ევროკავშირი

ბრიტანეთის შემდეგ ჩეხეთიც უარზეა

როგორც ჩანს, ევროკავშირის ფისკალური დისციპლინის შეთანხმებას, 27 წევრი ქვეყნიდან, მხოლოდ 25 მოაწერს ხელს. ფისკალური კონტროლის გამკაცრების ხელშეკრულება ბრიტანეთმა ჯერ კიდევ დეკემბერში უარყო. მას შემდეგ, დანარჩენ 26 სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 

30 იანვარს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ამ ეტაპზე პაქტს ხელს არ მოაწერს. თუმცა ნეჩასი არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულებას მომავალში შეუერთდება. მოლაპარაკებების გარეშე აცესიას შეთანხმების მე-15 პუნქტი ითვალისწინებს. ნეჩასმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზეზებიც დაასახელა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 17 ევროზონის წევრია (მათი ვალუტა ევროა). ხელშეკრულების მიხედვით, ევროზონის ქვეყნების სამიტებზე მონაწილეობის მიღება ევროკავშირის დანარჩენ წევრებს შეზღუდული ექნებათ. ამას გარდა, ნეჩასის აზრით, ხელშეკრულება არასაკმარის ყურადღებას უთმობს საჯარო ვალს. კიდევ ერთი მიზეზი რატიფიკაციასთან დაკავშირებული სირთულეებია. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ვეტოს დაადებს. თუმცა მას პრეზიდენტობის ვადა 2013 წელს გასდის, რამაც რატიფიკაციის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგიდან მოხსნას.

იანვრის ბოლოს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგებოდნენ. ევროზონის სამიტებში მონაწილეობის შეზღუდვის გამო არც პოლონელებს სურდათ შეთანხმების ხელმოწერა. ჩეხეთის მსგავსად, არც პოლონეთი არის ევროზონის წევრი. საბოლოოდ მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს: ევროზონის სამიტებში ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მიიღებენ მონაწილეობას. მეორე მხრივ,  მათ შეეძლებათ იმ სამიტებში ჩართვა, რომელთა მთავარი თემა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ევროზონის არქიტექტურის შეცვლა იქნება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, რომ 25 ქვეყნის ხელმოწერაც წარმატებაა. მან ევროპის ერთიანობაზეც ისაუბრა. ენთუზიაზმი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა არ გაიზიარა. მისი აზრით, ხელშეკრულება ევროკავშირს კრიზისს ვერ დააძლევინებს, რადგანაც ორგანიზაციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას არ ეხება.

კამერონი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრიტანელმა ევროსკეპტიკოსებმა მაინც გააკრიტიკეს. თავდაპირველად მას არ სურდა ხელშეკრულების იმპლემენტაციის უზრუნველყოფითა და მისი პირობების შესრულების ზედამხედველობით, ევროკომისია და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო დაკავებულიყვნენ, რადგან ხელშეკრულებას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ შეუერთდება. თუმცა ბრიუსელის სამიტზე კამერონმა პოზიცია შეარბილა. მან ბრიტანელები დაამშვიდა – ხელშეკრულება ბრიტანეთს ვალდებულებებს ვერ დააკისრებს. პრემიერის განცხადებით, ის ქორის თვალით დააკვირდება ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას.

ხელშეკრულების მიზანი ხელმომწერ ქვეყნებში დაბალანსებული ბიუჯეტის უზრუნველყოფაა. საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში, ქვეყნებს შესაბამისი მექანიზმებიც უნდა ჰქონდეთ შემუშავებული. პაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს შეეძლება ქვეყანას ჯარიმა დააკისროს, ჯარიმამ შეიძლება ამ სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 პროცენტს მიაღწიოს. ევროზონის წევრი ქვეყნების დაჯარიმებიდან ამოღებული თანხები ე.წ. ევროპული სტაბილურობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც ივლისში შეიქმნება. დანარჩენი სახელმწიფოების მიერ გადახდილი ჯარიმები კი პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება. 

კომენტარები