინდიკატორის მიხედვით: გადასახადების რაოდენობა, მათი საშუალო განაკვეთი და ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯული დრო. მისი მიხედვით, საქართველოში სულ 4 გადასახადია. მათი საშუალო განაკვეთი 14%-ია. საჭირო დოკუმენტების შეგროვება-შევსებას კი საშუალოდ 152 საათი სჭირდება. 

გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, საქართველო ყველა თავის უშუალო მეზობელ ქვეყანაზე – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – საშუალოდ 50 ადგილით წინაა. მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივი კომპანიები, საშუალოდ 13-ჯერ ნაკლებ გადასახადს იხდიან. ამ გადასახადების საშუალო განაკვეთი კი, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, 74%-ით დაბალია. გადასახადების გადახდისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება-შევსებისთვის საჭირო დროის მიხედვით, საქართველო ჩამორჩება სამ მეზობელ ქვეყანას – აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთს. 

წინა წელთან შედარებით, რეიტინგში საქართველომ 22 საფეხურით წინ წაიწია. მთავარი მიზეზი დღგ-ს გადამხდელებისთვის გადასახადების გადახდის გამარტივება და საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად შევსების სისტემის ამოქმედებაა. ეს უკანასკნელი 2012 წლის ინდექსისთვის ყველაზე დამახასიათებელი რეფორმაა: ელექტრონული დეკლარაციების სისტემა 66 ქვეყანამ დანერგა. 

სამი საერთაშორისო ორგანიზაცია ინდექსს 7 წლის მანძილზე ყოველწლიურად აქვეყნებს. მოცემულ პერიოდში 60%-ზე მეტმა ქვეყანამ გაამარტივა გადასახადების გადახდა. მსოფლიო მასშტაბით კი ამ მიმართულებით 244 რეფორმა გატარდა. 

2006 წელთან შედარებით, 2011 წელს გადასახადების საშუალო განაკვეთი გლობალურად 8.5%-ით, ბიუროკრატიისთვის საჭირო დრო 54 საათით და გადასახადების საშუალო რაოდენობა 5-ით შემცირდა. 

საშუალო ზომის ადგილობრივ კომპანიას მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ ყოველწლიურად 28.5 გადასახადის გადახდა უწევს. თითქმის შვიდ კვირას ანდომებს გადასახადების გადახდისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება-შევსებას და თავისი მოგების საშუალოდ 44.8%-ს გადასახადებში იხდის. საშუალო ზომის ადგილობრივ კომპანიებს ბიუროკრატიაზე ყველაზე ნაკლები დრო – 195 საათი – OECD-ის ქვეყნებში, ხოლო ყველაზე მეტი – საშუალოდ 382 საათი – ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში ეხარჯებათ. კომპანიები ყველაზე მეტ გადასახადს – ყოველწლიურად საშუალოდ 38-ს – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ყველაზე ცოტას – საშუალოდ 13-ს – OECD-ის ქვეყნებში იხდიან. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები