ფიქლი

ფიქლის პერსპექტივა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფიქლის გაზი გეოპოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. მისი წარმატების ისტორია ამერიკას უკავშირდება. თუმცა ბოლო დროს ევროპა აქტიურად ცდილობს ამერიკის რეკორდის მოხსნას. ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ფიქლის გაზს ითვისებს.

ევროპა დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. ვლადიმირ პუტინის პირად კომპანიად წოდებული ენერგოგიგანტი გაზპრომი კი ბინძურად თამაშობს. გამონაკლისი არც თებერვლის თვე გამოდგა. 2009 წლის მსგავსად, რუსეთმა ევროკავშირის ცხრა ქვეყანას – იტალიას, პოლონეთს, ავსტრიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, უნგრეთსა და რუმინეთს გაზის მიწოდება მოულოდნელად 25%-ით შეუმცირა.

ევროპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფიქლის გაზის რეზერვები ნამდვილი ხსნაა. უახლესი შეფასებებით, ევროპის რეზერვები 194.8 ტრილიონ კუბურ მეტრ ფიქლის გაზს შეიცავს. ამერიკასთან შედარებით, ეს მოცულობა 68 ტრილიონით ნაკლებია.

ამერიკის ფიქლის რევოლუცია 20 წელია დაიწყო. შედეგები ამერიკამ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იგრძნო. 2000 წლიდან წარმოება 12-ჯერ ანუ 1.5 ტრილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. სხვადასხვა გათვლებით, 2035 წლამდე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს. ფიქლის გაზმა წარმოების ხარჯები ხუთმაგად შეამცირა. აქამდე ამერიკა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე იყო დამოკიდებული. მალე ის შეიძლება გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

ევროპის პირველადი ამოცანა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ფიქლის გაზის პოტენციალის ათვისების მხრივ, უკრაინა და პოლონეთი განსაკუთრებით აქტიურობენ. 2011 წლის ნოემბრიდან, რაც გაზსადენი – ჩრდილოეთის ნაკადი – საზეიმოდ გაიხსნა, ფიქლის გაზი მათთვის კიდევ უფრო ღირებული გახდა. ჩრდილოეთის ნაკადი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის და გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის ინიციატივაა – ბუნებრივი გაზი ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით რუსეთიდან პირდაპირ გერმანიას მიეწოდება. ეს გზა ფასს ამცირებს. თუმცა პოლონეთი და უკრაინა ტრანზიტული ქვეყნების ფუნქციას, შესაბამისად, შემოსავალს და გავლენის ბერკეტებს კარგავენ. აქედან გამომდინარე, თავიანთი რეზერვების დამუშავება ევროპის სხვა ქვეყნებზე ადრე გადაწყვიტეს.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს (EIA) უახლესი, 2011 წლის კვლევის მიხედვით, ამ ორ ქვეყანას შორის ფიქლის გაზის უფრო მეტი – 5.3 ტრილიონი კუბური მეტრი – მარაგი პოლონეთს აქვს. პოლონეთი ყოველწლიურად საშუალოდ 14 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. არსებული რეზერვებით 200-300 წლის მანძილზე ადგილობრივი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.

პოლონეთმა შიდა მოთხოვნა რომ უზრუნველყოს, რუსეთს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდება. ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 80% რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მოდის. პოლონეთმა თუ გაზი ექსპორტზე გაიტანა, რუსეთმა შეიძლება სხვა ბაზრებიც – უკრაინა, ბალტიის ქვეყნები – დაკარგოს. გაზპრომის მთელი ბიზნესმოდელი ეჭვქვეშ დადგება.

ამ დრომდე გაზის სასურველი, მომგებიანი რაოდენობის მიღება, ვერ ხერხდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა – Exxon, Lane Energy, 3Legs Resources და BNK Petroleum – პოლონეთსა და უკრაინაში ფიქლის გაზის მხოლოდ მცირე მოცულობას მიაგნეს. მსგავსი შედეგების შესახებ, შარშან, შვედეთში Shell-მა, 2010 წელს კი უნგრეთში Exxon-მა განაცხადა. საფრანგეთმა და ბულგარეთმა ფიქლის გაზის მოპოვების მეთოდი – მაღალი წნევის წყლის ჭავლით ქანების დაშლა და გაზის გამოთავისუფლება – გარემოს დაცვის მოსაზრებებით აკრძალეს.

თუმცა ფიქლის გაზის რეზერვების ათვისების მთავარი წინაღობა მაინც მისი წარმოების ფასია. ამერიკასთან შედარებით, ევროპაში ფიქლის გაზის წარმოება უფრო ძვირია. ევროპული გეოლოგია ამერიკულზე ნაკლებად მიმზიდველია. ფიქლის წარმონაქმნები მიწის ქვეშ უფრო ღრმადაა ჩამარხული და ამოღება რთულია. ამერიკას ნავთობის და გაზის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. შესაბამისად, დაგროვდა ცოდნაც და ტექნიკაც. ევროპას ასეთი რამ არ გააჩნია. 2008 წელს, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ამერიკაში 1600 ჭაბურღილი მუშაობდა. ევროპაში მხოლოდ ასი. ამერიკის უფრო კონკურენტული ბაზარი ფასს ამცირებს. Deutsche Bank-ის შეფასებით, ევროპაში გაზის ერთი ჭის საშუალო ფასი 14 მილიონი აშშ დოლარია. ეს სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ამერიკაში. ამერიკის გაზის ინდუსტრია უფრო დერეგულირებულია – მინერალები მიწის მფლობელის საკუთრებაა. ევროპაში კი, როგორც წესი, სახელმწიფოს ეკუთვნის. ამერიკელი კერძო მესაკუთრეები ფულზე და მოგებაზე ფიქრობენ. ევროპაში კი – ჭის გაბურღვასთან დაკავშირებულ ძალისხმევაზე. ამერიკაში, შიდა ტერიტორიაზე მილსადენების ქსელის გამო, ფიქლის გაზის მიწოდება ადვილია. ევროპას ასეთი ქსელი არ აქვს.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ფიქლის გაზის ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს, ჩინეთია. ამ ქვეყანას, წინასწარი გათვლებით, შესაძლოა ევროპასა და ამერიკაზე მეტი მარაგი ჰქონდეს. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს (EIA) 2011 წლის კვლევის მიხედვით, ჩინეთში 383.1 ტრილიონი კუბური მეტრი ფიქლის გაზია. პოტენციალის ათვისების კუთხით, ჩინეთი დღეს იქაა, სადაც ამერიკა 2001 წელს იყო: კვლევების ჩატარებამდე, თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალებს და საერთაშორისო მილსადენებს აშენებს. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყნის უმსხვილესი გაზის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია PetroChina 200 ჭის აშენებაზე აქტიურად ალაპარაკდა. ჩინეთის მიერ ფიქლის გაზის ბაზარზე გამოჩენა ირანის შემოსავლებს შეამცირებს: ქვეყანა ნავთობის და გაზის დიდ წილს ჩინეთზე ყიდის. ეს რუსეთისთვის კიდევ ერთი ცუდი ამბავია: თუ ევროპა, ამერიკა და ჩინეთი საკუთარ ტერიტორიაზე მეტ გაზს აღმოაჩენენ, მსოფლიოს ენერგეტიკული რუკა შეიძლება სტაბილური გახდეს.

 

კომენტარები