სამხედრო სამსახური

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინა. დღეისათვის წვევამდელები 12 თვეს მსახურობენ. 

როგორც ტაბულას კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა კახა სუხიშვილმა განუცხადა, ამ ინიციატივის მიზანი შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებთან  მიახლოებაა. „წვრთნების პროგრამა, ტაქტიკური, თეორიული და ფიზიკური მეცადინეობები, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული, 12 თვის ვადაში ვერ თავსდება”, – აღნიშნა სუხიშვილმა. დეპუტატის თქმით, ამის გამო საწვრთნელი პროგრამის დამატებით გავლა, უკვე რეზერვისტებს უწევდათ. 

სუხიშვილის მტკიცებით, 15 თვე მინიმალური ვადაა. მისი თქმით, კანონპროექტი ევროპის ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება. 

დღეისთვის NATO-ს 28 სახელმწიფოს  შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ ოთხ მათგანში – ესტონეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ნორვეგიაში – მოქმედებს.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევა 15 თვით ხდება – უმაღლესი განათლების არმქონე პირებისთვის. უმაღლესი განათლების მქონენი კი, 12 თვის განმავლობაში ოფიცრებად, ან 6 თვით – რიგითებად მსახურობენ.

ნორვეგიაში სამხედრო სამსახურის ვადა 19 თვეა. თუმცა, აქედან მხოლოდ 12 თვეა სავალდებულო. კიდევ 7 თვის განმავლობაში წვევამდელთა დაახლოებით ნახევარი, ნებაყოფლობით, სამსახურს სარეზერვო ქვედანაყოფებში განაგრძობს.  

საბერძნეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 9 თვით განისაზღვრება. ესტონეთში – 8-დან 11 თვემდე, ჯარის სახეობისა და წვრთნების პროგრამის მიხედვით. ქვეყნის მთავრობა სამსახურის ვადის 6 თვემდე შემცირების საკითხს განიხილავს, თუმცა მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას ჯერჯერობით არ გეგმავს. 

გერმანიაში სამხედრო გაწვევა მხოლოდ გასულ წელს შეჩერდა. ერთი წლით ადრე კი სამსახურის ვადა 9-დან 6 თვემდე შემცირდა. თუმცა, გერმანიაში გაწვევა არ გაუქმებულა – შესაბამისი კანონმდებლობა ძალაში რჩება და საჭიროების შემთხვევაში გაწვევის განახლება არის შესაძლებელი. იგივე წესი მოქმედებს აშშ-ში, სადაც გაწვევა 1973 წელს შეწყდა. თუმცა, პოტენციურად გასაწვევ მოქალაქეთა რეგისტრაცია კვლავაც სავალდებულოა.  

სავალდებულო სამხედრო სამსახურზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ უარი 90-იან წლებში, ცივი ომის დასრულების შემდეგ თქვა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა კი – 2000-დან 2008 წლამდე. 

გაწვევა დღემდე მოქმედებს ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში. ფინეთში წვევამდელები 6-დან 12 თვემდე მსახურობენ (წვრთნების პროგრამისა და მისანიჭებელი სამხედრო წოდების მიხედვით). ავსტრიაში – 7 თვეს. შვეიცარიაში წვევამდელები პერიოდულად რამდენიმეთვიან ან რამდენიმეკვირიან წვრთნებს გადიან. თუმცა, აქვთ შესაძლებლობა, ამის ნაცვლად 300-დღიანი უწყვეტი სამსახური აირჩიონ.   

მუდმივი საგარეო საფრთხის პირობებში მყოფ ისრაელში შეიარაღებულ ძალებში მამაკაცებს (3 წლით) და ქალებსაც (2 წლით) იწვევენ. 

საქართველოში წელიწადში ორი – საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევა ხორციელდება. გაწვევის გეგმა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით მტკიცდება – თავდაცვის სამინისტროს, ასევე შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოთხოვნების შესაბამისად. 2012 წლის საგაზაფხულო გაწვევის გეგმის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს რიგებში გაწვევას 2337 მოქალაქე ექვემდებარება, შსს-ში – 1300, სასჯელაღსრულების სამინისტროს ქვედანაყოფებში – 650.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეფორმების დაწყების შემდეგ, ჯარის კონტრაქტით მოსამსახურეებით დაკომპლექტება დაიწყო. 2007-2009 წლებში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში გაწვევა მხოლოდ ერთხელ – 2008 წლის გაზაფხულზე განხორციელდა (1900 წვევამდელი). მთლიანად საკონტრაქტო არმიაზე გადასვლას სამხედრო უწყება 2009 წელს გეგმავდა. 

თუმცა, რეგულარულ სამხედრო ნაწილებში წვევამდელთა გაწვევა 2010 წლიდან ისევ განახლდა. 2010 წელს შეიარაღებულ ძალებში 2 ათასი წვევამდელი გაიწვიეს. 2011 წელს კი გაწვევის გეგმა გაიზარდა. სულ გასულ წელს 13 ათასამდე მოქალაქე გაიწვიეს, აქედან უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში – 7 ათასამდე. 

კანონის თანახმად, გაწვევას საქართველოს ყველა მოქალაქე (18-დან  27 წლამდე) ექვემდებარება, მათ გარდა, ვინც შეღავათებით ან გადავადების უფლებით სარგებლობს. გასული წლის საშემოდგომო გაწვევის გეგმა მთლიანად შესრულდა – 7 ათასზე მეტი წვევამდელი გაიწვიეს. სამხედრო სამსახურისგან გადავადება 8 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. საქართველოს რეგიონებიდან ახალწვეულები დაახლოებით თანაბარი ოდენობით გაიწვიეს. 2700 წვევამდელი ტერიტორიული პრინციპით – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმსახურებს. დანარჩენები –  ყაზარმული წესით. 

240-მა ადამიანმა ალტერნატიული სამსახური არჩია. 18-თვიან შრომით სამსახურს ისინი სამაშველო და სახანძრო სამსახურებში, ასევე ჯანდაცვის დაწესებულებებში გაივლიან. 

დღეისთვის გაწვევას დაქვემდებარებულთა რიცხვი, შეიარაღებული ძალებისა და სხვა უწყებების მოთხოვნებს აღემატება. გაწვევას ამჟამად რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, რომელიც გეგმას თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით ანაწილებს. თუ ვის გაიწვევენ – მკაცრი  კრიტერიუმი არ არსებობს – გამწვევი კომისიები ამას ადგილზე წყვეტენ. 

კახა სუხიშვილის თქმით, მიმდინარე წლის გაწვევის გეგმა მნიშვნელოვნად გაიზრდება – სულ 17 ათასამდე მოქალაქე დაექვემდებარება. მათგან 10 ათასამდე, უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში მოხვდება.  

დეპუტატის განმარტებით, მომავალ წლებში, დემოგრაფიული მიზეზებით, შეიარაღებული ძალები შესაძლოა რესურსის დეფიციტის წინაშეც აღმოჩნდნენ. მომდევნო წლებში გასაწვევთა რაოდენობა მხოლოდ 24 ათასი იქნება, აქედან ნახევარს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გაიწვევენ.

წვევამდელები დღესდღეობით რეგულარული ჯარის ნაწილებში მსახურობენ, თუმცა, კონტრაქტით მომსახურეებისგან განსხვავებულ  წვრთნების პროგრამას გადიან. საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთის ოპერაციაში, მხოლოდ კონტრაქტით მომსახურეები იგზავნებიან ნებაყოფლობით.  

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის მხოლოდ შემდეგი, საშემოდგომო გაწვევის დროს გაწვეულებზე გავრცელდება. შესაბამისად, ეფექტს შეიარაღებული ძალების მომზადების თვალსაზრისით, მომავალი წლის ბოლოსთვის გამოიღებს.  

საქართველოში შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების დღეს მოქმედი წესი, ძირითადად შეესაბამება ცალკეული განვითარებული ქვეყნების, მათ შორის NATO-ს წევრთა, გამოცდილებას. თუმცა, ეწინააღმდეგება რამდენიმე წლის წინ დეკლარირებულ მიზანს, რაც მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლას ითვალისწინებს. ამის ნაცვლად დღეს თავდაცვის სამინისტრო ახალწვეულთა რაოდენობას და მათი სამსახურის ვადას ზრდის. 

კახა სუხიშვილის თქმით, დღეს კონტრაქტით 4 ბრიგადაა დაკომპლექტებული, თუმცა, „მთლიანად საკონტრაქტო არმიაზე გადასვლა ფუფუნება იქნებოდა. ეს დიდ საბიუჯეტო ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც სახელმწიფოს დღესდღეობით არ აქვს”. 

მისი თქმით, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლაზე. თუმცა კონკრეტული ვადის დასახელება შეუძლებელია. 

კომენტარები